„აღდგომის კუნძული, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ტურისტებით იყო ხოლმე სავსე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსახლეობის სრული მხარდაჭერით, პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სააღდგომო ფოტო აღდგომის კუნძულიდან
პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იზოლაციაა და იზოლაციაც სწორედ ასეთი უნდა! აღდგომის კუნძულზე უფრო იზოლირებული დედამიწაზე არაფერი არსებობს! უახლოესი დასახლებული პუნქტი, კუნძული პიტკერნი აქედან 2075 კილომეტრზეა და იქაც სულ 50-მდე კაცი ცხოვრობს. ხოლო უახლოეს კონტინენტურ დასახლებამდე, ჩილეს სანაპირომდე 3514 კილომეტრია!
აღდგომის კუნძულს აქაურების მშობლიურ ენაზე რაპა-ნუი ჰქვია. იგი 1722 წლის 5 აპრილს, აღდგომა დღეს აღმოაჩინა ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა იაკობ როხეფეინმა და მანვე დაარქვა აღდგომის კუნძულიც: ჰოლანდიურად – პააშ-ეილანდ. დღეს აღდგომის კუნძული ჩილეს ეკუთვნის და მას ესპანური სახელითაც იცნობენ: ისლა-დე-პასკუა.
აღდგომის კუნძულმა იზილირებულობის გარდა თავისი გიგანტური და მონოლითური ქანდაკებებითაც გაითქვა სახელი. მათი რაოდენობა 887-ია. ამ ფოტოზე ასეთი პაწაწები რომ ჩანან, ათჯერ და მეტჯერ ჩემზე დიდია თითოეული მათგანი. ეს იდუმალი ქანდაკებები ტურ ჰეიერდალის წიგნებით გავიცანი ბავშვობაში და მანამდე ვერ მოვისვენე, სანამ 2013 წელს საკუთარი თვალით არ ვნახე ისინი, სანამ ჰეიერდალიც პირადად არ გავიცანი და სანამ კუნძულის დედაქალაქის, ჰანგა-როას საუკეთესო სასტუმროშიც სწორედ იმ ოთახში არ დავბინავდი, რომელშიც ბოლო ჩასვლაზე უცხოვრია ტურ ჰეიერდალს.
როგორც გავარკვიე, შეიძლება მე სულაც პირველი ქართველი ვიყავი აღდგომის კუნძულზე. შარშან სააღდგომო პოსტში აქ უკვე დავდე ერთი მაშინდელი ფოტო და ზოგიერთი კომენტატორის გაოცებაც გამოვიწვიე, – ამ შუა პანდემიაში მაგ სიშორეს როგორ აღმოჩნდიო!
იმ სიშორეს კი არა, შარშანწინდელი ნოემბრიდან საქართველოს არ გავცილებივარ. ეს ფოტოც ძველია, რვა წლის წინანდელი, არადა დღესაც სიამოვნებით წავიდოდი აღდგომის კუნძულზე, დღესაც გადავიღებდი იქ ფოტოებს, მაგრამ ეგრე სად არის!
კუნძული, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ტურისტებით იყო ხოლმე სავსე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსახლეობის სრული მხარდაჭერით, პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია!
ჰოდა, კუნძულის მერი პედრო ედმუნდს პაოა სიამაყით აცხადებს, რომ შარშანდელი აღდგომიდან წლევანდელ აღდგომამდე, 300-ზე მეტი დღის განმავლობაში, აქ კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, მაშინ როცა კონტინენტურ ჩილეში 755 ათასი შემთხვევა და 19 ათასი სიკვდილი დაფიქსირდა.
ამის მიუხედავად, თებერვალში კუნძულზე ჩინური სინოვაკის 16 ათასი დოზა შეუტანიათ და საყოველთაო ვაქცინაცია ჩაუტარებიათ. კუნძულის მოსახლეობა, იმ გიგანტური ქანდაკებების ჩათვლით, 10 ათასამდეა და ეს ვაქცინა კუნძულის მთელ ზრდასრულ მოსახლეობას გასწვდა.
პანდემიის ხანმოკლე ისტორია აღდგომის კუნძულზე ასეთია: შარშანდელი მარტის დასაწყისში რომელიღაც ტურისტმა კუნძულზე კორონავირუსი შეიტანა და ადგილობრივ მცხოვრებს გადასდო. 16 მარტს, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, კუნძულის მერმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და და უხუცესთა საბჭოს თანხმობით კუნძული ჩაკეტა.
იმ დღიდან შეწყდა ყოველგვარი ფრენები და შესაბამისად შეწყდა კუნძულის მომარაგება კონტინენტური ჩილედან.
კუნძულის მერის თქმით, სრული იზოლაციისა და უტურიზმობის პირობებში კუნძულელები იძულებული გახდნენ, გაეხსენებინათ უმანგა – ძველი პოლინეზიური ტრადიცია და ადგილობრივი რესურსი თუ შესაძლებლობები გონივრულად გადაენაწილებინათ კუნძულის მთელ მოსახლეობაზე.
უმანგა პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევას და მიზანმიმართულ უანგარო შრომას გულისხმობს საერთო-სახალხო საჭიროებისათვის. უმანგაზე დაყრდონობით აქ შეიმუშავეს და აამოქმედეს მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმების პროგრამა „პრო-ემპლეო“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი კომუნიზმია, მაგრამ იდეოლოგიის გარეშე.
თვითიზოლაციის ერთი წლის თავზე კუნძულელები ამბობენ, რომ პანდემიამ მათ თვალები აუხილა და პანდემიის შემდეგ ისინი უკვე დამოუკიდებლად, ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე შეძლებენ არსებობას.
იმედია, კუნძული მალე გაიხსნება ტურისტებისათვის, მე კი აღდგომის კუნძულის დღევანდელი მდგომარეობის აღწერასთან და იქ ჩემი მოგზაურობის გახსენებასთან ერთად, მინდა, ყველას გაცნობოთ ახალთახალი და ამავე დროს ძველისძველი ამბავი, რაც ყველამ უჩემოდაც ძალიან კარგად იცით:
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ!
მრავალ აღდგომას დაგვასწროს ღმერთმა!“, - წერს ნაცვლიშვილი.