მოდელირებული დემოკრატია, სპეცამნისტია მელიასთვის და ყველის ნაჭერი სათაგურში.
- ტყიდან არ გამოვალ, თუ ამა და ამ მოთხოვნას არ შემისრულებთო, - ევაჭრებოდა აბრაგი ხელისუფლებას და, ხშირ შემთხვევაში, მიზანს აღწევდა კიდევაც - უღრან ტყეში უგზო-უკვლოდ მოწოწიალე აბრაგის დევნის ნაცვლად ხელისუფლებას ერჩია, რაღაც დათმობებზე წასულიყო და აბრაგი როგორმე ტყიდან გამოეტყუებინა.
ერთი განსხვავება მაინც არის ტყეში მოშლიგინე აბრაგსა და თბილისის ქუჩებში მოთარეშე პოლიტიკოს ნიკანორს შორის - აბრაგი თუ ტყეში იყო გამაგრებული, ნიკანორი ციხეშია გამაგრებული - ზის არხეინად რკინის კარით და გისოსებით შეჯავშნულ მყუდრო საკანში, კართან დაცვა უყენია, საჭმელ-სასმელი არ აკლია, წყალი უფასო, დენი უფასო, გათბობა უფასო, ზის მორჭმით და მთელ ქვეყანას ეკაიფება - გირაოს არ გადავიხდი, ამნისტიაზე თანახმა არ ვარ, ევროკავშირის თავდებობით არ გამოვალ და როგორც გინდათ, ისე გამომიყვანეთ აქედანო.
- სხვა მექანიზმი არ არსებობს, პატივცემულო და როგორ უნდა გაგათავისუფლოთ, თქვენთვის ახალ კანონს ხომ არ დავწერთ, რა ვქნათ, რა წყალში ჩავვარდეთო, - წუხან ევროპარლამენტში, წუხან აშშ-ის კონგრესში, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების ადმინისტრაციებში და საელჩოებში!
ლამის არის, ნახევარი პლანეტა ნიკანორის ციხიდან დახსნის და გათავისუფლების გზებსა და ხერხებს ეძებს და ვერ მოუძებნიათ.
- სანამ ნიკანორი ციხიდან არ გამოვა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ. ის გამოვა, ჩვენც შევალთ! - პრინციპულ პოზიციაზე დგანან პარლამენტარები, რომლებმაც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი კი მოაწერეს, მაგრამ პარლამენტში შესვლას მაინც არ ჩქარობენ.
რა ეჩქარებათ - წინ კიდევ ოთხი წელიწადი უდევთ და, როცა იქნება, შევლენ.
მერე რა, რომ ამასობაში ქვეყანა ზარალდება და ზიანდება, თუმცა ამათ ხომ დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ქვეყანა სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და საკუთარი ეგოისტური მიზნების გარდა არაფერი აინტერესებთ.
მაინც, რა უნდა ამ პატიმრად თვითდასაქმებულ მელიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ, როგორმე დაეჭირათ.
რა უნდა მელიას და ის უნდა, რომ საკუთარი პერსონა კანონზე ზევით მდგომ, სახელმწიფოზე მაღლა მდგომ მოქალაქედ აღიარონ, რომლისთვისაც ცალკე, ექსკლუზიურად დაიწერება სპეცკანონები, რომლითაც ის ხელშეუხებელი პერსონა გახდება.
სპეცკანონის მიხედვით, მელიას უფლება უნდა მიეცეს, უხელმძღვანელოს შტურმს პარლამენტზე, ნებისმიერ სხვა სახელმწიფო ორგანოზე, მოუწოდოს მოქალაქეებს, ძალისმიერი მეთოდებით შეიჭრან შენობებში და ამისთვის პასუხის მოთხოვნა ვერავინ გაუბედოს.
მელიასთვის სპეციალურად უნდა დაიწეროს სპეცკანონი, არ გადაიხადოს გირაო, არ შეასრულოს სასამართლოს განჩინება, თვითნებურად მოიხსნას ელექტრო-სამაჯური, დემონსტრაციულად მოისროლოს და ხმამაღლა განაცხადოს: ვერ დამიჭერთ! და ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.
თუ მაინც დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ, სასწრაფოდ გამოიცეს მორიგი სპეცკანონი - დამნაშავე მელია უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პერსონალურად მისთვის დაწერილი სპეცამნისტიით.
გათავისუფლებული მელიას სახლის ფასადზე გამოიკრას სპეც-დაფა წარწერით: „აქ ცხოვრობს ნიკანორ მელია, რომლის დევიზია: `ჩემი სახელმწიფოს და მისი კანონების თავზეც გავიარე!“
მელიასთვის გამოიცეს აგრეთვე სპეც-კანონი, რომლის მიხედვითაც მას სიცოცხლის ბოლომდე უფლება ეძლევა, რაც მოეხუშტურება, ის აკეთოს - მოსპოს, გაანადგუროს, მოაწყოს რევოლუციები, დაამხოს ხელისუფლებები და ამისთვის ზედმეტი სიტყვის თქმა ვერავინ გაუბედოს.
მეტი გარანტიისთვის ამ კანონს ხელი უნდა მოაწეროს შარლ მიშელმა, კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა, ქრისტიან დანიელსონმა, ვიოლა ფონ კრამოლმა, სხვებმა და სხვებმა.
ამასთან ერთად, ნიკანორის მამა, ბატონი ანზორი დაჯილდოვდეს სპეციალური მედლით „გმირი შვილის გამზრდელი“.
ამ კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემდეგ დავითხოვოთ მთავრობა, დავითხოვოთ პარლამენტი, მოვახდინოთ სახელმწიფო სტრუქტურების დემონტაჟი, დავშალოთ ქართული სახელმწიფო და მის ნანგრევებზე დავაწეროთ: „აქ იყო ქართული სახელმწიფო, რომელიც ნიკანორ მელიას შეეწირა“.
- ხუმრობთ, ბატონო, თქვენ?! - ეჭვიანად იკითხავს, ალბათ, მკითხველი.
- კი, ვხუმრობთ, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც ნახევარი მაინც სიმართლე არ იქნება.
განა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული ამბები, ექვს თვეზე გაწელილი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა და ბოიკოტი ქართული სახელმწიფოს დასუსტებას და დაძაბუნებას არ ემსახურება?
ამ დასკვნის შემდეგ ლოგიკურად აუხსნელია ჩვენი პარნტიორების თავდაუზოგავი შრომა, დროის და ენერგიის ხარჯვა იმაზე, რომ პარტიები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, პარლამენტში შეიყვანონ.
ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტი ერთპარტიული იქნება, რაც დემოკრატიის წმინდათაწმინდა პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ამიტომ ნებისმიერ ფასად როგორმე უნდა შევიყვანოთ პარლამენტში ეს პარტიები და ამით შევქმნათ მოჩვენებითი, ფასადური დემოკრატიის სურათი?
კი, მაგრამ, ვის სჭირდება მოდელირებული დემოკრატია, რა სარგებლობას მოუტანს ეს ქვეყანას და მის განვითარებას?
დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა-აშშ-იანად, რუსეთისთვის ფრთების შეკვეცაზე და მისი ამბიციების მოთოკვაზე მუშაობს და ამ დროს იგივე ევროპარლამენტი და აშშ იმაზე ჩალიჩობს, ეს პრორუსული ორიენტაციის პარტიები როგორმე პარლამენტში შეათრიონ ძალისძალად?
პარლამენტში შესული ეს პარტიები სხვანაირები გახდებიან, ზნესა და ხასიათს შეიცვლიან და იგივეს არ გააკეთებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ?
დასავლეთმა ვერ დაიცვა საქართველო 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიისგან. დასავლეთი ვერც ახლა ახერხებს დაგვიცვას რუსული სცენარით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც შეიძლება დამანგრეველი ხასიათის აღმოჩნდეს საქართველოსთვის.
მოდელირებული, ფასადური დემოკრატია არ არის ის ბარიერი, რომელიც შეაკავებს ამ სახიფათო აგრესიის ნიაღვარს.
დასავლეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა საქართველოსთან მიმართებაში და ახლა ამ შეცდომების ზღვევის დრო დადგა.
დასავლეთმა შექმნა სააკაშვილი, ეს ახალი ტიპის პოლიტიკური ურჩხული, იმაზე კი არ დაფიქრდა, რომ მასალა, რომლისგანაც ამ მახინას აკოწიწებდა, რუსული წარმოების იყო.
ახლა ეს ურჩხული მის შემქმნელს შემოუტრიალდა და ბოლომდე გაამჟღავნა თავისი ანატომია, თუმცა მის მშვიდობანად გასანეიტრალებლად დასავლეთს უკვე ძალა აღარ ჰყოფნის.
სხვათა შორის, პირველად არ ხდება ასე, როცა დასავლეთს მის მიერვე შექმნილი ურჩხულები უპირისპირდებიან და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
არსებობს ასეთი გამოთქმაც: ფერად რევოლუციებს დასავლეთი აწყობს, ხელისუფლებაში კი რუსები მოდიან.
ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემთხვევაშიც - სააკაშვილს მარჯვენა რუსმა „რეფერმა“ ივანოვმა აუწია გამარჯვების ნიშნად, ხოლო „პროდასავლური ორიენტაციის“ სააკაშვილის ყველა ქმედება მთელი ცხრა წლის განმავლობაში რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.
ვნახოთ, რა გამოვა დასავლეთის მცდელობიდან, პარლამენტში შეიტყუოს „ნაცმოძრაობა“ და იქ ჩაკეტოს მოსათვინიერებლად.
თუმცა, ეს რომ მოხდეს, ჯერ მელია უნდა გამოუშვან გალიიდან. მელიას ახლა სატყუარას როლი აკისრია.
მისი გამოშვება იმ ყველის ნაჭრის ფუნქციას ასრულებს, რომელიც სათაგურში დევს წუწკი თაგვების და ვირთხების სათაგურში შესატყუებლად.
ვფიქრობთ, არც მელიას ციხიდან გამოსვლით და არც პარლამენტში ოპოზიციის შესვლით არაფერი მთავრდება.
უფრო მეტიც, შეიძლება ეს კიდევ უფრო დიდი კონფრონტაციის დასაწყისი გახდეს.
დასავლეთსა და რუსეთს შორის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის პიკს უახლოვდება.
ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი"