logo_geo
eng_logo
ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა
- +

15 ივლისი. 2016. 12:33

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა.

 

ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დღეს ჩოხატაურში მწერლის იუბილე აღნიშნეთ. გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და თეატრში საკმაოდ კარგი სპექტაკლის ჩვენებაც მოეწყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს სამი ბუმბერაზი ადამიანის - ნოდარ დუმბაძის, ვაჟა-ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა და ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

 

სახლ-მუზეუმის შემდეგ, სტუმრებმა ჩოხატაურის ცენტრში დუმბაძის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა და კულტურის სახლის მშენებლობა მოინახულეს.

 

ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამო კინოთეატრ გურიაში სპექტაკლ სისხლის ძახილის ჩვენებით დასრულდა.

 

 

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა.  9–10 წლისამ  მშობლები დაკარგა. მოზარდობის წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა. სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს.

 

ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა.

 

ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს.

 

თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.

 

ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 

 

გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner