Forbes-ი უკვე 30 წელია აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს. წელს ტრადიცია დაირღვა და ზრდის ნაცვლად სიაში მილიარდერთა რაოდენობა შემცირდა - შემაჯამებელ რეიტინგში 1810 მილიარდერი მოხვდა (16-ით ნაკლები შარშანდელთან შედარებით).
რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 6.48 ტრილიონი დოლარია ($570 მილიარდით ნაკლები, ვიდრე 2015 წელს). შემცირდა ასევე მილიარდერთა კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი - $3.6 მილიარდი ($300 მილიონით ნაკლები, შარშანდელთან შედარებით).
Forbes-ის მილიარდერთა 2016 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა:
2016 წელს მსოფლიოს 198 ახალი მილიარდერი ჰყავს
წელს 221-მა მილიარდერმა დაკარგა თავისი ადგილი სიაში
29 მილიარდერი გარდაიცვალა
892 მილიარდერი წელს უფრო "ღარიბია", ვიდრე შარშან
ზედიზედ მესამე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეშია. მართალია, მისი კაპიტალი $4.9 მილიარდით შემცირდა, $75 მილიარდით ის მაინც ლიდერობს. საერთოდ, გეიტსი უკანასკნელი 22 წლის მანძილზე მე-17-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში. ამანსიო ორტეგამ მეოთხედან მეორეზე გადაინაცვლა, უორენ ბაფეტი კვლავ მესამეა, ხოლო კარლოს სლიმ ჰელუ მეორედან მეოთხეზე ჩამოქვეითდა - მექსიკელმა მაგნატმა ერთი წლის განმავლობაში $27.1 დაკარგა.
მილიარდერებს შორის საუკეთესო წელი მარკ ცუკერბერგს ჰქონდა - 31 წლის"ფეისბუკელი" $11.2 მილიარდით გამდიდრდა და მე-16-დან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი პირველად მოხვდნენ ყოველწლიური რეიტინგის ათეულში.
საქართველოდან რეიტნგში კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.8 მილიარდით ის 298-ე ადგილზეა ($5.2 მილიარდი და 291-ე ადგილი 2015 წელს).
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ბილ გეიტსი - $75 მილიარდი
2. ამანსიო ორტეგა - $67 მილიარდი
3. უორენ ბაფეტი - $60.8 მილიარდი
4. კარლოს სლიმ ჰელუ - $50 მილიარდი
5. ჯეფ ბეზოსი - $45.2 მილიარდი
6. მარკ ცუკერბერგი - $44.6 მილიარდი
7. ლარი ელისონი - $43.6 მილიარდი
8. მაიკლ ბლუმბერგი - $40 მილიარდი
9. ჩარლზ კოხი - $39.6 მილიარდი
10. დევიდ კოხი - $39.6 მილიარდი
Forbes-ის მილიარდერთა 2016 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე:
http://www.forbes.com/billionaires/list/