საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაარსებული „სოლიდარობის ფონდი" ახალ ინიციატივას აჟღერებს. ფონდი ამჯერად 4 წლის გაბრიელს დაეხმარება, რომელსაც კვლევები აშშ-ს წითელი ჯვრის ცენტრში ჩაუტარდება:
„ეს 4 წლის გაბრიელია. მისი დიაგნოზი სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება - ბეტა თალასემიაა. პატარას ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანატაციის ოპერაცია. დონორის განსაზღვრისათვის კი პირველ რიგში საჭიროა შეთავსებადობის HLA ტიპირების კვლევის ჩატარება.
ვინაიდან საქართველოში აღნიშნული კვლევა არ ტარდება, საქართველოს სოლიდარობის ფონდის კოორდინაციით, ამერიკის იელი ნიუ-ჰავენ ბავშვთა ჰოსპიტალის (Yale New-Haven Children's Hospital) და ამერიკის წითელი ჯვრის HLA სერვისის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში პირველად განხორციელდა HLA ტიპირებისათვის მასალების აღება სამი ბავშვისათვის. მათ შორის გახლდათ 4 წლის გაბრიელი.
სოლიდარობის ფონდის ხელშეწყობით, იაშვილის კლინიკიდან ბავშვის HLA ტიპირებისთვის მასალა აშშ-ს წითელი ჯვრის ცენტრში გაიგზავნა შესაბამისი დონორის გამოსავლენად. პოტენციური დონორის გამოვლენის შემთხვევაში განიხილება გაბრიელის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციის განხორციელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელი ნიუ-ჰავენ ჰოსპიტალში.
ეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის სერვისების გაძლიერების კუთხით.
ერთად შევქმნათ სიცოცხლის ისტორიები- „სიკეთე გადამდებია"