logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ძნელია პროგნოზირება, რეალობაში რამდენად სწრაფად მოხდება გლობალურად ვაქცინების წარმოების ტემპების საგრძნობლად გაზრდა
- +

7 მაისი. 2021. 02:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მხარი დაუჭირა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადებას, უარი ეთქვას „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შემქმნელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვას.

ბაიდენის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში აფასებს.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვაქცინების წარმოებასთან დაკავშირებული პატენტების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკულ კომპანიებზე (ფაიზერი, მოდერნა, ჯონსონ & ჯონსონი, ნოვავაქსი) მოდის.

 

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში სამხრეთ აფრიკის და ინდოეთის მიერ მოწოდებული ღონისძიების მხარდაჭერის გამოხატვისას ამერიკის წარმომადგენელმა ქეთრინ ტაიმ გუშინ განაცხადა: "პანდემიის ექსტრაორდინარული მომენტი გვკარნახობს ექსტრაორდინარული ნაბიჯების აუცილებლობას".

მან ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ინიციატივის მხარდაჭერა სხვა წევრების მხრიდან, და რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად დრო იქნება საჭირო. WTO-ს წევრი ქვეყნებიდან ასამდე ქვეყანა სავარაუდოდ, მზადაა აღნიშნული ღონისძიების მხარდასაჭერად, რომელზეც კენჭისყრა მომავალ თვეში იგეგმება.

 

ჯანმო-ს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ დადგა გადამწყვეტი, "მონუმენტალური მომენტი" კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუმცა, ვაქცინების წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ტრანსფერი რეალობაში საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება, არც ისე ბევრია მსოფლიოში კომპანიები, რომლებიც მოახერხებენ პროდუქციის ჯაჭვის დროულად და ხარისხიანად აწყობას. ასე რომ, ძნელია პროგნოზირება, რეალობაში რამდენად სწრაფად მოხდება გლობალურად ვაქცინების წარმოების ტემპების საგრძნობლად გაზრდა.

 

ასევე მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ კერძო კომპანიების მიერ პანდემიების პრევენციის და აღმოფხვრის სამეცნიერო კვლევების სამომავლოდ განზრახულ მსხვილ ინვესტიციებზე შემაფერხებელი გავლენა იქონიოს.

 

გასათვალისწინებელია ისიც, ხომ არ მოხდება ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების მიერ მისაღები მოგების გადანაწილება ძირითადად იმ ქვეყნებისკენ, რომელთა მიერ ინტელექტუალური საკუთრების დაუცველობა ყოველთვის იყო პრობლემა და რომლებიც ვაქცინების დიპლომატიას საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური დომინაციის მიზნით გამოყენებას ცდილობენ - რამდენადაც მათ (განსაკუთრებით, ჩინეთს, ასევე - რუსეთს) ტექნოლოგიური მზადყოფნის გაცილებით უკეთესი დონეც გააჩნიათ.

სწორედ ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივები იყო წამყვანი აშშ ყოფილი პრეზიდენტის, ისევე როგორც ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მიდგომებში, როცა არ უჭერდნენ მხარს ვაქცინების პატენტების უფლების თუნდაც დროებით შეჩერებას.

 

ჯო ბაიდენმა, როგორც მსოფლიო მედია აღნიშნავს, ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ღარიბი ქვეყნების მილიარდობით მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა ჩათვალა პრიორიტეტად.

და რადგან პანდემიის დასრულება მხოლოდ მისი გლობალურად აღმოფხვრის შედეგად შეიძლება მოხდეს, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით აშშ პრეზიდენტი ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკელი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს“, - წერს კირტავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner