ავტორი ნინო ჯიბუტი
„მფრინავი" („Airmen") - ასე ერქმევა ჰოლივუდურ ფილმს, რომელზეც ბელგიაში ცნობილ ქართველ მსახიობ ბონდ მღებრიშვილს იღებენ. მსახიობი ფილმში წარმატებული, გამოცდილი მფრინავის როლს ასრულებს. ფილმის რეჟისორი ოლივერ მარქსია (Oliver Marks), მთავარ როლებს ქრის ბრიანტი და ოლივერ ბისქბაკი (Chris Briant & Olivier Biscback) ასრულებენ.
„სწორედ ასეთი ჟანრის ფილმში მონაწილეობაზე ვოცნებობდი. როდესაც ფილმის გადაღებულ მონაკვეთს ვუყურე, რეჟისორს ვუთხარი, ეს ფილმი ვიცი, „პერლ ჰარბორია"-მეთქი. გაიცინა და მითხრა - ეს ჩვენი ფილმიაო, მაშინ ვეცადე, რომ ემოციები მომეთოკა. გადაღებები ჯერჯერობით პარიზში, ლონდონსა და ამსტერდამში გვქონდა. ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემებზეა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან პერსონაჟს განვასახიერებ", - ამბობს, „რეპორტიორთან" ინტერვიუში მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი პარალელურად მეორე ჰოლივუდურ ფილმზე მუშაობს, სახელწოდებით - „ჩრდილში" (The shadow within). ფილმის რეჟისორი ტიაგო მესქიტაა (Tiago Mesquita), მთავარ როლს კი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი ასრულებს.