logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცმოძრაობის“ დროს საქართველო ჰგავდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ნივთს, რომელიც იყიდებოდა ყველაზე, ვინც ფულს გადაიხდიდა
- +

1 მაისი. 2021. 03:05

 

„რა აზრი აქვს, ვუსაყვედურო ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს, რომელიც არაინფორმირებულობის გამო, უკრიტიკოდ იღებს ყველაფერს, რასაც „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა აწვდის, მაგრამ რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არც განათლება აკლიათ, არც გამოცდილება, არც გონიერება და გამჭრიახობა, თუმცა ეს ხელს არ უშლით სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ემსახურონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს  საქართველო გავდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ნივთს, რომელიც იყიდებოდა ყველაზე, ვინც ფულს გადაიხდიდა.

 

„მათ შესანიშნავად იციან, რას წარმოადგენს და ვინ არის სააკაშვილი, მათ შესანიშნავად იციან, რა შემზარავი დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მაინც არ ეთაკილებათ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ყურმოჭრილი მონები იყვნენ.

 

ამაზრზენი ფარისევლობა და თვალთმაქცობაა ეს, ხოლო ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ, უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ ხალხს, თვლიან რა მას გონებაჩლუნგ, გონებასუსტ მასად, უკაცრავად გამოთქმაზე და, ნახირად, რომელსაც საითაც გინდა, იქით გარეკავ.

 

როგორ შეიძლება ამას ეშველოს, როცა მთელი ტელე-მედია, არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე და დაზომბირებაზე მუშაობს და ამის აღსაკვეთად თითქმის არაფერი კეთდება.

 

რატომ არავინ ინტერესდება, საიდან მოდის ის უზარმაზარი ფული, რაც ამ ორგანიზაციების შესანახად იხარჯება, რომლებიც ღიად და დაუფარავად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

რატომ არავინ კითხულობს, რა მიზანს ისახავს ეს გლობალური შეტევა საქართველოზე, რომელიც 30 წლის წინათ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

იქნებ, მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის ამ უწყვეტი შტურმის მთავარი მიზეზი და იქნებ, ამ ბრძოლას გაცილებით სახიფათო და საგანგაშო მოტივი უდევს სარჩულად, მოტივი, რომელსაც ქართული სახელმწიფოს დაშლა და დემონტაჟი ჰქვია, რაც მხოლოდ რუსეთის კი არა, ყველა ჩვენი მეზობლის სანუკვარი ოცნებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ინტერესების უგულებელყოფით, ყველაზე ხელგაშლილი იყო მეზობლების მიმართ.

 

„ნაცმოძრაობის“ დროს საქართველო გავდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ნივთს, რომელიც იყიდებოდა ყველაზე, ვინც ფულს გადაიხდიდა.

ქართული სახელმწიფო ინტერესების გაყიდვიდან მიღებული მილიარდებით ხომ არ ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს ომი, სადაც ქართველთა ერთი ნაწილი მტრის მიერ დაქირავებულ ჯარისკაცებს ჰგვანან და საკუთარ სამშობლოს დამპყრობლებივით ექცევიან.

იქნებ, ღირდეს ამაზე დაფიქრება, სანამ მიშა! მიშა!-ს სკანდირებას დაიწყებდეთ, „ნაცმოძრაობის“ ფანებო.

სემუელ ბეკეტს აქვს ერთი ასეთი პიესა „გოდოს მოლოდინში“.

მთელი პიესის განმავლობაში გოდოს ელოდებიან, ის კი არა და არ მოდის.

ასე, გოდოს მოლოდინში მთავრდება ბეკეტის პიესა.

ნაციონალებიც ელოდებიან თავიანთ გოდოს, მიშას, ის კი არა და არ ჩანს.

ისე დამთავრდება ეს „ნაციონალური“ სპექტაკლი, ისე ჩამოჰკრავს საფინალო ზარი და ისე დაიხურება ფარდა, არ გამოჩნდება ნაციონალების გოდო - მიშა, ისინი კი მაინც დაელოდებიან, დაელოდებიან მთელი ცხოვრება, რადგან სენი, რომელიც ამ ადამიანებს შეჰყარეს, არ იკურნება.

დაელოდებიან და ელოდონ - დალოდების უფლება ყველას აქვს…“, - წერს ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner