უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაობას აფასებს. კაკაბაძის განცხადებით, არაკვალიფიციურად მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
„2014 წელს პროკურატურამ საქმე აღძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, არადა, ევროსასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. სულხანი უკანონოდ დააპატიმრეს და სამართლიანი სასამართლო პროცესი არც ჩატარებულა. სტრასბურგის სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ჰქონდა სრული იურიდიული საფუძველი, წამების მუხლით დაეწყო გამოძიება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
მე ვიყავი პირველი, ვინც ნაწამები სულხან მოლაშვილი მოინახულა ციხეში... სულ ვამბობდი, რატომ არ დამკითხეს, ნუთუ არ აინტერესებთ, რა მითხრა და დაასახელა თუ არა მწამებლები-მეთქი. ჩემს დაკითხვას ვინ დაეძებს, სულხანიც კი არავის დაუკითხავს და ახლა დაგვრჩა მხოლოდ მისი ინტერვიუები პრესაში.
მხოლოდ ექიმები დაჰკითხეს - დამალეს თუ არა წამების კვალი, დროულად უმკურნალეს თუ არა... სინამდვილეში, ექიმებს ხმა რომ ამოეღოთ, შესაძლოა, მოლაშვილის დღეში აღმოჩენილიყვნენ... დღესაც მზად ვარ და დამკითხონ მოლაშვილის საქმეზე!
ხომ დაუჯერებელი, სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაედგინა, რომ მოლაშვილის წამებას ჰქონდა ადგილი?! მაშინ საქართველოს პროკურატურამ რით ვერ იპოვა ეს საფუძველი?! რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა კაკაბაძემ.