ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს.
„2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი პოლიციას არ დაემორჩილა, რის შემდეგად მათი მისამართით განხორციელდა გასროლა.