logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: ისედაც მძულს ამ აღდგომა დღეს საკუთარი მაძღარი თავი...
- +

2 მაისი. 2021. 03:00

 

 

აღდგომა…

 

ადრე ვუყვარდი.

 

ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღესაც სადმე თუ შემთხვევით შემომეფეთება თვალს მარიდებს და უსათუოდ წითლდება.

 

 

ცოლიც შეირთო და ორი პატარა, ბაღის აღსაზრდელი ჰყავს.

ჰო, კარგად იყო, ვიდრე მანქანა დაეჯახებოდა.

 

ხეიბარი დარჩა, მარჯვენა ფეხი ვეღარ დაადგა მიწაზე და ხელჯოხით დადის.

 

მაღაზიაში დამხვდა.

 

ჩემს წინ იდგა რიგში და ადგილი დამითმო.

 

ვიუარე, ვხედავდი ფეხზე დგომა უჭირდა.

 

 - არა, რას ამბობ, მხოლოდ შენს შემდეგ - ვუთხარი და მის უკან დავდექი.

 

აიბუზა, უხერხულად იქნევდა ხელებს, ყოყმანობდა და ბოლოს როგორც იქნა, ძლივს ამოილუღლუღა :

 

 - ოცი კვერცხი მინდა და ორი პასკა. გამყიდველი პარკს დასწვდა უკვე - ოღონდ ნისიად, მიაყოლა ბოლოში და თავი დახარა.

 

 - არა, ნისიად ვერ მოგცემ, დღეს უნდა ვიმუშავო და ფულიანი კლიენტი ისე უნდა გავუშვა, რომ მომადგეს.

 

პარკი თავის ადგილას დააბრუნა გამყიდველმა და მე მომაძახა :

 - თქვენ გისმენთ.

 

 ოჰ, როგორ დაპატარავდა ბიჭი, ხელჯოხს მაგრად მოუჭირა თითები და საცოდავად, კოჭლობით გავიდა მაღაზიიდან.

 

შერცხვა, ჩემი შერცხვა უპირველესად.

 

 

მეც შემრცხვა, რომ ადამიანი ვარ და ოდესღაც ამ ბიჭს ვუყვარდი...

 

ვიფიქრე, გავეკიდები და მე ვუყიდი თქო, მაგრამ ამით უფრო დიდ ტკივილს მივაყენებდი, მგონია და გავჩერდი.

 

 - ქრისტე აღდგა, იცი - ახლოს მივიწიე დახლთან - ცეცხლიც გადმოვიდა.

 

 - უი, უკვე ? არ ჩამირთავს ტელევიზორი - მიპასუხა გამყიდველმა.

 

(ჯანდაბას, ვერაფერს მიხვდა…

 

გარეთ გამოვედი.

 

მიდიოდა ბიჭი ბეჭებში მოხრილი და ვერ გაეგო თავადაც, სირცხვილი უფრო დიდი ტვირთია თუ გაჭირვება, რომელსაც ახლა, ამწუთას ძლივს მიათრევდა ორღობეში.

 

 ვუყურებდი, ვიდრე თვალს არ მიეფარა და ვფიქრობდი :

 

 - ღმერთო, არ გაბედოს გამოხედვა, ისედაც მძულს ამ აღდგომა დღეს საკუთარი მაძღარი თავი...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner