თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერორიზმმა ცინიკური და მასშტაბური ხასიათი მიიღო და საჭიროა მსოფლიოს გამოფხიზლება რეალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი ტერორისტული ქმედებების ჯაჭვი დარჩეს, როგორც ამბავი, რომელზეც გაბრაზებული ლიდერები ცხელ გულზე განცხადებას გააკეთებენ
„აბსოლუტურად ნათელია, რომ პარიზის, ბრიუსელის, სტამბოლის ტერორისტული აქტების შემდეგ არათუ შემცირდა, გაცილებით უფრო ცინიკური და მასშტაბური ხასიათი მიიღო ტერორიზმის გამოვლინებამ ევროპაში. ჩვენ თურქეთში უამრავ ქალაქში ვნახეთ, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და გუშინ ნიცაში. დიახ, ევროპა ებრძვის ტერორიზმს, ბევრი ღონისძიება ხორციელდება ამისთვის, მაგრამ ჩვენ კვირიდან კვირამდე ვრწმუნდებით რომ ეს არასაკმარისია. იმ საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს სამყარო დგას, გამოწვევა აქვს უფრო დიდი ვიდრე, ვხედავთ პასუხს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი გამოფხიზლებაა საჭირო მსოფლიოში რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.