„ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.
ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.
ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.
ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...
მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - წერს გურული.