„მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი მოვიდა არჩევნების შედეგად, მან დღის წესრიგში დააბრუნა გარემოს დაცვისა და ზოგადად ეკოლოგიური საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგში და ამან პრიორიტეტული ადგილი დაიკავა, რაც თვალსაჩინოა დედაქალაქში“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რომ დედაქალაქში ყველა დიდ მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცის განახლება და რეაბილიტაცია ხორციელდება და ამასთან ერთად არის ახალი, საქალაქო მნიშვნელობის პარკების მშენებლობის პროექტები.
„რაც შეეხება ვაკის პარკს, ეს არის დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამასთან ერთად, ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არა მხოლოდ იქ განთავსებული ობიექტების გამო, არამედ მისი ისტორიული ლანდშაფტიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ფრთხილად მივუდექით მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა. პირველ რიგში ეს იყო სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელიც გახდა ასე გზამკვლევი ჩვენთვის, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმა სამუშაოები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის გამზირიდან შესასვლელი პორტალი თავისი კიბეებით. ვაკის პარკი იყო პირველი ტერიტორია, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სცადეს უკვე დიდტანოვანი ნერგების გადარგვა და ის ამითაც უნიკალურია.
ის შადრევნების წყება, რომელიც პარკს მიუყვება და რომლის აღდგენაც ახლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სრულდება იმ ლამაზი ტერასული კასკადით, რომელიც პარკს შემდგომ პერიოდში - 1975 წელს შეემატა.
100%-ით, ერთი-ერთში აღდგება იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც პირველად იყო აღდგენილი. პირდაპირი რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა დეტალი პირვანდელ მდგომარეობამდე უნდა იყოს აღდგენილი. მათ შორის ის ფილები, რომელიც არ არის ამორტიზებული და რომლის შენარჩუნება შეიძლება და რესტავრაცია, ჩვენ ის ფილებიც უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.