ყურადღებას ვთხოვთ:
საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.
„ინტელიგენციის ქართული“
(ციკლიდან: „ო, ენავ ჩემო!..“)
ლექსიკონი ასე განმარტავს: „ინტელიგენცია – საზოგადოების სოციალური ფენა, რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან. იმ პირთაგან, რომელთაც აქვთ განათლება და სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის სხვადასხვა დარგში“...
შეიძლება სხვამ სხვაგვარად განმარტოს, მაგრამ ფაქტია – ინტელიგენტისათვის განათლება და სპეციალური ცოდნა მეცნიერების რომელიმე დარგისა – მთავარ პირობად სახელდება...
ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა შუაშია ამ რუბრიკასთან („ო, ენავ ჩემო!..“) ინტელიგენციის თემაო. გავიხსენოთ: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ქართული ენის პრობლემებზე საუბრისას განსაკუთრებულ როლს სწორედ ინტელიგენციას აკისრებდა:
„ქართულ ლიტერატურულ ენას ქართველი ინტელიგენცია ჰქმნიდა და ეხლაც იგივე ჰქმნის, მაგრამ, თუ რამ ირყვნება და ლპება, ესეც უმეტესად მასვე უნდა მიეზღოს. უფლებაც მისია და პასუხისმგებლობაც!..“
ეს ზოგადად. უფრო კონკრეტულად? – მძიმე მოსასმენია მწერლისეული შეფასება: „ამ ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილი თითქო დამუნჯდა: ენას უკიდებს, ბორძიკობს, წამებით ეძებს სიტყვას, ძლივს პოულობს, უმალვე კარგავს და ისევ ეძებს. მისი ქართული გახმა, მოიკრუნჩხა, დაიხლართა, დამძიმდა. აღარც ძველი ნათელობა შერჩა, არც გამჭვირვალობა, არც მკაფიობა და მოქნილობა“...
კლასიკოსი გვაფრთხილებს: ეს ყოველივე იმდენად არის საშიში და საგანგაშო, რამდენადაც „ამღვრეული და ბნელი მეტყველება ამღვრეულივე აზროვნების ნიშანია. აზრი სიტყვას ეძებს და როს ვერ პოულობს, უძალოდ ფართხალებს“...
დიახ, ამღვრეული მეტყველება ამღვრეულივე აზროვნების ნიშანია... ესაა მთავარი პრობლემა – ცუდი მოქართულე ვერ გააკეთებ კარგ ქართულ საქმეს! – ასე ფიქრობს მიხეილ ჯავახიშვილი... ნუ ვიდავებთ, არააო ასე... ნურც იმას მეტყვით, ეს საუკუნის წინანდელი აზრიაო – ჭეშმარიტება არ ძველდება...
ჩვენ არ ვაპირებთ თანამედროვე ინტელიგენციის ენის ანალიზს... ვფიქრობ, არ სჭირდება მტკიცება იმას, რომ ქართული ენისადმი ინტელიგენციის ზრუნვა და ინტერესი მინელდა...
დღეს მე ერთ სერიოზულ პრობლემაზე მსურს გავამახვილო ყურადღება: როგორი ქართული იცის ჩვენმა ახალგაზრდობამ (სტუდენტობამ), ჩვენი ინტელიგენციის ხვალინდელმა დღემ... ანუ, ვზრდით თუ არა ჭეშმარიტ ინტელიგენტებს?
ვისაუბროთ ფაქტებით:
2018 წლის ოქტომბერში ჩავატარეთ გამოკითხვა ორ გამორჩეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ სპეციალობებზე. პირველკურსელ სტუდენტებს კითხვარი შევთავაზეთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
პირველკურსელებთან იმიტომ მოვისურვეთ გასაუბრება, რომ სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ მათ გადალახეს ორი სერიოზული ბარიერი ამ საგანში ცოდნის შემოწმებისა – სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ეროვნული გამოცდები; ფაქტია, მათ წარმატებით დაძლიეს ეს პრობლემა და ჩაირიცხნენ პრესტიჟული უნივერსიტეტების პრესტიჟულ სპეციალობებზე... ამას იმიტომ გავხაზავთ, რომ წესით მათი ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე უკეთესი უნდა იყოს...
ვიტყვი იმასაც, რომ ამ გამოკითხვის შედეგები თავის დროზე გავაცანით საზოგადოებას – სატელევიზიო გადაცემაში ვისაუბრეთ ამის თაობაზე რამდენჯერმე, მასალები მივაწოდეთ განათლების სამინისტროსაც... თუმცა... ჩემი ღრმა რწმენით, ვითარება დღითიდღე უარესდება...
მოდით, ჯერ ეს ვთქვათ: გამოკითხვის შედეგები იყო სავალალო (ალბათ, უმჯობესი იქნებოდა გვეხმარა სიტყვა – კატასტროფული).
ქართულ ენაში სამი სახის კითხვა დავსვით:
– რომელ ბრუნვაშია ხაზგასმული სახელი?
– რომელ რიცხვშია ხაზგასმული სიტყვა?
– რომელ მწკრივშია საზგასმული ზმნა?
ამ ნაწილში სტუდენტებს მიეცათ 16 შეკითხვა.
ქართულ ლიტერარტურაში დასმული კითხვები ასეთი იყო:
– რომელი ნაწარმოებიდან არის ეს ციტატა?
– დაასრულე სტროფი.
– სად ხდება მოქმედება ამ ნაწარმოებში, რომელ მხარეში...?
– რომელი საუკუნის ლიტერატურული ძეგლია...?
– „ვეფხისტყაოსნიდან“: რომელი ქვეყნიდან არის პერსონაჟი...? რომელი პერსონაჟი ამბობს ამას...?
ამ ნაწილში 25 შეკითხვა დავსვით... შევეცადეთ კითხვები ყოფილიყო იოლად ამოსაცნობი. მაგალითად:
– რომელი ნაწარმოებიდან არის: „დაჯდა წერად ანდერძისად“... ან: „ვაზირი, სახელად სედრაქ“... და სხვა.
– დაასრულე სტროფი: „დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ“...
– რომელი საუკუნის ლიტერატურული ძეგლია ი. ჭავჭავაძის „აჩრდილი“... და სხვა.
სულ გამოვკითხეთ 151 პირველკურსელი.
ქართულ ენაში დასმულ კითხვებზე სწორი პასუხი გასცა 40%-მა; (ვერ ამოიცნეს სწორად: სახელის ბრუნვა – 54%-მა, სახელის რიცხვი – 36%-მა, ზმნის მწკრივი – 90%-მა)...
ქართული ლიტერატურის კითხვებს სწორად უპასუხა 55%-მა. ისეთ კითხვაზე, მაგალითად, როგორიცაა – „რომელი საუკუნის ლიტერატურული ძეგლია ი. ჭავჭავაძის „აჩრდილი“? – ვერ უპასუხა სწორად 43%-მა. უცნაური ის არის, რომ პასუხებში დასახელდა მე-7-დან მე-20-ის ჩათვლთ ყველა საუკუნე!..
დამეთანხმებით, უმძიმესი შედეგებია... (თუ ვინმე დაინტერესდება, შეგვიძლია ეს მასალები გავაცნოთ...)
უფრო მძიმე ვითარებაა სკოლაში. მსგავსი გამოკითხვა მე-12 კლასებშიც ჩავატარეთ... აღარ გადაგტვირთავთ სტატისტიკით...
ამგვარი შედეგების გამომწვევ მიზეზებზეც შეიძლება ვისაუბროთ... დამნაშავე ყველა ვართ: ოჯახიც, სკოლაც და საზოგადოებაც...
სამწუხაროდ, ეროვნული გამოცდების ჩატარების პრინციპია ისეთი, აბიტურიენტმა შეიძლება არ იცოდეს რამდენი ბრუნვაა ქართულში; არ ჰქოდეს წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“; ან ილიას, აკაკის, ვაჟას ნაწარმოებები და მიიღოს უმაღლესი შეფასება!... ასე ხდება უწიგნურობისა და უცოდინარობის წახალისება... ეს ერთი მხარეა ჩვენი უბედურებისა... თუმცა ეს საუბარი შორს წაგვიყვანს...
როგორ ფიქრობთ, ამგვარი ცოდნის პატრონი მ. ჯავახიშვილის დროინდელ ინტელიგენტზე უკეთესი ქართულით ილაპარაკებს? – ნამდვილად არა!...
კი, ბატონო, დავაბრალოთ ოჯახს, სკოლას, მაგრამ გადაბრალებით ვითარება არ გამოსწორდება. სად არის გამოსავალი? – სკოლაში ქართულის სწავლების საკითხები რომ სერიოზულ მოგვარებას საჭიროებს, ეს ერთი მხარეა პრობლემისა; ამის თაობაზე სხვა დროს ვისაუბროთ; დღეს სხვა კუთხით მინდა დავსვა საკითხი:
ამასწინათაც გავიხსენეთ: 1978 წლის 14 აპრილის მოტანილი ერთ-ერთი სიკეთე ისიც იყო, რომ ერთი წლის შემდეგ (1979 წლის 12 აპრილს) საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება – „რესპუბლიკის სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“. სწორედ ამ დადგენილების შედეგი იყო ის, რომ რესპუბლიკის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ყველა სპეციალობაზე შემოღებული იქნა ქართული ენის სწავლება („ქართული მეტყველების კულტურა“); შეიქმნა ამ საგნის სახელმძღვანელოები, პრაქტიკული სავარჯიშოები... ეს იყო ქართული ენის სწავლების საქმეში დიდად წინგადადგმული ნაბიჯი (დამეთანხმებიან სპეციალისტებიც და ისინიც, ვინც ეს კურსი მოისმინა)...
კომუნისტების დროს დამკვიდრებული ეს დიდად საჭირო კურსი უნივერსიტეტებში იკითხებოდა 2005 წლამდე...
2003 წელს მოვიდა ახალი ხელისულება და... ისეთი მასშტაბური შეტევა ქართულ ენაზე, როგორიც მათ განახორციელეს, ქართული ენის ისტორიაში არ ყოფილა:
– გააუქმეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია;
– გააუქმეს პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი;
– გააუქმეს ენის სახელმწიფო პალატა;
– გააუქმეს ყველა ჟურნალი და გაზეთი, რომელიც ქართულ ენას ეხებოდა;
– გააუქმეს ყველა ტელე და რადიოგადაცემა ქართული ენის შესახებ;
– შეამცირეს სკოლებში ქართული ენის საათები...
– პირველ კლასში დედაენის საათები გაუყვეს ინგლისურს...
და ამ ტალღაში მოჰყვა უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო კურსი „ქართული ენა“ („ქართული მეტყველების კულტურა“) – ისიც გაუქმდა!...
არ გაჭრა ჩვენმა პროტესტმა (თავის დროზე მივმართეთ პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას...); ვერ გადავარჩინეთ საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“... და სააკაშვილ-ლომაიას დამკვიდრებული „ტრადიცია“ გრძელდება... .
დღეს, ახალგაზრდობის მიერ ქართული ენის ცოდნის სავალალო დონის პირობებში, ხომ არ დადგა დრო, ქართული ენის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოვასწოროთ? დღეს შექმნილი მძიმე რეალობის გათვალისწინებით (ქართული ენის ცოდნის დონეს ვგულისხმობ), ხომ არ დადგა დრო, უმაღლეს სასწავლებლებში აღვადგინოთ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“?..
იქნებ იქცეს ეს საკითხი, ერთი მხრივ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და , მეორე მხრივ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მსჯელობის საგნად....
წინააღმდეგ შემთხვევაში აღვზრდით ისეთ
„ინტელიგენტებს“, მიხეილ ჯავახიშვილი რომ ახასიათებდა... ეს იქნება დიდი დანაშაული ქართული ენისა და საქართველოს წინაშე!...
გიორგი გოგოლაშვილი
იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე
„საქართველოს რესპუბლიკა“, 26-27 აპრილი, 2021 წ.