logo_geo
eng_logo
ჯადოქარი სააკაშვილი, ანუ „ძლევაი საკვირველი“ პოსტმოდერნისტულ ეპოქაში
- +

15 ივლისი. 2016. 12:02


ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაგარ ფორმაში, მაგრამ ეს არის ფორმის დასაწყისი. ყრილობისთვის ვიქნებით უფრო ძალიან მაგარ ფორმაში. საბოლოო ღონისძიება იქნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე სტადიონზე და იქ სულ სუპერფორმაში ვიქნებით. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი აურაა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურეზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის მზად არის. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს", - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ კაგებეს ჯარების ეფრეიტორმა სააკაშვილმა.



როგორც კი გავიგე, რომ სააკაშვილმა დიდგორი ახსენა, გამახსენდა გორში 2008 წლის 11 აგვისტოს მისი სამარცხვინო გაქცევა. იქ მაშინ სრული სიმშვიდე სუფევდა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად იდგა და ელოდებოდა, რომ სააკაშვილი ინტერვიუს დაასრულებდა და მას მიესალმებოდა. პათოლოგიურ ლაჩარს და ფსიქოპათ სააკაშვილს უცებ რაღაცა მოელანდა ცაში და მთელ საქართველოს თავი მოსჭრა - თავქუდმოგლეჯით გაიქცა! მის სამარცხვინო სპრინტს შესაბამისი კომენტარებით რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელეკომპანია აჩვენებდა. მე იმ დღესვე ვუყურე ამ სცენას „BBC"-ით: კარგად ისმოდა სააკაშვილს გაკიდებული დაცვის ოფიცრების ყვირილი: „ფეხი დაუდეთ, მაგის დედაც მ..!" ბოლოს დაეწია დაცვა, წააქციეს და გადაეფარნენ. სააკაშვილი მანქანაში ჩასვეს და თბილისში გააქანეს (მისი ფსიქოპათური შეტევების დროს დაცვას სააკაშვილი დედა - გიულისთან მიჰყავდა ხოლმე). კუშნერი კი გორში დარჩა და ერთ საათზე მეტ ხანს ათვალიერებდა გენერალისიმუს სტალინის მუზეუმს. თბილისში აკრედიტებული დიპლომატების დიდი ნაწილი მაშინ დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი თვითონ გადადგებოდა პრეზიდენტობიდან ვითარების სტაბილიზაციის კვალობაზე. მათი აზრით, გორში მომხდარი კაზუსის შემდეგ სააკაშვილის პრეზიდენტად დარჩენა წარმოუდგენელი იყო. მე კი ვუხსნიდი, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სწორედ ახლა მთელი ძალით ჩაებღაუჭებოდნენ ძალაუფლებას და განსაკუთრებულ სისასტიკესაც გამოიჩენდნენ ოპონენტებისა და ხალხის მიმართ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურეზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის მზად არის. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს", - ამბობს სააკაშვილი ზემოთ ციტირებულ განცხადებაში. ზოგი ამ სიტყვებს ზღვარგადასულ ცინიზმად აღიქვამს. მართლაც, სააკაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში უბინძურეს სადისტურ სისტემას ედგა სათავეში და დაამტკიცა, რომ თვითონ არის ყველა სიბინძურეზე წამსვლელი; ფსიქოპათი, რომლის ბრძანებებით სასტიკად აწამებდნენ და კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს; ადამიანი, რომელმაც სხვა მძიმე დანაშაულებთან ერთად უმძიმესი - სამშობლოს ღალატი - ჩაიდინა საკუთარი მეგალომანიური გეგმების განსახორციელებლად, ამ ყველაფერს სხვა მხარეს აბრალებს, რომელსაც მსგავსი არაფერი ჩაუდენია. მიხეილ სააკაშვილს ახლოს ვიცნობ და ბევრჯერ მითქვამს, რომ ასეთ ეპიზოდებში ის შეგნებულად კი არ სტყუის ხოლმე, არამედ მართლა სჯერა იმისა, რასაც იმ მომენტში ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ დიდგორის ხსენებისას სააკაშვილი თავის თავს ისევ დავით აღმაშენებლად აღიქვამდა, გმირ მეფედ, რომელიც უხსნის თავის ხალხს, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია! სააკაშვილი მართალია იმაში, რომ საბოლოო ჯამში „ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს". 2012 წელს თავიდან ფეხებამდე ბინძური თვითონ იყო თავის თანამზრახველებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა კი თავგანწირულად იბრძოლა და სააკაშვილს ვერაფერმა უშველა - ვერც სადისტურმა სისტემამ და ვერც ყველა მორჩილმა ტელევიზიამ „რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობით.


ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს, რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმრ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა.

 

აბა, იფიქრეთ, როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის), იყოს სენატორ ჯონ მაკ-კეინის და ბელარუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს მსოფლიო ბანკის" რეიტინგში (ბიზნესის იოლად წარმართვა") მისი ვარსკვლავური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები.

 

ის ის კაცია, რომელიც ლაპარაკობს სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარიის" აშენებაზე (დაბალი გადასახადები, მთავრობის მინიმალური ჩარევა), მაგრამ იმავდროულად ცდილობს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს (რაც უზარმაზარი რაოდენობის ახალ რეგულაციებს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას მოითხოვს). ერთი და იგივე ლიდერი ნაციონალურ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე ლაპარაკობს და იმავე დროს არის ავტორი ახალი ბრჭყვიალა შუშის ხიდისა, რომელიც უფრო ჯორჯიის ატლანტას მოუხდებოდა და რომელმაც დაასახიჩრა თბილისის ძველი უბანი.

 

ყველა პოლიტიკურ დებატში, იქნება ეს ეკონომიკა, აფხაზეთი თუ სამხრეთ ოსეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ სოციალური საკითხები, ის დისკუსიის ორივე მხარეზე ყოფნას ახერხებს. ამასწინათ ციტირებდნენ მის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილზე ის მთავრობას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. აი, მართლაც პოსტმოდერნისტი პრეზიდენტი", - წერდა 2010 წელს ცნობილი მეცნიერი და კავკასიისა და საქართველოს ბრწყინვალე მცოდნე თომას დე ვაალი. ის არ ირონიზირებს. ჩვენს დროში, ანუ პოსტმოდერნისტულ ეპოქაში, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნების ლიდერებიც კი სულ უფრო ხშირად ისეთ რამეებს კადრულობენ, რაც ცოტა ხნის წინ დასავლეთში წარმოუდგენლად მიაჩნდათ. მაგრამ „მიშა-ჯადოქართან" ახლოს ვერ მოვლენ....


კორცხელის ცემა-ტყეპამ ორი რამ დაადასტურა: ქოცების" სრული უნიჭობა და ნაცების" ზებუნებრივი უტიფრობა", -  წერდა კახა კირვალიძე წერილში „ოცნების" დაჩმორება - რისთვის იბრძოდნენ „ნაცები" და „ქოცები" კორცხელში?". 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ოცნების" გამარჯვების შემდეგ „ქოცების" სრული უნიჭობის და „ნაცების" ზებუნებრივი უტიფრობის დემონსტრირება რეგულარულად ხდება და კორცხელის ინციდენტიც, მართლაც, მხოლოდ კიდევ ერთი დადასტურებაა მათი ამ თვისებებისა. თუმცა საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რას ვგულისხმობთ ქოცების „სრულ უნიჭობაში". ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ ერთმა გამოცდილმა სახელმწიფო მოხელემ მითხრა, რომ დარწმუნდა, რომ „ქოცები" „ნაცებს" შეეკვრნენ და თავისი კონტრპროდუქტიული მოქმედებით შეგნებულად უწყობდნენ მათ ხელს. „ქოცები" ან კლინიკური იდიოტები არიან, ან „ნაცებთან" შეკრულები. კლინიკური იდიოტები ნამდვილად არ არიან, ესე იგი, „ნაცებს" შეეკვრნენ. სხვანაირად მათი მოქმედების ახსნა შეუძლებელია", მარწმუნებდა ჩემი ძველი ნაცნობი. მინდა დავადასტურო, რომ „ქოცები", განურჩევლად მათი კულტურის და განათლების დონისა, იდიოტები ნამდვილად არ არიან. აბსურდულია, იდიოტები უწოდო ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია პირად გამდიდრებასა და კარიერის კეთებაში, რა ხერხებითაც არ უნდა გაეკეთებინათ ეს. საქმე ის არის, რომ პოლიტიკურად „უნიჭოა", უფრო ზუსტად კი, პასიურია და უნიათო ჩვენში დამკვიდრებული მართვის პატრონ-კლიენტელური, ანუ პატრონყმული სისტემა. ასეთი სისტემის პირობებში წამყვანი „ცნობადი" სახეების გუნდად შეკვრა, პოლიტიკური მობილიზება, მათი პროაქტიური მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემა ავტორიტარული ხდება და თვითონ „ხაზეინი" არის პოლიტიკურად მოტივირებული. დღეს „ოცნების" რიგებში არის ერთი-ორი ცნობადი სახე, რომელიც ვარდების რევოლუციამდე სააკაშვილს ედგა გვერდში. მათ კარგად ახსოვთ, როგორ ყვიროდა მიშა ვარდების რევოლუციამდე მოწყობილ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომ ის და მხოლოდ ის უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. დედაჩემი გიული მარტო მზრდიდა, მამასთან გაშორებული იყო, გიულიც რომ გადამეღობოს ჩემს გზაზე, მაგასაც მოვკლავ! მაგრამ ვინც კი გვერდში დამიდგება, ყველას დავუფასებ ბოლომდე, არც ერთი არ ინანებს"- ღრიალებდა მაშინ ექსტაზში შესული სააკაშვილი, რომელმაც იმ მომენტისათვის იგრძნო და იწამა, რომ მისი გაპრეზიდენტება რეალური იყო. სიტყვაც შეასრულა - მის „გუნდში" უკმაყოფილოები მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც აშკარად იმაზე ბევრად მეტი მოითხოვა, ვიდრე ეკუთვნოდა საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო საქმეში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე, რაც გუნდის სხვა წევრებისათვის ცხადი იყო. ამიტომაც ბანდად ქცეულ გუნდს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩამოშორდა, დარჩენილები კი კიდევ უფრო შეიკვრნენ და დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ სააკაშვილის ნებისმიერ, თუნდაც სრულიად უკანონო ბრძანებას. ის კი არა, ამ ადამიანების ბირთვი დღესაც შეკრულია და ასრულებს უკრაინის მოქალაქის ბრძანებებს. რაც შეეხება ამჟამად კარავში "მცხოვრებ" ოდესის ოლქის გუბერნატორს, მას პოლიტიკური ამბიციები არ შეუნელდება ვიდრე ცოცხალია: მისი არასრულფასოვნების კომპლექსი და ამ კომპლექსით გამოწვეული მეგალომანია, მისი ნარკომანიული დამოკიდებულება ძალაუფლებით ტკბობაზე; სხვა ადამიანებისათვის საკუთარი ახირებული ნების ძალით მოხვევის და საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილი განაპირობებს იმას, რომ სხვანაირად არსებობა არ შეუძლია. (ერთი დაზუსტებაც: კარავში სააკაშვილი მხოლოდ იმისათვის შედის, რომ ეს ტელევიზიამ გადაიღოს და გაავრცელოს).


სულ სხვაა დღეს მოქმედი პატრონყმული სისტემა. ვისაც უნახავს ფილმი „უდაბნოს თეთრი მზე", ემახსოვრება, როგორ გადაარჩინა წითელარმიელმა სუხოვმა ყაჩაღად გავარდნილი აბდულას (ანუ კახი კავსაძის) ჰარამხანა; როგორ დააბინავა გადარჩენილი ქალბატონები და სთხოვა ერთ-ერთ ქალს, „საერთო საცხოვრებლის მორიგე" ყოფილიყო იმ დღეს. „ბატონმა საყვარელ ცოლად დამნიშნა! ბატონმა საყვარელ ცოლად დამნიშნა!" -  ასეთი აღტაცებული შეძახილებით ამცნო ამ ქალბატონმა აბდულას სხვა ცოლებს თავისი „დაწინაურება". მისი მენტალიტეტი ახალი „ბატონის" სიტყვების სხვანაირად გაგებას გამორიცხავდა. თვითონ სუხოვს კი აზრადაც არ მოსვლია, რომ მის თხოვნას ასეთი ინტერპრეტაცია მიეცემოდა. ჩვენში თავისთავად დამკვიდრებული პატრონყმული სისტემა ძალზე წააგავს ასეთ ვითარებას. ივანიშვილს არ გააჩნია პოლიტიკური ამბიცია, საჯაროდაც უთქვამს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა, რომ გახდეს პოლიტიკოსი. ივანიშვილი მხოლოდ მაშინ ერევა პროცესებში, როცა ჰგონია, რომ ამით საქმეს უშველის. შესაბამისად, მოქმედი პატრონყმული სისტემა მოკლებულია ავტორიტარიზმის თვისებებს. ასეთ ვითარებაში გარდაუვალი იყო კოალიციიდან საკუთარი პოლიტიკური ამბიციების მქონე დაჯგუფებების გასვლა („თავისუფალი დემოკრატები", „რესპუბლიკელები") და ასევე გარდაუვალი იყო, რომ დარჩენილები ვერ შეიკვრებოდნენ პოლიტიკურ გუნდად და მათი დიდი ნაწილი „თავის საქმეებს" მიხედავდა.


საპარლამენტო არჩევნებამდე სულ სამი თვეა დარჩენილი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ქოცების" სრული უნიჭობა და „ნაცების" ზებუნებრივი უტიფრობა" სულ უფრო მწვავედ ვლინდება. ზოგიერთ მნიშვნელოვან ამბავს მომდევნო წერილებში გავაანალიზებ.


ამ წერილს კი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, სტალინგრადის დაცვისა და მრავალი სხვა ბრძოლის მონაწილის ნიკოლოზ ჩარაშვილის სიტყვებით დავასრულებ: თუ ღმერთმა ინება და სააკაშვილი ხელისუფლებას მოაშორა, აუცილებლად უნდა დაიწყოს იმ დანაშაულის გამოძიება, რომელსაც ათასობით მსხვერპლი და ათიათასობით დევნილი მოჰყვა! პირადად მე ვადანაშაულებ სააკაშვილს სიმხდალეში, რადგან რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კურდღელივით მოკურცხლა და შემდეგ შიშისაგან პარალიზებული გორში მიწაზე დაემხო... ფრონტზე ასეთ ლაჩრებსა და პანიკიორებს ადგილზე ვხვრეტდით!"


ბატონმა ნიკოლოზმა ეს სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის ოთხი წლის თავზე თქვა - 2012 წლის 8 აგვისტოს. ორიოდე თვის შემდეგ ქართველი ხალხის ნებამ ძალაუფლებას ჩამოაშორა ლაჩარი და პანიკიორი სააკაშვილი და მისი თანამზრახველები. მაგრამ „ქოცებმა" არ ინებეს და დღემდე არ გამოიძიეს მისი მრავალი დანაშაული, მათ შორის უდიდესი - სამშობლოს ღალატი. ეს რომ გაეკეთებინათ, დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი „პოსტმოდერნისტული ძლევაი საკვირველი" „ნაცების" და „ქოცების" ერთობლივი ნაწარმია!


პეტრე მამრაძე, 5 ივლისი, 2016 წელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner