განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრა ნიუსთან" სასკოლო სახელმძღვანელოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალი წლისთვის ატარებს კონკურსს წიგნების გრიფირებაზე, სადაც ყველა ავტორს, გამომცემლებთან ერთად, საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ.
„დღეს სკოლაში რა სახელმძღვანელოებიც გვაქვს და რომლებითაც მიმდინარეობს სწავლება, საკმაოდ დაბალი ხარისხის არის. ვწუხვარ, რომ ამის აღიარება მიწევს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ფაქტს რომ თავი ავარიდოთ, არ შეიძლება.
დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სწავლების სტრუქტურა, იწყება ე.წ. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. მალე განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს ახალ სახელმძღვანელოებზე და ყველა ავტორს, გამომცემლებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.
ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეუძლია სამინისტროს ცხელი ხაზისა და ვებ-გვერდის მეშვეობით მიიღოს", - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.