logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სულ ვეუბნები ჩემს უმცროს კოლეგებს: ფრთხილად, მოუზომავმა სიტყვამ შეიძლება ადამიანი შეიწიროს, ოჯახი გაანადგუროს!
- +

1 მაისი. 2021. 14:49

 

 

„მე მჯერა, რომ კარგმა ჟურნალისტიკამ, კარგმა ტელევიზიამ შეიძლება ჩვენი სამყარო უკეთესი გახადოს“, - ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს, „სიენენის“ სახეს ქრისტიან ამანპურს ეკუთვნის...

 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, როგორ იგინებიან და ილანძღებიან წამყვანები, როგორ ბილწსიტყვაობენ და მკრეხელობენ ჟურნალისტები და ამ ყველაფერს თავისუფალი სიტყვის ეგიდით აკეთებენ... დღევანდელი ჟურნალისტიკა, მეტწილად, სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გამოაქვს კონკრეტული თემა, პიროვნება, საკითხი ხალხის სამსჯავროზე - დღეს „მოსულა“, ადამიანი მიწასთან ისე გაასწორო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფრად ჩააგდო; სიუჟეტებში ახალგაზრდების ცხედრები ნაწილ-ნაწილ აჩვენო და ისე ჩაატარო ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, რომ არ გაუფრთხილდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ფსიქიკას, მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას - მთავარია, სკანდალი ააგორო და გადაცემა რეიტინგული, ყურებადი გახადო... აქ კი ისევ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, „სიბიესის“ გადაცემების წამყვანის, დენ რეზერის სიტყვები მახსენდება - „რეიტინგები დიდხანს არ გრძელდება, კარგი ჟურნალისტიკა - კი“.

 

სასაუბროდ „რეპორტიორი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზე?

 

- სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ქართულ ჟურნალისტიკას, საბჭოთა ცენზურის შემდეგ, თავისუფალი ჟურნალისტიკის რელსებზე გადაწყობა ძალიან გაუჭირდა. ფაქტობრივად, ვერც გადაეწყო და ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტიკის და ჟურნალისტების მაგივრად, სამწუხაროდ, მივიღეთ თავაშვებული ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, გამოვდექით ამ თვალსაზრისით ყველაზე უპასუხისმგებლოები. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ სხვებზე - მთლიანობაში ვსაუბრობ, მრავლობითში და ჩემს თავს ამ პროცესებისგან განზე არ დავაყენებ. იმ პერიოდში, როდესაც ცენზურა არსებობდა, ჟურნალისტებს აძლევდნენ შესაბამის განათლებას, რადგან მაშინდელი სისტემისთვის მნიშვნელოვანი იყო კვალიფიციური და მცოდნე ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონკრეტული რეჟიმის სამსახურში იდგა და ეს ყველას ძალიან კარგად ესმოდა. დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის მასობრივ მაღალკვალიფიციურობაზე მოთხოვნა...  რესპონდენტის პასუხებს არ უსმენენ, არ შეუძლიათ, რესპონდენტთან ერთად გადაცემაში დიალოგის იმგვარად წარმართვა, რომ მაყურებლისთვის შეკითხვაც საინტერესო იყოს და პასუხიც და, ამასთან, მან თუნდაც რაიმე ცოდნა, ინფორმაცია მიიღოს ამ ყველაფრისგან. ჟურნალისტიკა გადაიქცა მანიპულაციის იარაღად პოლიტიკოსების ხელში!

 

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

 

-ნებისმიერ პოლიტიკოსს სურს, რომ ჟურნალისტები მის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ... ეს კი ასე არ გამოდის - ჟურნალისტები პოლიტიკურ ბრძოლებში არიან ჩათრეულები, ხოლო პოლიტიკოსები ჟურნალისტებს ამარაგებენ ინფორმაციებით თავიანთი თანაპარტიელის, ან სხვა პარტიების წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით. მე ამას მართლა გულისტკივილით ვამბობ, რადგან საბოლოო ჯამში, დღეს ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის მიმართ ნეგატიურმა განწყობამ უმაღლეს ნიშნულს  მიაღწია. დღეს ვიღაცაზე „გავისეირნეთ“ და დაგვავიწყდა, მერე სხვაზე „გავისეირნებთ“, გააჩნია, შეკვეთა როგორი იქნება - ეს არასწორია და ეს არ არის ჟურნალისტიკა! ეს არის პროპაგანდა!  დღეს საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტად არის გადაქცეული.

 

-დეზინფორმაცია, ცილისწამება, სიძულვილის ენა - ასეთ მიუღებელ მეთოდებს იყენებს დღეს ჟურნალისტების რაღაც ნაწილი საკუთარ სიუჟეტებსა თუ გადაცემებში, ამ ყველაფერს კი თავისუფალი სიტყვის საფარველქვეშ აკეთებს. რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა, ვის შესახებაც მედია, მაგალითად, დეზინფორმაციას ავრცელებს, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერევა, გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს და ამით ადამიანს ფსიქოლოგიურ, მორალურ ზიანთან ერთად, საქმიან და  რეპუტაციულ ზიანსაც აყენებს? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ასეთ დროს, რომ ადამიანმა თავი დაიცვას მის წინააღმდეგ  წარმოებული შავი პიარ კამპანიისგან?

 

-სამწუხაროდ, საერთოდ არანაირი ბერკეტები არ არსებობს! 2004 წლიდან საქართველოში მოქმედებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, მანამდე იყო „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ კანონი, რომელიც 1991 წლის აგვისტოში მიიღო მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ. რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ - საქმიანი რეპუტაციის,  პატივისა და ღირსების შელახვის გამო, რამდენიმე ადამიანმა მიმართა სასამართლოს, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საჯარო პირებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს აქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ? სინამდვილეში, სახელმწიფო აპარატი არის შეშინებული, რადგან არავინ იცის, ვინ, როდის, რა მიზნით გამოიყენებს ტელევიზიას არა როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, არამედ როგორც მასობრივი განადგურების საშუალებას და მიმდინარეობს ადამიანებზე ცილისწამება, მათი „გაშავება“. შემდგომ უკვე აღარავინ იწყებს იმის გარკვევას, ეს ასე იყო თუ არ იყო... დააკვირდით, ჟურნალისტების გამოჩენისას როგორ ევსებათ თვალები ადამიანებს ზიზღით, ან შიშით... ეს ხომ შემთხვევითი არ არის?! პირიქით უნდა იყოს, ადამიანებს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის სურვილი უნდა გაუჩნდეთ - სახელმწიფო მოხელეებსაც, საჯარო მოსამსახურეებსაც, უბრალოდ, რიგით მოქალაქეებსაც... გამოდის, რომ დღევანდელ ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, სამსჯავროზე გამოაქვს ადამიანის პირადი ცხოვრება თუ სამსახურეობრივი საქმიანობა, შემდგომ კი ამას ვივიწყებთ, ან ამ ყველაფერს მიმართულებას ვაძლევთ სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე იწყება ადამიანის დაუნდობელი ჯიჯგვნა. ამ ადამიანებს კი ჰყავთ მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, ნათესავები... წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, როცა მათი ოჯახის წევრს ან ახლობელს ცილს სწამებენ და ჟურნალისტები ამ ცილისწამებას აღტკინებით, ჟინით, დაუნდობლად  ავრცელებენ. ჩვენ, ჟურნალისტებმა, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ერთი სიუჟეტით ან წერილით ქვეყანას ვერც ავაშენებთ და ვერც დავანგრევთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავანგრიოთ სამყარო, ერთი ადამიანის სამყარო! ჩემს მაგალითზე გეტყვით: 25 წლის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოვაქვეყნე, რასაც დიდი ხმაური და საკადრო ცვლილებები მოჰყვა, ჯილდოც მივიღე, მაგრამ იცით, რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად? ჩემი ერთ-ერთი „გმირის“ სტუდენტ შვილებს მეგობრებმა უთხრეს, მამაშენზე გაზეთში წავიკითხეთო და მისმა შვილებმა ძალიან ინერვიულეს. ტყუილი კი არ დამიწერია, ყველაფერი სიმართლე იყო, მაგრამ როცა ეს გავიგე, მეც განვიცადე, დღემდე არ მავიწყდება, რადგან მივხვდი, რომ ის წერილები სიყვარულით არ მომიმზადებია. არც მძულებია ვინმე, მაგრამ ახალგაზრდული მაქსიმალიზმით გაჯერებული, მხილების ცდუნებამ მძლია. ვწუხვარ, რომ მაშინ არავინ აღმოჩნდა, ვინც ახალგაზრდა ჟურნალისტს მახვილის მოქნევამდე გამაფრთხილებდა. იცით, ეს სამხედრო წესდებასავით არის, რომელშიც არაფერია ზედმეტი და თითოეული აბზაცი, თითოეული სიტყვა კონკრეტული ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაიწერა. ამიტომ ახლა, ამ ასაკში, სულ ვეუბნები ჩემს უმცროს კოლეგებს: ფრთხილად, მოუზომავმა სიტყვამ შეიძლება ადამიანი შეიწიროს, ოჯახი გაანადგუროს! სიყვარულით ნათქვამ თუ დაწერილ მართალ სიტყვას შეუძლია სიკეთის მოტანა! ჩვენ ამ საზოგადოების ჯალათებად არ უნდა აღგვიქვან! მოდარაჯე ძაღლი, როგორც ჟურნალისტებს გვეძახიან, არ ნიშნავს ცოფიან ძაღლს, რადგან ცოფიანი ძაღლი არავის და არაფერს დარაჯობს! ჩვენში თანამგრძნობს უნდა ხედავდნენ და არა ცილისმწამებელს, რომელიც დაუნდობლად, სიტყვით ანადგურებს ადამიანებს!

 

-და თან რაღაც გარკვეული კლიშეები ეკრობა იმ ადამიანს, ვისზეც ასეთი დეზინფორმაციული, შავ პიარზე ორიენტირებული სიუჟეტი, თუ სტატია მომზადდა...

 

- რასაც დღეს ზოგიერთი მედიასაშუალება ადამიანებს სთავაზობს, ამას ჰქვია სალაფავი და რატომ ვთავაზობთ ადამიანებს ასეთ უხარისხო, არაპროფესიონალურად მომზადებულ კერძს? სამწუხაროდ, ხალხიც მიეჩვია უკვე აგრესიას და ეს აგრესია იგივე ჟურნალისტების მიმართაც კარგად ჩანს თუნდაც სოციალურ ქსელში. სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქართული ჟურნალისტიკა ჩამონგრეულია, აბსოლუტურად განადგურებულია და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს  როგორც პოლიტიკაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულმა ადამიანებმა! ამ პროცესებში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი ჟურნალისტებს და ზოგიერთ ე.წ. მედიამფლობელს ეკისრებათ, რომლებსაც თანამშრომლები მედიაზონდერებად ჰყავთ გადაქცეული!

 

-ისიც ვიცით, რომ დღეს კონკრეტული ადამიანები მედიის მფლობელის სტატუსს იყენებენ თავდასაცავად და ასეთი სიტუაცია გვაქვს: თუ შენ რამე დააშავე და იცი, რომ კანონის წინაშე აგებ პასუხს, ყიდულობ რომელიმე მედიის წილს, ან თავად აფუძნებ მას და ამით იქმნი ერთგვარად ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომ დანაშაულზე პასუხი ვერავინ მოგთხოვოს... თვალსაჩინო მაგალითებია ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას ამბავი - ორივე მათგანზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა... გამოდის, რომ დღეს ჟურნალისტიკა პოტენციური კრიმინალების თავშესაფარი გახდა...

 

-პოტენციური არა, ხშირ შემთხვევაში ნამდვილი კრიმინალების თავშესაფარია და დიახ, ისინი ცდილობენ, მედიასტრუქტურებს ამოეფარონ! მაგალითად, როდესაც გიორგი რურუაზე ამბობენ, რომ ის არის ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მას მხოლოდ 2,5%-იანი წილი აქვს და ის დამფუძნებლად შეიყვანეს მას შემდეგ, რაც მონაწილეობა დაიწყო გარკვეულ პროცესებში, საკუთარი თავის რეაბილიტაცია სცადა და ხან ფერმერად წარმოჩინდა საზოგადოების წინაშე, ხან რად... სინამდვილეში კი, ყველამ კარგად იცის, გიორგი რურუა ვინ არის, რა აქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში და რომ კონკრეტული ადამიანები ადანაშაულებენ  მათი ოჯახების განადგურებაში! აი, ასეთი ადამიანები ეფარებიან დღეს ჟურნალისტიკას და მედიასტრუქტურას! „მთავართამამი“ გვარამია კი, როგორც მას მე ვუწოდებ, უშვერი სიტყვებით ილანძღება ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან და აგინებს ყველას, ვინც მის პოზიციას არ ეთანხმება. ეს არის ყოფილი პროკურორი, რომელმაც ბინძური ცილისწამებებით სავსე დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ მოამზადა... და წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი, ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც განათლების მინისტრიც კი იყო, თავს უფლებას აძლევს, უცენზურო სიტყვებით ესაუბროს მაყურებელს, ჟურნალისტებს კი არ ჰყოფნით არც სითამამე და არც თავმოყვარეობა, რომ მასთან აღარ იმუშაონ. არადა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ვიცი, რომ კვალიფიციური ჟურნალისტია...

 

30 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და რა, მე არ მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ჩვენს სფეროში ხდება? მაქვს! ჩემს თაობას აქვს ეს პასუხისმგებლობა. როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, 19 წლის ვიყავი და მეგონა, რაღაც კარგი უნდა შეგვექმნა, აგვეშენებინა... და რა ავაშენეთ?! მე ამ ყველაფერს მართლა გულისტკივილით ვამბობ, ეს ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა.

 

და საიდან მოდის ეს ყველაფერი? გაუნათლებლობიდან! თქვენ იცით, რომ განათლების სამინისტროს აქვს სტატისტიკა, 6-დან 16-წლამდე 10 000-ზე მეტ ბავშვს საერთოდ არ უვლია სკოლაში და ეს ხდება საქართველოში - ქვეყანაში, სადაც რვა კლასის განათლება სავალდებულო იყო, მერე კი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი უნდა დაემთავრებინათ, ან სავალდებულო იყო 10 კლასის საშუალო განათლება. იქიდან გამოსული ბავშვი იმდენ ინფორმაციას ფლობდა, რომ შეეძლო, საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი დაეკავებინა. დღეს 10 000-ზე მეტმა ბავშვმა წერა-კითხვაც კი არ იცის, რადგან სკოლაში არასდროს უვლია! ეს ხომ ზოგადად საზოგადოების განათლების დონეზე აისახება?! შეღავათები, რასაც სკოლებში მოსწავლეებს, უმაღლეს სასწავლებლებში კი სტუდენტებს უწევენ - საბოლოო ჯამში, ხომ ამ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას?!

 

დააკვირდით, ვინ დაიპყრო საინფორმაციო ველი, ვინ არიან მუდმივად ტელეეკრანებზე - ე. წ. პოლიტიკოსები! სად განათლდნენ ასე, რომ საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ?! თუკი სახლის ასაშენებლად, თვითმფრინავის კი არა, ავტომანქანის სამართავადაც ცოდნაა საჭირო, სახელმწიფოს მართვას ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება?! ამიტომ არის, რომ ეს უვიცი „სიტყვისკაცები“ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ გაუთავებლად, ოღონდ კი საქმე არ აკეთონ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner