მასობრივი ვაქცინაციის შედეგები, სარგებელი, პრობლემები და პერსპექტივები მსოფლიოში
ვაქცინაციის პროგრამების შესასრულებლად მნიშვნელოვანია მასობრივი ტემპის მიღწევა. მოწინავე ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველი ვაქცინით მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვას, რაც უმრავლეს შემთხვევაში, უკვე საკმაოდ მაღალ დაცვას იძლევა, მათ შორის ინფექციის გადაცემის შემცირებითაც/ დადასტურება - ისრაელის (ფაიზერი), აშშ (ფაიზერი და მოდერნა) დიდი ბრიტანეთის (ძირითადად - ასტრაზენეკა) მაგალითები. გამონაკლისი - ჩილეში (სინოვაკის) მაგალითი, როცა მეორე ვაქცინა იძლეოდა ძირითად დაცვას.
მასობრივი ვაქცინაციის მიღწევის ამოცანის გადაწყვეტა ჯერ ერთი მკვეთრად ამცირებს ინფიცირების და სიკვდილობის ტემპებს და თან ზრდის ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას „ლოკდაუნების“ და მკაცრი შეზღუდვების მინიმუმამდე დაყვანით. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მცირდება ვირუსის ცირკულაციის პერიოდი და ახალი მუტაციების და უფრო სახიფათო შტამების აღმოცენების და გავრცელების ალბათობა.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნები აღწევენ ვაქცინაციის მაქსიმალურ დონეს როგორც ვაქცინების საკმარისი რეზერვის შექმნის, ასევე ვაქცინაციის ადგილების და პერსონალის ზრდის მეშვეობით.
მსოფლიოში 5-მა ქვეყანამ მოახერხა დღიურად 1 მილიონზე მეტი ვაქცინაციის ჩატარება. თუმცა, თუ შევადარებთ ამ ციფრებს მათი მოსახლეობის საერთო და ვაქცინირებისთვის დარჩენილ რაოდენობას, აშკარაა, რომ ისრაელის, გერმანიის, აშშ-ს, ჩილეს და დიდი ბრიტანეთის მაქსიმალური დღიური ვაქცინაციის მოცულობა უფრო მასობრივი იყო მოსახლეობაზე გადათვლით და ამ ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნები უფრო მალე მიაღწევენ ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის მიზანს.
განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს გერმანიის მაგალითი, რომელსაც ნაგვიანები სტარტის და ფაიზერის და ასტრაზენეკას მიერ ვაქცინების მოწოდების დაგვიანების გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა იანვარ-მარტის პერიოდში, მაგრამ ამჟამად ძალიან გაზარდა ვაქცინაციის ტემპები და გუშინ ევროპაში პირველმა მოახერხა დღეში მილიონზე მეტი (1.09 მლნ) ვაქცინაციის ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიამ უფლება მისცა ზოგადი პრაქტიკის ექიმებს ჩაატარონ აცრები. ვაქცინების 3/4-ს ამჟამად სწორედ ოჯახის ექიმები აკეთებენ. გარდა ამისა, 4-მა რეგიონმა - ბერლინმა, ბავარიამ, საქსონიამ და მეკლენბურგმა-დასავლეთ პომერანიამ გააუქმეს პრიოროტეტული სიები ასტრაზენეკას ვაქცინაზე და ნებისმიერ მოქალაქეს მისცეს ამ ვაქცინის გაკეთების უფლება ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
და ბოლოს, გერმანელებმა წესად შემოღეს საკუთარი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელებში სხვების ინფორმირება და საკუთარი მაგალითით ნაცნობების წახალისება.
თუ მასობრივი ვაქცინაციის მაღალი ტემპები შენარჩუნდება, ამ მხრივ ლიდერი ქვეყნები ზაფხულის ბოლოს მოახერხებენ ეროვნული სამიზნის მიღწევას. თუმცა რიგ ქვეყნებში, ზაფხულის პერიოდში კოვიდ-რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში, არაა გამორიცხული ახალი ტალღების და ახალი შტამების გავრცელების შედეგად მდგომარეობა გართულდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსი მოდუნებას და გულარხეინად ყოფნას არ გვაპტიობს.
განსაკუთრებით მძიმეა ინდოეთის მდგომარეობა, რაც გლობალურად პანდემიის მართვის მხრივ ამჟამად ყველაზე საშიში კრიზისის წინაპირობაა
საქართველოს ამჟამად ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - ვაქცინის სერიოზული რეზერვის შექმნა და ვაქცინაციის ადგილების რიცხვის მკვეთრად ზრდა, რათა ზაფხულის დღეებში თუ მოსახლეობის 1% ვერა, მინიმუმ 0.3%-ის - 10-12,000 ადამიანის აცრა შევძლოთ.