logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ჩვენ, ჟურნალისტები, ამ საზოგადოების ჯალათებად არ უნდა აღგვიქვან! სიყვარულით ნათქვამ თუ დაწერილ მართალ სიტყვას შეუძლია სიკეთის მოტანა!
- +

1 მაისი. 2021. 15:40

 

 

„მე მჯერა, რომ კარგმა ჟურნალისტიკამ, კარგმა ტელევიზიამ შეიძლება ჩვენი სამყარო უკეთესი გახადოს“, - ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს, „სიენენის“ სახეს ქრისტიან ამანპურს ეკუთვნის...

 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, როგორ იგინებიან და ილანძღებიან წამყვანები, როგორ ბილწსიტყვაობენ და მკრეხელობენ ჟურნალისტები და ამ ყველაფერს თავისუფალი სიტყვის ეგიდით აკეთებენ... დღევანდელი ჟურნალისტიკა, მეტწილად, სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გამოაქვს კონკრეტული თემა, პიროვნება, საკითხი ხალხის სამსჯავროზე - დღეს „მოსულა“, ადამიანი მიწასთან ისე გაასწორო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფრად ჩააგდო; სიუჟეტებში ახალგაზრდების ცხედრები ნაწილ-ნაწილ აჩვენო და ისე ჩაატარო ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, რომ არ გაუფრთხილდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ფსიქიკას, მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას - მთავარია, სკანდალი ააგორო და გადაცემა რეიტინგული, ყურებადი გახადო... აქ კი ისევ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, „სიბიესის“ გადაცემების წამყვანის, დენ რეზერის სიტყვები მახსენდება - „რეიტინგები დიდხანს არ გრძელდება, კარგი ჟურნალისტიკა - კი“.

 

თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზე? გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

-დეზინფორმაცია, ცილისწამება, სიძულვილის ენა - ასეთ მიუღებელ მეთოდებს იყენებს დღეს ჟურნალისტების რაღაც ნაწილი საკუთარ სიუჟეტებსა თუ გადაცემებში, ამ ყველაფერს კი თავისუფალი სიტყვის საფარველქვეშ აკეთებს. რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა, ვის შესახებაც მედია, მაგალითად, დეზინფორმაციას ავრცელებს, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერევა, გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს და ამით ადამიანს ფსიქოლოგიურ, მორალურ ზიანთან ერთად, საქმიან და  რეპუტაციულ ზიანსაც აყენებს? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ასეთ დროს, რომ ადამიანმა თავი დაიცვას მის წინააღმდეგ  წარმოებული შავი პიარ კამპანიისგან?

 

-სამწუხაროდ, საერთოდ არანაირი ბერკეტები არ არსებობს! 2004 წლიდან საქართველოში მოქმედებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, მანამდე იყო „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ კანონი, რომელიც 1991 წლის აგვისტოში მიიღო მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ. რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ - საქმიანი რეპუტაციის,  პატივისა და ღირსების შელახვის გამო, რამდენიმე ადამიანმა მიმართა სასამართლოს, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საჯარო პირებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს აქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ? სინამდვილეში, სახელმწიფო აპარატი არის შეშინებული, რადგან არავინ იცის, ვინ, როდის, რა მიზნით გამოიყენებს ტელევიზიას არა როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, არამედ როგორც მასობრივი განადგურების საშუალებას და მიმდინარეობს ადამიანებზე ცილისწამება, მათი „გაშავება“. შემდგომ უკვე აღარავინ იწყებს იმის გარკვევას, ეს ასე იყო თუ არ იყო... დააკვირდით, ჟურნალისტების გამოჩენისას როგორ ევსებათ თვალები ადამიანებს ზიზღით, ან შიშით... ეს ხომ შემთხვევითი არ არის?! პირიქით უნდა იყოს, ადამიანებს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის სურვილი უნდა გაუჩნდეთ - სახელმწიფო მოხელეებსაც, საჯარო მოსამსახურეებსაც, უბრალოდ, რიგით მოქალაქეებსაც... გამოდის, რომ დღევანდელ ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, სამსჯავროზე გამოაქვს ადამიანის პირადი ცხოვრება თუ სამსახურეობრივი საქმიანობა, შემდგომ კი ამას ვივიწყებთ, ან ამ ყველაფერს მიმართულებას ვაძლევთ სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე იწყება ადამიანის დაუნდობელი ჯიჯგვნა. ამ ადამიანებს კი ჰყავთ მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, ნათესავები... წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, როცა მათი ოჯახის წევრს ან ახლობელს ცილს სწამებენ და ჟურნალისტები ამ ცილისწამებას აღტკინებით, ჟინით, დაუნდობლად  ავრცელებენ. ჩვენ, ჟურნალისტებმა, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ერთი სიუჟეტით ან წერილით ქვეყანას ვერც ავაშენებთ და ვერც დავანგრევთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავანგრიოთ სამყარო, ერთი ადამიანის სამყარო! ჩემს მაგალითზე გეტყვით: 25 წლის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოვაქვეყნე, რასაც დიდი ხმაური და საკადრო ცვლილებები მოჰყვა, ჯილდოც მივიღე, მაგრამ იცით, რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად? ჩემი ერთ-ერთი „გმირის“ სტუდენტ შვილებს მეგობრებმა უთხრეს, მამაშენზე გაზეთში წავიკითხეთო და მისმა შვილებმა ძალიან ინერვიულეს. ტყუილი კი არ დამიწერია, ყველაფერი სიმართლე იყო, მაგრამ როცა ეს გავიგე, მეც განვიცადე, დღემდე არ მავიწყდება, რადგან მივხვდი, რომ ის წერილები სიყვარულით არ მომიმზადებია. არც მძულებია ვინმე, მაგრამ ახალგაზრდული მაქსიმალიზმით გაჯერებული, მხილების ცდუნებამ მძლია. ვწუხვარ, რომ მაშინ არავინ აღმოჩნდა, ვინც ახალგაზრდა ჟურნალისტს მახვილის მოქნევამდე გამაფრთხილებდა. იცით, ეს სამხედრო წესდებასავით არის, რომელშიც არაფერია ზედმეტი და თითოეული აბზაცი, თითოეული სიტყვა კონკრეტული ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაიწერა. ამიტომ ახლა, ამ ასაკში, სულ ვეუბნები ჩემს უმცროს კოლეგებს: ფრთხილად, მოუზომავმა სიტყვამ შეიძლება ადამიანი შეიწიროს, ოჯახი გაანადგუროს! სიყვარულით ნათქვამ თუ დაწერილ მართალ სიტყვას შეუძლია სიკეთის მოტანა! ჩვენ ამ საზოგადოების ჯალათებად არ უნდა აღგვიქვან! მოდარაჯე ძაღლი, როგორც ჟურნალისტებს გვეძახიან, არ ნიშნავს ცოფიან ძაღლს, რადგან ცოფიანი ძაღლი არავის და არაფერს დარაჯობს! ჩვენში თანამგრძნობს უნდა ხედავდნენ და არა ცილისმწამებელს, რომელიც დაუნდობლად, სიტყვით ანადგურებს ადამიანებს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner