გადაცემა „20/30"-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მცხეთის სტატუსის დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს შორის გაფორმდა.
„მცხეთისთვის სტატუსის დასაბრუნებლად მუშაობა 2012 წლის ბოლოდან დაიწყო. დავიწყეთ ლანდშაფტური და ურბანული კვლევების ჩატარება, რაშიც მონაწილეობა ძალიან ბევრმა ინსტიტუტმა მიიღო.
ბოლოს, მცხეთის ტერიტორიაზე მორატორიუმი გამოვაცხადეთ, რის შედეგადაც, მიწების გასხვისება და მშენებლობები აიკრძალა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგადაც, ისინი მიწათსარგებლობის გენგეგმას კონსულტაციებს გაუწევენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
მცხეთისთვის სტატუსის დაბრუნებას 21 ქვეყნიდან 21-მა მხარი დაუჭირა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.
კულტურული მემკვიდრეობა და ეკონომიკა განუყოფელია. სწორი მენეჯმენტით, ეკონომიკის გაზრდა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, ამ სტატუსის მქონე ქალაქის მიმართ ინტერესი გაჩნდება და ეს ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.