5 მაისს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება, სადაც სხვებთან ერთად გიორგი შერმადინის „ტენერიფემაც“ უნდა ითამაშოს.
„ტენერიფე“ რუსეთში უკვე ჩაფრინდა და ბუნებრივია, გუნდთან ერთად იყო ქართველი კალათბურთელიც, რომელიც ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურაა.
გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდში ჩავიდა, თუმცა, რუსმა მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „Marca“ ავრცელებს. ამბავს ადასტურებს და ფოტოსაც ურთავს, „ტენერიფეს“ ბრაზილიელი ლეგიონერი და შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო ჰუერტასი, რომელიც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე იმ სავარძელს აქვეყნებს, რომელზეც შერმადინს აეროპორტში ღამის გათენება იძულებით მოუხდა.