PALITRANEWS-ის რუბრიკა „ბლიცინტერვიუში" მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ყველზე მძაფრი მოგონებები გაიხსენა.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- ჩემი ცხოვრება შეცვალა აი, ამ ომმა. პირველად ვნახე აქ 89 წელში, ჩვენი ბავშვები საშიმშილოდ რომ მთავრობის სახლთან დასხდნენ. ასეთი რამ არავის გვენახა. პლაკატებით და პლედებით ქუჩაში შიმშილობდნენ. თბილისში დავრეკე და ჩემმა ცოლმა აიღო, ტელეფონში მესმის, რომ ტირის, რა მოგივიდა-მეთქი, ვკითხე და გვკლავენო, რუსის ჯარისკაცები გვკლავენო... თბილისში რომ შემოვედი, კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული. ტანკების დანახვაზე ცუდად გავხდი. სახლში რომ შევსულვარ, მე არ მახსოვს, ტუალეტში ტირილი დამიწყია. ისტერიკა დამემართა...
- ყველაზე მძაფრი მოგონება...
- შავი პურის ტალონები გვქონდა. 300 გრამს გვაძლევდნენ კაცზე. ერთხელ დედაჩემმა პურზე გამიშვა და ეს ტალონი დამეკარგა. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორ ტიროდა დედაჩემი. ძალიან გვშიოდა ხოლმე. დღემდე მაქვს სინდრომი გამოყოლილი, თუ ბაზარში შევედი, ძალიან ბევრ პროდუქტს ვყიდულობ, მიხარია ბევრს რომ ვხედავ.
- ერთხელ გავრისკე და...
- იყო ასეთი 12-სერიანი ფილმი „ტასი უფლებამოსილია განაცხადოს". ამერიკელ ცუდ კაცს ვთამაშობდი. ეს ფილმი უნდა გადაეღოთ რეჟიმში, მზის ამოსვლის დროს უნდა გამოჩნდეს ვერტმფრენი, რომელიც შემდეგ უნდა დაჯდეს, მერე უნდა გამოვიდეთ და რაღაც უნდა მოხდეს იქ. მივედი, ვიკითხე, ვისთან ერთად უნდა ვიფრინო-მეთქი და გამიშვეს ბარაკში, სადაც სამი კაცი იჯდა და სვამდა. შევხედე, ორი ბოთლი უკვე დალეული აქვთ, ვაიმე, რა უნდა ვქნა, რომ ჩავუშვა, სამსახურიდან გააგდებენ. ავედით თვითმფრინავში და აფრინდა. გვეშინია, ძალიან ცუდად მიფრინავს და ვიკითხე, არაყი ხომ არ გაქვთ-მეთქი, ნახევრად სავსე გამტვერილი ბოთლი ამოიღო და ისიც დავლიეთ. ზუსტად წერტილში დასვა თვითმფრინავი და მფინავს მაშინვე დაეძინა.
- მეშინია...
- ახლა მხოლოდ რუსეთის. ასე არ მორჩება, ჩვენ როგორც გვგონია, რომ მწვანილს და ღვინოს გავგზავნით და ისინი მიიღებენ. ჩემს დაბადების დღეზე 8 წლის წინ მედვედევის დეპეშა მოვიდა და დამაჯილდოვა მეგობრობის ორდენით. მე უარი ვთქვი, რა მეგობრობა, ტანკები შემოსულია, გინგრევენ ქვეყანას თავზე და შენ მემეგობრები?
ვერ წავალ იმ ადამიანთან, რომელიც რაღაცას მიშავებს. რა გამოდის, მე მივიდე და ფეხსაცმელი გავუწმინდო?
- თბილისმა დაკარგა...
- თბილისმა ბევრი რამ დაკარგა. ერთხელ ფრანგი სტუმრები გვყავდა და ხაშის საჭმელად წავედით. ერთ-ერთმა მითხრა, დიდი კოლბა უნდა იყიდოთ და თბილისს დაახუროთ, რომ ხელი არავინ მოკიდოსო. ახლა ქალაქში ვეებერთელა შენობებია ამოჩხერილი, მახინჯდება ქალაქი.
- დრო არის...
- როდის ვგრძნობ, იცით, დროის გასვლას? უკვე ნაკლები ხალხი გირეკავს. მიდიან. კვირაში ერთხელ ვიღაცის დაკრძალვაა. დრო ჩვენი ცხოვრების ღერძია, სანამ ინტერესი გვაქვს, ცოცხლები ვართ, როცა აღარ გვექნება - წავალთ.