„ეკონომიკური ზრდის მარტის მაჩვენებელი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი აღემატება არა მარტო კრიზისული 2020 წლის მარტის, არამედ კრიზისამდელი 2019 წლის მარტის მაჩვენებელსაც (1.2%-ით). ეკონომიკის ამგვარი პოზიტიური ტრენდი სრულად ეწერება იმ მოლოდინებში, რაც უკავშირდება ხელისუფლების დაბალანსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და განხორციელებული რეფორმებით დაგროვილ პოზიტიურ კუმულაციურ მუხტს“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის პოსტში, რომელიც ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
ექსპერტის თქმით, 2021 წლის მარტში აშკარად გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესი. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შემდეგ ბოლო 13 თვის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ეკონომიკის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0%-ით, რაც საგრძნობლად აღემატება 2020 წლის თებერვლის 2.2%-იან ზრდას.
იანვრის (-11.5%) და თებერვლის (-5.1%) ვარდნის შემდეგ, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მარტის „ეკონომიკურმა ქამბექმა“ პირველი კვარტალის მიხედვით ფაქტობრივად გაანახევრა წლის პირველ ორ თვეში ჩამოყალიბებული კუმულაციური კლების ტემპი (-4.2% პირველ კვარტალში, ნაცვლად 8.3%-ისა იანვარ-თებერვალში).
ექსპერტის ინფორმაციით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში უკვე მეორე თვეა ფიქსირდება ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამასთან, მარტში ზრდის ტემპი 2.8-ჯერ აღემატება თებერვლის მაჩვენებელს (შესაბამისად, +21.5% და +7.6%). ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ მარტში 5291 ერთეული შეადგინა, რაც 18.1%-ით აღემატება 2020 წლის მარტის თვის და 45.0%-ით - 2021 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელს.
2021 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც ერთი წლის წინანდელ დონეს 25.5 პროცენტით, ხოლო 2021 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 23.4 პროცენტით აღემატება.
„2021 წლის მარტში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკური საქმიანობათა სექტორების უმრავლესობაში, რომლებშიც იქმნება ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 4/5, მათ შორის ტურიზმთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ სფეროებში, როგორიცაა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების გაძლიერება დასტურდება ექსპორტის საგრძნობი ზრდითაც: მარტში ექსპორტი გაიზარდა 30.6%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 23.8%-ით. ამასთან, მარტის ადგილობრივი ექსპორტი (237.9 მლნ. აშშ დოლარი) მეორე საუკეთესო მაჩვენებელია ამ მხრივ რეკორდული 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებლის (245.2 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, ფულადი გზავნილები, რომლებიც პოზიტიურ როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში, 2021 წლის მარტში ასევე მნიშვნელოვნად - თითქმის 1.5-ჯერ (49.5%-ით) გაიზარდა და 188.2 მლნ. აშშ აშშ დოლარი შეადგინა. საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულ წმინდა ტრანსაქციებში მიმდინარე წლის სამივე თვის მიხედვით დამაჯერებლად ლიდერობს იტალია. ამ ქვეყნიდან ტრანსაქციების მოცულობამ იანვარ-მარტში 85.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.9 მლნ. აშშ დოლარით (38.9%-ით) აღემატება რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულ წმინდა ტრანსაქციებს (მათ შორის მხოლოდ მარტში - 5.4 მლნ. აშშ დოლარით და 21.8%-ით).
„2021 წლის მარტში მიღწეული პოზიტიური ძვრების განმაპირობებელი ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ხელისუფლების მაკროეკონომიკური და ანტიკრიზისული პროგრამები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისათვის, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ბაზარზე მყარად დამკვიდრების ხელშემწყობი ღონისძიებები, აგრეთვე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.