„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრი აკაკი ზოიძე ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ამბობს, რომ ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. აქვე ზოიძე აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, მთავრობის მხრიდან მხრიდან მიუღებელია ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილება.
„თუ ობიექტურად შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანობაში ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის ელემენტარული ნიშნები არსებობს, რომლის შემჩნევა ეკონომისტობას არ მოითხოვს, ისედაც შეიმჩნევა, როგორი მოხმარებაა ქვეყანაში, რამდენი ავტომობილია, რამდენი ძვირფასი ტელეფონი და რამდენი სხვადასხვა ფუფუნების საგანი. გასაგებია, რომ ეს არ ასახავს გაჭირვებული ადამინების ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენთან, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში დემონსტრაციულ მოხმარებასთან გვაქვს საქმე. იმისთვის, რომ სტატუსი დავამტკიცოთ, ვყიდულობთ ძვირადღირებულ ტელეფონს, დავდივართ ძვრადღირებული მანქანებით. მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა ეს.
მე პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრობა უნდა გადმოჯდეს შავი „ჯიპებიდან". ეს არის დემონსტრაციული მოხმარება, რომელიც მთავრობის მხრიდან მიუღებელია. იმ პირობებში, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, როდესაც ამდენი უმუშევარია, როდესაც ვამბობთ, რომ პენსიის მომატება 180 ლარის ზემოთ არ შეგვიძლია, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული დანახარჯები იყოს ოპტიმალური. ვერავინ დამაჯერებს, რომ ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილება - ეს არის ოპტიმალური მოხმარება", - ამბობს აკაკი ზოიძე.