„ნონსენსია, როდესაც ადამიანი თავს ასაღებს პოლიტიკოსად, აქვს ამბიცია პარტიის თავმჯდომარეობაზე, მის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება და არ გამოდიოდეს. დასავლეთში ამას ხმამაღლა და ვერ იტყვიან, თუმცა ფაქტია ყველასთვის იწვევს გაკვირვებას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია ადამიანის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად გასაღები და არ გამოდიოდეს ციხიდან.
„ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანი ინსტრუმენტია, იარაღი, ხელსაწყო იურიდიული ენით რომ გითხრათ მიხეილ სააკაშვილის ხელში. ნიკანორ მელია ვერ აღწევს თავს ამ ადამიანის მარწუხებს. ეს არის ამ პარტიის პრობლემა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის დროს, რომ ამ პარტიისთვის არ არის მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებები. ისინი თამაშგარე იყვნენ და დარჩნენ თამაშგარე. ეს მათი არჩევანია და საზოგადოება არჩევნებზე ყველაფერს შესაბამის შესაფასებას მისცემს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.