“სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი-შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში NATO-ს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს”, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა გლობალური უსაფრთხოების და NATO-სთან პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი მონაწილეობა უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს. ჩვენ იმედებით ვუყურებთ ყველა სამიტს, რათა პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო ხელშესახები და პროგრესირებადი იყოს.
ამავე იმედით და ოპტიმიზმით ვუყურებთ NATO-ს მორიგ სამიტს. ჩვენი ამოცანაა NATO -ში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში. გეოსტრატეგიული რეალობის გათვალისწინებით, სისტემური კონკურენციის პირობებში, სადაც რუსეთი განსაკუთებულ აგრესიას იწვევს გავლენების დასაბრუნებლად, დასავლეთს სჭირდება მეტი მობილიზაცია, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.