logo_geo
eng_logo
ძალიან დილა მშვიდობისა!
- +

15 ივლისი. 2016. 03:16

 

 

დღეს მართლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამინდს, იმასაც კი, ამოვა დილიდანვე მზე, ცოტა გაგვაწვალებს და მერე დაგვიანებული, ეფექტურად შემობრძანდება, თუ საერთოდ რამე ეწყინა და ერთი დღით გაგვებუტება...

დღეს უმზეოდაც მზე არის ყველგან... ჰაერში... გულში... ხასიათში... და თუ არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ არ გახსოვთ, რომ ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა ბატონი ნოდარ დუმბაძე...

ხომ ხედავთ, ეს ვთქვი და გაგეღიმათ და სითბო ჩაგეღვარათ, რადგანაც იმისთვის, რომ გულში მზე აგენთოთ და მისი სხივებით გათბეთ, მზის ცაზე ამოსვლა სულაც არ არის აუცილებელი... მთავარია ის შენში იყოს და სწორედ ასეთი კაცი-მზე იყო ნოდარ დუმბაძე... რომელიც ერთხელ შემოვიდა ჩვენში და სამუდამოდ დარჩა...


მე ერთი წამითაც არ მივცემ თავს უფლებას შევაფასო ბატონი ნოდარის შემოქმედება, ან მისი ადამიანური თვისებები... ყველამ ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცით... ბატონი ნოდარი ჩვენი სინდისი, პატიოსნება და სიამაყეა...

მე მინდა უბრალოდ ვისაუბრო მის ფენომენზე და მასზე, როგორც მოვლენაზე პირადად ჩემს ცხოვრებაში...

მე ვფიქრობ, რომ ბავშვს თუ თავიდანვე გაზრდი ბატონი ნოდარის ნაწარმოებებზე, თანაც, თუ აუცილებლად მისი ლამაზი საბავშვო ლექსებით დაიწყებ და სწორად, ნიჭიერად და თანმიმდევრულად   მიაცილებ „მარადისობის კანონამდე"  და „თეთრ ბაირაღებამდე"... ოღონდ  ბატონი ნოდარის წერილების გამოუტოვებლად... ის ძალიან კარგი ადამიანი გაიზრდება...

თუკი იუმორის გრძნობაც დაყვება და ბატონი ნოდარის საოცარ ისტორიებს მოუყვები, ხომ საერთოდ...

პირადად მე, სამწუხაროდ, ბატონი ნოდარის საბავშვო ლექსებს  უკვე მაშინ გავეცანი, როდესაც მთლად ბავშვი აღარ ვიყავი და, მიუხედავად ამისა, საოცრად ვიხალისე...  ისეთი ნათელი ენერგეტიკა აქვს და  „მარტივი", თანაც სულ ახალი რითმები, რაც არავის მანამდე არ ქონია, რომ უცებ დამამახსოვრდა... განსაკუთრებით, მიყვარს მისი  ქეთინოს და ბაყაყის დიალოგი, სადაც ბაყაყი იძახის: 

„ცურვა და ყვინთვა რომ ვიცი,

სწორედ იმიტომ ვყიყინებ,

გაბედე, წყალში ჩამოდი,

სულ დაგაწიწკნი კიკინებს!"

 

 

პირველი ნაწარმოები კი, რაც წავიკითხე, იყო მოთხრობა „ძაღლი"...  მე მგონი, იმის მერე გამიჩნდა  განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება  ძაღლებისადმი, ყოველ შემთხვევაში, არ მეშინია და არ მერიდება ამ სიყვარულის გამოხატვა... გახსოვთ, ალბათ - „ძაღლი რის ძაღლია, კაცის ტირილის მიზეზს თუ ვერ მიხვდა..."  არა და, ცოტა რომ გავიზარდე,  თავად მივხვდი, რომ  საყვარელი „ძაღლოს"  იქით, სინამდვილეში რამხელა სიღრმე და სიბრძნეა სწორედ ადამიანური ურთიერთობების...

ვგიჟდებოდი ბატონი ნოდარის ლექსზე „მე თბილისელი ბიჭი ვარ" და კარგად მახსოვს, თბილისში, ჯერ კიდევ გაპრანჭული რომ ჩავივლიდი, მის რიტმს ვუწყობდი ფეხს და სულაც არ მიშლიდა ხელს ის, რომ ვიყავი თბილისელი გოგო და არა ბიჭი... განსაკუთრებით მომწონდა ეს ნაწილი: 

„თუ აჩრდილივით არ მდიე,

ქუჩებში დაგეკარგები"

და აქ ნაბიჯს ვუმატებდი ხოლმე...

მერე ნაბიჯის ნაცვლად გულისცემა მომემატა, როდესაც სოსოიას და ხატიას სიყვარულში ჩავეფლე... მითუმეტეს, რომ მაშინ შემიყვარდა პირველად და შიგნით ვიგრძენი, რას ნიშნავდა - „შენ გხედავ, მზეს ვხედავ და მეტს ვერაფერს"...

მერე... როდესაც პირველად სიყვარულის ნაცვლად ღალატს შევეფეთე... გულგრილობამ გამაკვირვა და უსამართლობამ დამაბნია,  იმისთვის, რომ იგივეთი არ მეპასუხა და, რომ  მაქსიმალურად დავრჩენილვიყავი ნორმალური ადამიანი,  სულ ვცდილობდი, „შუბლის ნამუსის ძარღვი" არ გამეწყვიტა და ცხოვრება არ გამეიოლებინა... არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა, მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის ვცდილობდი...

ვისაც დედა გყავთ, ღმერთმა იმდენ ხანს გიმყოფოთ, სანამ თქვენ კი არა, მას არ მობეზრდებით, მაგრამ ვისაც დედა არ ყავს, იმან ყველაზე კარგად იცის ბატონი ნოდარის ამ სიტყვების ფასი - „დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის?"

და ბოლოს, როდესაც იმდენად "გავიზარდე", რომ ვისწავლე... უფრო სწორედ ვსწავლობ პატიებას და მიმტევებლობას, რაც საოცრად ძნელია... ყველაზე კარგად მესმის ბატონი ნოდარის  „მარადისობის კანონი"  - „ ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..."

ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ბატონი ნოდარის წასვლით, ჩვენ ნამდვილად დავობლდით... რამდენჯერ მიფიქრია, რამდენი კარგი რამის გაკეთების და რამდენი ცუდის არ გაკეთების  სულის ჩამდგმელი იქნებოდა... 

მოხდა ისე, რომ სწორედ ყველაზე დაბნეულ და გურკვეველ პერიოდში, როდესაც ძალიან გვჭირდებოდა მისი შეფასება, მთელ ერს ჭირდებოდა მისი სწორი სიტყვა და გამხნევება, მისი გული, როგორც თავად წერს, „კი არ გაჩერდა,  ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა..."

ბატონ ნოდარს ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი ნანული, რომელშიც ამდენი წელია შორიდან ვარ შეყვარებული  და ორი საოცარი ქალიშვილი - ქეთი და მანანა, რომლებშიც ახლოდან ვარ შეყვარებული...  და კიდევ შვილიშვილები და... შვილიშვილიშვილები... ცხოვრება გრძელდება!

მთავარია, სულ გვახსოვდეს ბატონი ნოდარის ანდერძივით დანაბარები: 

„სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით..."

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner