logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სახელმწიფოს მართვას ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება!
- +

1 მაისი. 2021. 16:07

 

 

„მე მჯერა, რომ კარგმა ჟურნალისტიკამ, კარგმა ტელევიზიამ შეიძლება ჩვენი სამყარო უკეთესი გახადოს“, - ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს, „სიენენის“ სახეს ქრისტიან ამანპურს ეკუთვნის...

 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, როგორ იგინებიან და ილანძღებიან წამყვანები, როგორ ბილწსიტყვაობენ და მკრეხელობენ ჟურნალისტები და ამ ყველაფერს თავისუფალი სიტყვის ეგიდით აკეთებენ... დღევანდელი ჟურნალისტიკა, მეტწილად, სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გამოაქვს კონკრეტული თემა, პიროვნება, საკითხი ხალხის სამსჯავროზე - დღეს „მოსულა“, ადამიანი მიწასთან ისე გაასწორო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფრად ჩააგდო; სიუჟეტებში ახალგაზრდების ცხედრები ნაწილ-ნაწილ აჩვენო და ისე ჩაატარო ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, რომ არ გაუფრთხილდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ფსიქიკას, მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას - მთავარია, სკანდალი ააგორო და გადაცემა რეიტინგული, ყურებადი გახადო... აქ კი ისევ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, „სიბიესის“ გადაცემების წამყვანის, დენ რეზერის სიტყვები მახსენდება - „რეიტინგები დიდხანს არ გრძელდება, კარგი ჟურნალისტიკა - კი“.

 

თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზე? გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

-30 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და რა, მე არ მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ჩვენს სფეროში ხდება? მაქვს! ჩემს თაობას აქვს ეს პასუხისმგებლობა. როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, 19 წლის ვიყავი და მეგონა, რაღაც კარგი უნდა შეგვექმნა, აგვეშენებინა... და რა ავაშენეთ?! მე ამ ყველაფერს მართლა გულისტკივილით ვამბობ, ეს ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა.

 

და საიდან მოდის ეს ყველაფერი? გაუნათლებლობიდან! თქვენ იცით, რომ განათლების სამინისტროს აქვს სტატისტიკა, 6-დან 16-წლამდე 10 000-ზე მეტ ბავშვს საერთოდ არ უვლია სკოლაში და ეს ხდება საქართველოში - ქვეყანაში, სადაც რვა კლასის განათლება სავალდებულო იყო, მერე კი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი უნდა დაემთავრებინათ, ან სავალდებულო იყო 10 კლასის საშუალო განათლება. იქიდან გამოსული ბავშვი იმდენ ინფორმაციას ფლობდა, რომ შეეძლო, საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი დაეკავებინა. დღეს 10 000-ზე მეტმა ბავშვმა წერა-კითხვაც კი არ იცის, რადგან სკოლაში არასდროს უვლია! ეს ხომ ზოგადად საზოგადოების განათლების დონეზე აისახება?! შეღავათები, რასაც სკოლებში მოსწავლეებს, უმაღლეს სასწავლებლებში კი სტუდენტებს უწევენ - საბოლოო ჯამში, ხომ ამ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას?!

 

დააკვირდით, ვინ დაიპყრო საინფორმაციო ველი, ვინ არიან მუდმივად ტელეეკრანებზე - ე. წ. პოლიტიკოსები! სად განათლდნენ ასე, რომ საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ?! თუკი სახლის ასაშენებლად, თვითმფრინავის კი არა, ავტომანქანის სამართავადაც ცოდნაა საჭირო, სახელმწიფოს მართვას ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება?! ამიტომ არის, რომ ეს უვიცი „სიტყვისკაცები“ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ გაუთავებლად, ოღონდ კი საქმე არ აკეთონ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner