მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ და საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ნიცაში მომხდარ თავდასხმას „საზარელი ტერორისტული აქტი" უწოდა და საფრანგეთს თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადა.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტერაქტს „ბარბაროსული და სულმდაბალი თავდასხმა" უწოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი ევროკავშირის სახელით საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ევროპა ფრანგ ხალხთან ერთადაა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპა ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს „როგორც საზღვრების შიგნით, ისე გარეთაც". მან ნიცაში მომხდარ ტრაგედიას უწოდა „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის დღეს".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ფრანგ ხალხს აშშ-ის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ნიცაში მომხდარი მოვლენებით შოკირებულია.
გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა კი ტერაქტს უწოდა „თავდასხმა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებზე".
გუშინ, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა.