logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხვთისიაშვილი: მის ხელოვნებას, მის ჯიშს, ნიჭს, ენერგეტიკას სიკვდილი არ უწერია!
- +

1 მაისი. 2021. 00:34

 

 

არტისტის გარდაცვალება!!!

 

"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ. მარადჟამს თქვენი კახი კავსაძე." ასე სრულდება წიგნი, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ გამოვეცით მე და ჩემმა მეუღლემ და რომელიც კახი კავსაძის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ეძღვნება.

 

შეგნებულად არ დავწერე სიტყვა - მოღვაწეობა!!! კატეგორიული უარი მითხრა თავად მან - მე არ ვმოღვაწეობ, მე ვმუშაობ, ვეძებ, ვიბრძვი შემოქმედებითი სრულყოფისთვის... ვიცი, რომ ამას ვერ მოვახერხებ, თუმცა ცდას არ დავაკლებო. არც დაუკლია ცდა!!!

უმძიმესი ცხოვრება გაიარა, თუმცა ძალიან საინტერესო... გამორჩეული მადლიერებით იგონებდა სამ ადამიანს. სულ დასაწყისში მისაღებ გამოცდებზე კომისიის თითქმის სრულმა შემადგენლობამ, თითქოს პირი შეკრესო, უარი თქვეს მის მიღებაზე. ორად-ორმა წევრმა გააპროტესტა ეს ამბავი - კოტე მახარაძემ, რომელსაც სწორედ ის ჯგუფი აჰყავდა როგორც მეტყველების პედაგოგს და ლილი იოსელიანმა, რომელიც კომისიის რიგით წევრად იყო დანიშნული მსახიობის ოსტატობის კათედრიდან.

სიტუაცია პრაქტიკულად შეუქცევადი სჩანდა, თუმცა ამ ორი წევრის დაჟინებამ კომისიის თავმჯდომარეს, კახის კარის მეზობელს - დიდ აკაკი ხორავას ფრთები გაუხსნა აბიტურიენტი კავსაძის მხარდასაჭერად... ასე აღმოჩნდა კახი კავსაძე ინსტიტუტში და სწორედ ამიტომაც ემადლიერებოდა მთელი ცხოვრება ქალბატონ ლილისა და ბატონ კოტეს...

 

მესამე ადამიანი კი უპირობოდ ბატონი რობერტ სტურუა გახლავთ.  ბატონ რობერტთან ინტერვიუ ერთ-ერთი უძვირფასესი მონაპოვარია ზემოთ ხსენებული წიგნისა:

 

"მომწონდა ის, როგორც მსახიობი, თუმცა მაშინ რეჟისორების უმრავლესობა მას, როგორც "შკაფს", ისე უყურებდა... მე მასში დავინახე მსახიობი, რომელიც წამომყვებოდა, დამიჯერებდა, როგორც რეჟისორს... ჩვენი პირველი ერთობლივი წარმატება "მზიან ღამესთან" იყო დაკავშირებული.

სწორედ ამ სპექტაკლიდან დაიწყო კახის პოპულარობა... მერე "ჩალის ქუდი" სოფიკო ჭიაურელთან ერთად. "ხანუმაში" მხოლოდ პროლოგში იყო - ლეონკავალოს "ჯამბაზებიდან" იტალიურ ენაზე არიას მღეროდა და ჟანრში შეჰყავდა მაყურებელი. პრაქტიკულად სპექტაკლის კამერტონი იყო. მერე იყო "საბრალდებო"... რაც შეეხება "ღალატს" - იქ კახი უბრალოდ უნიკალური იყო... კახი იყო ის პირველი მსახიობი, რომელიც წამომყვა იმ ექსპერიმენტზე, რომელიც თეატრმცოდნეებმა ბრეხტისეულად "მონათლეს". მაგალითად "ყვარყვარეში" რამაზი უფრო კახის თამაშიდან გამომდინარე მიხვდა, რა უნდა ეთამაშა და არა ჩემი ახსნა-განმარტებებიდან. შემდეგ... კახის ყვარყვარე აღარ უთამაშია... თუმცა როგორც უაღრესად პატიოსანმა კაცმა, რაინდული კეთილშობილებით გაუძლო ამ განსაცდელს. არადა, ამ როლის ართამაში ვფიქრობ შეცდომა იყო... შემდეგ უკვე "კავკასიური", "ვარიაციები", "ილიკო და ილარიონი", "რიჩარდი", "ას ერგასი", "მეფე ლირი", "იასამანი"... ყველაზე მტკივნეული ისაა, ცხოვრების ბოლოს როცა აცნობიერებ დაუხარჯავი შესაძლებლობების სიმრავლეს. არადა, უკანაც ხომ ვერ დაბრუნდები?"

 

დაუხარჯავი შესაძლებლობების სიმრავლე!!! - რა საოცარი ფორმულირებაა და თანაც როგორ შეესაბამება იმ არტისტის შემოქმედებით ცხოვრებას, რომელმაც სამუდამოდ დაგვტოვა.

 

„...ერთმა დიდმა რეჟისორმა მითხრა შენ შემთხვევით ხარ მოხვედრილი თეატრშიო - და მე ცხოვრების მიზნად დავისახე იმ რეჟისორს ჩემთვის არტისტი ეწოდებინა და ჰოი საოცრებავ... მოვდივარ მანქანით... იმ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ და ეს რეჟისორი აგერ ქუჩაში არ მოსეირნობს?!. გავუჩერე მანქანა. ჩავისვი... მოვიკითხეთ ერთმანეთი... შეკითხვას შეკითხვა მოჰყვა და უცებ ვკითხე - თეატრში როგორ მიდის საქმეები მეთქი... იცით რა მიპასუხა? კახი ერთი-ორი შენნაირი არტისტი რომ მყავდეს, უკეთ იქნებოდა ჩემი საქმეო. ისეთი მუხრუჭი დავარტყი, კინაღამ ორთავე მანქანიდან გადავცვივდით... ამას თქვენ ჩემზე ამბობთ მეთქი? რატომ გაიკვირვეო? როგორ, თქვენ არ მეუბნებოდით, რომ თეატრში შემთხვევით ხარ მოხვედრილიო? სასტიკად იუარა - მსგავსს როგორ ვიტყოდიო. ეს რეჟისორი დიდი მიხეილ თუმანიშვილი გახლდათ და მე მადლიერი ვარ მისი, რომ მომცა ცხოვრების მიზანი მიმეღწია იმისთვის, რომ მას ჩემთვის არტისტი ეწოდებინა...“

 

დიდმა თეატრმცოდნემ ნათელა ურუშაძემ ბრძანა:

 

„კახი კავსაძემ, რომელსაც არ უთამაშია სცენაზე გამორჩეული როლები, ვთქვათ ოტელო, მეფე ლირი, რიჩარდი თუ სხვა, მაინც ბოლომდე შეინარჩუნა ის, რაც იწამა საკუთარ პროფესიაში... და იცით რა იწამა? ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩენაზე ზრუნავდა და ზრუნავს მუდამ... და თანაც ნებისმიერი ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩენაზე ზრუნავდა, ნებისმიერი მიმართულების სპექტაკლში. მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც არის კახი კავსაძე ჭეშმარიტად სახალხო არტისტი.“

 

მისი დამოკიდებულება მაყურებელთან სრულიად განსაკუთრებული იყო. ერთხელ გენადი ხაზანოვთან ერთად ვითამაშე სპექტაკლიო და როდესაც გარეთ გამოვედით, დაგვეხვივნენ თაყვანისმცემლები და ავტოგრაფებს გვთხოვდნენო, გენადიმ იუკადრისა და "ათესვა" დააპირაო, კინაღამ გავგიჟდიო... "მოვკიდე ხელი და პირდაპირ მივახალე - შენ რომ გენადი ხაზანოვი ხარ ამ ხალხის დამსახურებაა... ჰოდა, კეთილი ინებე და რამდენი დროც დაგჭირდება, აი აქ დადექი და ავტოგრაფები გაეცი."

 

მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე "პატარა უფლისწულში" მონაწილეობა. იმ პატარა მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება კახი კავსაძის მასშტაბის არტისტს ცოცხალს რომ მოესწრო. კახიც დაუზარებლად საათობით იდგა სპექტაკლის შემდეგ ფოიეში, გასცემდა ავტოგრაფებს, იღებდა სურათებს და მისით აღფრთოვანებულ პუბლიკას დღესასწაულს უხანგძლივებდა.

 

თავადაც ხომ ასეთი იყო - დღესასწაული კაცი!!!

სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სიკვდილთან. სიცოცხლის დიდ ტრფიალს გარდაცვალების საიდუმლოს ამოხსნა უჭირდა, არც და ვერც ეგუებოდა.

და განა შეგუება იყო მისი ბოლო 29 წლიანი სიცოცხლე ბელას გარეშე? პირადად ვარ შემსწრე როგორ დაიტირა სოფიკო... მალხაზ გორგილაძე... მისი ბავშვობის მეგობარი გივი გადელია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მამუკა კიკალეიშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო... რაღა შორს წავიდე - ჩემი სიდედრ-სიმამრი, მისი ყრმობის მეგობრები იყვნენ - ქალივით მოთქვამდა მათ პანაშვიდებზე... და უცებ ბერიკას გარდაცვალებამ გააქვავა... რამხელა ტრაგიზმი დევს იმ ფოტოში კუბოში ჩასვენებულ გივის რომ დასცქერის უშუალოდ მისი დაკრძალვის წინ... ერთი ცრემლი არ გადმოუგდია.

იქვე შორი-ახლოს ვიდექი, ვუყურებდი ამ კადრს... შემდეგ თავი ნელა აწია, შემთხევით მისი მზერის არეალში მოვხვდი, ჩემსკენ წამოვიდა და თითქმის ჩურჩულით მითხრა: მოკვდა? რატომ მოკვდა? ეს კითხვა თითქმის ყოველდღე მესმოდა ამ ოთხი წლის მანძილზე... ერთხელაც მითხრა - ბერიკას შემდეგ ყველაფერი განაცრისფერდაო... ბოლო განშორებაც ნინკა იყო, მისი სათაყვანებელი ბელას და...  და რამდენს მე არ შევსწრებივარ...

მოკვდა? ახლა მე ვსვამ ამ შინაარსგამოცლილ კითხვას... არა ბატონებო! არტისტი მხოლოდ გარდაიცვალა! მის ხელოვნებას, მის ჯიშს, ნიჭს, ენერგეტიკას სიკვდილი არ უწერია!

P.S. ბერიკასავით ვნების კვირაში წავიდა...

P.S.S. ჰოი საოცრებავ! 40 დღე შესრულდება 5 ივნისს - მის დაბადების დღეს...

 

დიმიტრი ხვთისიაშვილი

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner