ავტორი მაია კახიძე
მეგობრებო!
ჩემი ბავშვობის მეგობარზე, არაჩვეულებრივ მსახიობზე, მამუკა კიკალეიშვილზე მინდა გიამბოთ. 3 მაისს მოსკოვში რომ გარდაიცვალა და 40 წლისაც რომ არ იყო... ორი დღის მერე ჩამოასვენეს თბილისში...
გთავაზობთ, ამონარიდს, ჩემი წიგნიდან „რაც არასოდეს მითქვამს“. დანარჩენს ამ სტრიქონებიდან შეიტყობთ. გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის დაწერა. ამიტომ მინდა გულით წაიკითხოთ, ეს მოგონება ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა. ასე, რომ კომედიური ჟანრის მსახიობს, ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონდა „სიცილიანი...“
„მინდოდა, რაიმე სასაცილო დამეწერა, მაგრამ არაფერი გამომდის“
„...ნუ დამცინი, უსამშობლო კაცზე უბედური არავინ არის“. ეს სიტყვები მამუკა კიკალეიშვილის დღიურიდან ამოვიწერე, რომლის შესახებ მხოლოდ მამუკას დედამ, ქალბატონმა ლეილა ძიგრაშვილმა იცოდა. ლეილა დეიდას ოთახი მამუკას და ლაშას ფოტოსურათებით არის სავსე: „სამკაულის გული სადღა მაქვს, მაგრამ მამუკას ნაქონ ვერცხლის სამაჯურს და ძეწკვს ვერ ვიშორებო,“- მითხრა.
სამწუხაროდ, ერთ ჩვეულებრივ სამ მაისს, სამუდამოდ წავიდა ზეციურ საქართველოში არაჩვეულებრივი მსახიობი, მამუკა კიკალეიშვილი. გული მიჩუყდება, როცა ან ფოტოებს დავცქერი, - ან მახსენდებიან ძმები. ორივე ძმას ვიცნობდი: ლაშა ჩემზე უფროსი იყო და ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, მამუკა კი...მამუკა მთელი ჩემი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებთან არის დაკავშირებული და სიმართლე გითხრათ, ისე არასოდეს გამჭირვებია წერა, როგორც ახლა, მასზე, ჩემი ბავშვობის მეგობარზე..
მე და მამუკა 12-13 წლისანი ბავშვთა თეატრის „მსახიობები გავხდით“ და ეს განსაკუთრებული სიხარული იყო ჩვენთვის. ბატონი გოგი თოდაძე დიდი სიყვარულით გვზრდიდა და მსახიობის ოსტატობის ანაბანას გვასწავლიდა. გვიხაროდა ერთად ყოფნა, რეპეტიციები, სპექტაკლები... ისეთი ცელქი და საყვარელი იყო მამუკა(ჩვენი ფუმფულიკო ბიჭი დიდი ოსტატობით ჯდებოდა შპაგატში), არადა, მრავალი წლის მერე მივუხვდი, სინამდვილეში, როგორი სევდიანი იყო თურმე.
*
იმ უმძიმესი სამი მაისის მერე, როგორც იქნა, გავბედე და ვესტუმრე ქალბატონ ლეილას, რომელმაც ჯერ 41 წლის ქმარი დაკარგა და მერე ორივე შვილი გამოეცალა ხელიდან, შვილებიც სულ ახალგაზრდები: „ჩემს გაუსაძლის ტკივილზე საუბარს ვერიდები, მაგრამ შენთვის გამონაკლისი დავუშვი: შენ კი იცი, როგორი შფოთიანი დედა ვიყავი მუდამ. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ - იქნებ, ჩემი დანაშაული ის იყო, „კავკასიურ ცარცის წრეში“ დაუდევრად რომ მეჭირა ჯვარი?! ან იქნებ, ტელესერიალ „სახლი ძველ უბანში“ არ უნდა მეთამაშა?!“
*
ლაშა კიკალეიშვილი, გაზეთ „დვრიტას“ რედაქტორი იყო, შესანიშნავი სოციოლოგი, რომელიც, სამწუხაროდ, 42 წლისა ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა, მამუკა კი 39 წლის „გაგვიფრინდა“ მეორე სოფელში. მოსკოვიდან რომ ჩამოასვენეს, ლამის გავგიჟდი, იმდენად მოულოდნელი იყო მეგობრის სიკვდილი. არადა, უამრავი მიწვევა ჰქონდა კინოში, სამსახურიც კარგი ჰქონდა, მოსკოვში, საქართველოს საელჩოს მრჩეველი გახდა, კულტურის საკითხებში.
მოსკოვში დაბეჭდილ ბოლო ინტერვიუში მამუკა ასე ამბობს: „მავნე ჩვევა ავი ძალაა, სატანაა, წყევლაა, ადამიანი ტყვედ ჰყავს აყვანილი და ასე იქნება, ვიდრე საკუთარ თავში არ დაძლევს ამ ბოროტებასო...“ საბოლოოდ კი გულმა უმტყუნა. დარჩა მისი 70 ფილმი, გამარჯვებები, პრიზები და ხსოვნა.
ქალბატონმა ლეილამ, სრულიად მოულოდნელად მითხრა: „შენ კი, როგორც მამუკას ბავშვობის მეგობარს, მისი ნაწერები მინდა გადმოგცე. გამოაქვეყნე და მის სევდასა და ტკივილს ოდნავ მაინც მოეფინება ნათელი...“
*
გულში ჩაკრული წამოვიღე ჩემი მამუკას ხელნაწერი, მწვანეყდიანი რვეული. ხელის კანკალით გადავშალე მისი ჩანაწერები, ბევრი ვიტირე, სანთელი ავუნთე და აი, ისიც, „დღიურისმაგვარი“ ფურცლები, რომელსაც საკუთარი განცდები გაანდო. რა თქმა უნდა, ყველაფერს არც არასოდეს გავამხელ, მაგრამ მამუკას ჩანაწერების გარკვეულ ნაწილს ამ წიგნში სიტყვასიტყვით დავწერ და თან, ასე მგონია, ცოტა დავმშვიდდები კიდეც:
მამუკა კიკალეიშვილის ჩანაწერები
„...სკოლის დამთავრების შემდეგ, კალმისტარი ხელში არ ამიღია. ახლა არ ვიცი, რასაც ვწერ, უნიჭობაა თუ პირიქით, მაგრამ ფაქტია - ვწერ.
...8-9 წლის ვიყავი. ჩვენი სახლის ადგილზე, ადრე სასაფლაო ყოფილა. ტრაქტორისტები, რომლებიც სხვა სახლების საძირკველს თხრიდნენ, კუბოს ამოაგდებდნენ, პატარა ჩაქუჩებს მოიმარჯვებდნენ, ჩახტებოდნენ ხოლმე ორმოში და თავის ქალებს ოქროს კბილებს აცლიდნენ...
მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი ბავშვობა. ჰოდა, იმ ეშმაკის მოციქული ტრაქტორისტებისთვის რომ არ გვეცქირა, მამას მთაზე სასეირნოდ მივყავდით. იმ მთის იქით, ლისის ტბა იყო. ერთხელ, მამაჩემის მითითებით დავალაგეთ ქვები და ნახშირით ერთ-ერთ ქვას „კუმალა“ დავაწერეთ. არ მახსოვს, ვინ დააწერა, მაგრამ ასეთ სერიოზულ საქმეს ვინ მანდობდა?! ოჯახში ინტელექტუალური საქმეები ლაშას ევალებოდა (იმიტომაც ვეძახდი „ჰალსტუხიან პეპელას“). „კუმალა“ - ე.ი. კუკური, მამუკა და ლაშა. ასე გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში ყველზე მაღალი მთა თავისი მელიებით, კურდღლებით, მცოცავებით, გათახსირებული ტრაქტორისტებით, თავის ქალებით და კუბოს ფიცრებით.
*
მამაჩემი ძალიან უცებ წავიდა ამ ქვეყნიდან. კუჭი აწუხებდა. სერგო ზაქარიაძის დაკრძალვიდან რომ დაბრუნდა, ცუდად გახდა. დედაჩემმა „სასწრაფოს“ გამოუძახა და მამა „ლეჩკომბინატში“ გააქანეს (ამ მე-4 სამმართველოში, გამოჩენილი ან პირიქით, „გამოუჩენელი“, მაგრამ ცეკას ხალხი კვდებოდა ხოლმე). კიბომ ორ თვეში მოუღო ბოლო. როცა ბოლოს ვნახე (ლაშამ წამიყვანა), მახსოვს თვალებადქცეული, გამხდარი დედაჩემი, უზომოდ შეყვარებული თავის ქმარზე... გამესამედებული, გამხდარ - გაშავებული მამაჩემი... კიბომ უკვე იცოდა, რომ ორი დღე ჰქონდა დარჩენილი...
*
კიბო თვითონ არის ავად კიბოთი, დაძრწის და ხან ვის ჩაუსახლდება, ხან - ვის. ჰოდა, ამ კიბომ ჩვენი ბედნიერი ოჯახისთვის მოიცალა, ჩაგვისახლდა და ცოტათი შეიმსუბუქა თავისი ტკივილი.
იმ ღამეს, როცა მამა გარდაიცვალა, შეშინებულს გამომეღვიძა. დამესიზმრა „ლეჩკომბინატი,“ საწოლი, რომელიც ალაგებული იყო და შავი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. ტელეფონის ნომერი მახსოვდა და საავადმყოფოში დავრეკე, ღამის ოთხი საათი იყო, მიპასუხეს - გაწერილიაო...მერე მესმოდა - „დიდი ბიჭი ხარ“ და მსგავსი სისულელეები; მერე ყველაზე საშინელი რამ ვნახე - ქელეხი, 7 ჭიქით შემთვრალთა დაპირებები...სახლში სამნი დავბრუნდით: დედაჩემი, მე და ლაშა. არ ვიცი, კიბო ჩვენთან ერთად იყო თუ არა, ალბათ - იყო.
ჩვენს სადაბაზოსთან, ნუცუბიძის ქუჩაზე, დღემუდამ, მთვრალი მეზობელი გოგია იწვა. ოცი წელი გავიდა და გოგია ისევ ისე წევს. არც ციროზი აქვს, არც - კიბო...ღემრთმა კიდევ ოცი წელი აცოცხლოს, მერე სხვამ დალოცოს, მე დავიღალე...
*
...ლაშა! ძალიან მინდოდა, რაიმე სასაცილო დამეწერა, მაგრამ არაფერი გამომდის, ვიდრე რაც მტკივა, გამუდმებით რაც მტკივა...როცა პატარობისას ენის მოჩლექით მეკითხებოდნენ: ვინ უფრო მეტად გიყვარს - დედა თუ მამაო? - დაუფიქრებლად ვპასუხობდი - ლაშა - მეთქი. ასე მგონია, ოპერაცია გამიკეთეს და კი არ ამომჭრეს, ამომგლიჯეს შიგნით, გულთან ახლოს...ლაშა - კეთილი, ჭკვიანი, ძალიან ენერგიული და სასაცილო კაცი, ნამდვილი კაცი და დაამტკიცა კიდეც, რომ განსხვავებული იყო.
ის ისე შეხვდა კიბოს, რომ მე მგონი, ცოტა შეაშინა კიდეც. ნაძირალა, კაციჭამია, რა უნდა, ერთი ვიცოდე; ნეტა, თვალებში ჩამახედა კიბოსთვის. შეიძლება, ასეც მოხდეს. ისე, კაცურად რომ ვთქვა - სულ არ მეშინია, მაგის დედაც...
*
ძალიან ბევრი კარგი ვნახე 39 წლის განმავლობაში. ვნახე ბევრი ქვეყანა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ტანადობით და სილამაზით არ გამოვირჩეოდი, ლამაზი ქალები მყავდა, კარგ ფილმებში ვთამაშობდი, ყოველ შემთხვევაში - მე მომწონდა. კარგი მეგობრები მყავდა. ყველაზე ერთგულები მომიკვდნენ: ედიშერი, ჯუზე.. ჯუზე მე დავარქვი, ყველაზე პატიოსანი ბიჭი იყო; ედიშერ გარაყანიძე კი, მოვლენა მგონია არა მარტო მეგობრებისათვის, მთელი კაცობრიობისთავის. მერაბ თოფურია შემომრჩა; მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს. მე რომ რამე მომივიდეს, ნაღდად ვერ გაუძლებს. ერთია კიდევ, ჩემსავით გადარეული მაიკო კახიძე, ისიც დაიგლეჯს თმას...უჰ, დედაჩემი...
*
ღალატი კი იმდენი ვნახე...ნელ - ნელა, ტაატით ვწერ. შემთხვევით ვინმემ რომ წაიკითხოს, „შეშლილის ჩანაწერები“ ეგონება. რაც მე ვნახე, სუმბათაშვილის „ღალატი“ იმასთან არაფერია. სულ კარგად იყო და ცუდი არ გადაგხდეს, ალბათ, არ გამოდის. ყველაფერს გადავიტანდი, ედიშერი, ჯუზე...ლაშა, ლაშა...ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. რა დავაშავე ასეთი?!
*
აბსოლუტურად გაუგებარია, რა ნიშნის მიხედვით მიჰყავს ღმერთს ხალხი. არ მჯერა, რომ მისი ნახელავია! შეიძლება, არც იცის, ან იცის კიდეც - მე არ ვიცი...მსახიობ გიგოლა თალაკვაძეს ქალიშვილი მოუკვდა - ასე, 40 წლის; გიტარაზე უკრავდა და უცებ მოკვდა. ჰოდა, იმ კარგი ქალის გასაპატიოსნებლად მღვდელი მოვიდა, გიგოლა მეორე ოთახში იჯდა გაუბედურებული. მღვდელი თავის საქმეს მორჩა, გამოვიდა და თქვა: თქვენი ქალიშვილი კარგი გოგო რომ იყო, იმიტომ წაიყვანა უფალმაო. გამწარებულმა გიგოლამ ვეღარ მოითმინა და ნამტირალევი ხმით უთხრა: დიდი მადლობა გადაეცით, რატომ შეწუხდა ჩვენი გულისთვისო...
ჩემი ოჯახისთვის ხომ შეწუხდა და შეწუხდა. მამაჩემის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მამას ბიძა დაეღუპა, ჩვენთან იყო. ათი წლის ვიყავი, ჩაის ვსვამდით, უცებ თავი ჩაღუნა და ხროტინი დაიწყო. წამოვხტი, წინიდან შემოვურბინე და საცოდავი შალიკო ძია ზემოდან დამეცა. ასე ვიწექით ლოჯიაში; ვყვიროდი, ვიდრე ხმა მქონდა, მერე ჩამიწყდა..
*
ერთხელ, უწმინდესმა და უნეტარესმა მითხრა: „შვილო, ცხოვრება იმიტომ გაქვს მძიმე და პირად ცხოვრებაში არ გიმართლებს, რომ პროფესიაში გიმართლებს ძალიან.“ არ ვიცი, ძალიან გამართლება რას ჰქვია, მაგრამ ფაქტია - პირად ცხოვრებაში კარგი არაფერი მინახავს...ისე, ვინ გაყო შუაზე და ვინ გაავლო ხაზი პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის?! ჩემი პროფესია ხომ ჩემი ცხოვრების წესია?! ეს მთელი ცხოვრებაა - სცენა, გადასაღები მოედანი და...მეტი არაფერი...
*
...დღეს, ამ ბოლო წლებში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ერთ პაწაწინა ქალაქში ვიყავი და იქ მომძებნეს ჟურნალისტებმა. ცოტა გამიკვირდა, რადგან ქართველების მიმართ დამოკიდებულება თანდათან ცუდისკენ შეიცვალა. ეს მაშინ მოხდა, როცა ერთმა უტვინო ქართველმა დაიღრიალა - რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. ქართველობა კარგია, მაგრამ - ძნელი, იმიტომ, რომ ცოტანი ვართ. დედას გეფიცებით, მეტირება, როცა კარგ ქართველ ექიმს, ვთქვათ, ტელეგადაცემაში აქებენ. ისიც აქ ცხოვრობს და ამათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემსახურება.
ყველაფერი გინდა თქვა, მოასწრო...იმ ჟურნალისტებისთვისაც ბევრი მქონდა სათქმელი.
*
საქართველოში კარგად ეხერხებათ დამკრძალავი კომისიების შექმნა, ცრემლების „ღვარღვარი“ ან, პირში წიწკაგამოვლებულივით, ლანძღვა. ლანძღვა იმათი, ვინც სხვა ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად, იმიტომ, რომ საქართველოში გამეფებულ რეჟიმს ვერ მოერგო...ბევრნი ვართ გადმოხვეწილი, ბევრნი, რომლებმაც ვერც დაცვაში ვიმუშავეთ, ვერც პოლიციაში...
ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც დედაჩემია, ჩემი ანდროა, სადაც ჩემი ძმისშვილები - სალომე და ნუცა არიან და არ არის ის, რისთვისაც დავიბადე, - ჩემი ხელობა, არ არის, არ არის...მეტყობა, ალბათ, პირველად რომ მიჭირავს კალამი სკოლის დამთავრების შემდეგ. მერაბ, ნუ დამცინი, უსამშობლო კაცზე უბედური არავინ არის...ისეთებიც ბევრნი არიან, გული რომ უცხოეთისკენ გაურბით. მაგალითად, ჩვენი ქართლოსის ძმა - ჰაოსის შთამომავალნი, რაც უფრო შორს არიან ეჩმიაძინიდან, უფრო კარგად გრძნობენ თავს. ამ ჩვენი ძმების ერთ-ერთ წვეულებაზე, ძალიან ბევრი ვიცინე. როგორც ჩვენ ვმღერით „ჩემო თბილის ქალაქოს“, ზუსტად ისე მღეროდნენ თვალცრემლიანები - „ლოს-ანჯელეს, ლოს-ანჯელეს“...ჩემი ნევროზიც და ყველა უბედურება ამით არის გამოწვეული.
*
ყველაზე მეტი სევდა მაშინ შემომაწვება, როცა ტრასაზე მანქანით მივდივარ ან მატარებელში ვზივარ და ფანჯარაში ვიყურები. ვხედავ მიყრუებულ სოფლებს ან პატარა ქალაქებს, შორს მოჩანს მბჟუტავი შუქი ფანჯრებიდან...ეს, ძირითადად, ღამით ხდება - 3 - 4 საათზე. ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, როგორც კოლოფში, ძალიან პატარა კოლოფში... მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი, არც მათ იციან, ვინ ვარ მე...ისე, ვისაც ტელევიზორი აქვს, ვუნახივარ, ალბათ...
*
...საერთოდ, სიკვდილთან სულ ახლო ურთიერთობა მქონდა. ძმაკაცები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რომ იტყვიან - ჩემი „კარგი“ ნაცნობია. სინამდვილეში კი, შავ-თეთრიც არ არის - რაღაცნაირი ნაცრისფერია...“
პ.ს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ და ვერ დავწერე. რა არის 39 წელი ადამიანისთვის? არც არაფერი! მამუკას უამრავი კარგი ფილმი და რეჟისორი ელოდა, ახალი სპექტაკლები, გასტროლები... უბედნიერესი ადამიანი ვარ, მამუკასთან, ედიშერ გარაყანიძესთან და მერაბ თოფურიასთან ერთად რომ მითამაშია სცენაზე და ეს მართლაც ოქროს ხანა იყო, მაგრამ ამავდროულად ვარ უბედურიც, ასეთი ნიჭიერი და გამორჩეული ორი ბავშვობის მეგობარი რომ მივაბარეთ მიწას. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი საყვარელი მეგობრები ჩემს გულში მეყოლებიან და ვიცი, იციან ეს. ჰო, რა ამის პასუხია და რატომღაც გამახსენდა, როგორი ბედნიერი იყო მამუკა, როდესაც „დონ-კიხოტის“ გადაღებაზე, მის სანჩო პანსას დიდი სერგო ზაქარიაძის ფეხსაცმელი ეცვა ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“. ვინ ვინ და მე კარგად ვიცი, როგორი სევდიანი იყო ის ჩემი მამუკა კიკალეიშვილი, რომელსაც დედაჩემიც კი ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს. ედიშერსაც...
უჰ, კიდევ ბევრი რამ მახსენდება, რაც მინდა ვთქვა და დანარჩენს სხვა წიგნში გავაგრძელებ.
მშვიდად იყავით. ალბათ, ერთად ხართ მაგ „თქვენ სოფელში“ ჩემო ძვირფასო მამუკა და ედიშერ. უსაზღვროდ მიყვარხართ, უსაზღვროდ...
და კიდევ, ჩემო, მამუკა: შენი საყვარელი დონ კიხოტი, კახი კავსაძეც შენკენ წამოვიდა და მგონია, რომ ორივე ძალიან გაიხარებთ ერთმანეთის ნახვით...
დიდი სიყვარულით და დიდი სევდით მაიკო კახიძე