ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება:
„ოპოსტუდიებში დიდი სჯა - ბაასის თუ სპეკულაციების შემდეგ, ნიკანორ "თავდადებული" დათანხმდა ევროკავშირის გირაოთი საკნის დატოვებას, ეს ცინცხალი და გულისამაყუჩებელი ამბავი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გვამცნო. თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატადაც ალბათ მას ვიხილავთ, ნაციონალებმა და პარლამენტში გადაბარგებულმა საფანჩატურეთის ნაწილმა ახლა რამდენიც არ უნდა იკეკლუცონ! ამ გაფარჩაკებულ ოპოზიციურ ფლანგზე, მესამე ცენტრის შექმნაზე საუბარი, ხომ ისედაც არასერიოზულია, ვაშაძის, ლელოს თუ გირჩის 3 პროცენტიანი შედეგების მერე, რა მარკეტინგული ძალისხმევაც არ უნდა ჩაიდოს.
პოლიტიკური დღის წესრიგი კი იცვლება, ცალკე დროის ფაქტორის, ცალკე გლობალური პანდემიის თუ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო. ახლა საფანჩატურეთად წოდებულმა ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა მოინდომოს დღის წესრიგი კვლავ საკუთარ ფალავანს მოარგოს, უკვე დაგვიანებულია. იგი დიდწილად გამოწვეულია, სწორედ მათი ექვსთვიანი საბოტაჟში გადასული ბოიკოტის რეჟიმის გამო, რამაც დააჩქარა კიდეც ისედაც მომწიფებული ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომა. პარლამენტში შესულ, უფრო შეპარულ და არშესულებს შორის ქუჩის დონეზე დასული საქმის გარჩევებიც, მათთვის ამ მწარე რეალობის დადგომის ინდიკატორადაც გვევლინება.
უკვე მაისში, ჩვენ არა ოპოზიციის და მელიას მომავალ გეგმებზე ვიქნებით კონცენტრირებული, არამედ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და ლევან ვასაძის პოლიტიკური აქტივობის მომსწრენი გავხდებით, მიუხედავად მათ შორის მკვეთრად განსხვავებული კონცეპტუალური თუ იდეოლოგიური განსხვავებებისა.
მაისშივეა მოსალოდნელი ოცნების რებრენდინგიც, რაც არანაკლებ ინტრიგას აჩენს ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში. თუ აქამდე ორპოლუსიან მოცემულობაში პოლემიკა, და პოლარიზაციაც ძირითადად წმინდა პარტიული ეგოიზმის დონეზე მიმდინარეობდა, რაც გამორიცხავდა კიდეც კონსენსუსის არსებობას, როგორც ასეთს, ოპოზიციონირებაც იდეოლოგიზირებულ და თემატურ დისკუსიაში გადავა.
ოცნებას მოუწევს არა მხოლოდ რებრედინგი, არამედ პოზიციონირების შეცლაც. ერთნაირი ხისტი მიდგომით ნაცების, ლევან ვასაძის და გიორგი გახარიას ოპონირება კონტრპროდუქტიული უფრო იქნება, რადგან ნაცებთან და ფანჩატურის განაყოფებთან, ამათ ერთ ქვაბში მოხარშვას არა თუ ელექტორატი არ მიიღებს, არ მიიღებენ ოცნების ღია მხარდამჭერებიც კი.
არც ვასაძეს და არც გახარიას არა აქვთ სისხლიანი წარსული, ადამიანთა წამებით და ბიზნეს ტერორით და არც ფული არ უშოვიათ ზოგიერთებივით ბიუჯეტის და პოლიტიკური ვაჭრობების ხარჯზე. გახარიას გუნდის პოზიციონირებამაც აჩვენა, რომ ურთიერთბრალდებების და დეზინფორმაციაზე აგებული ფეიკ პოლიტიკა სრულდება ქვეყანაში.
ნებისმიერი ქვეყნის განვითარების და წინსვლის პარადიგმაც ცვლილებებშია, რომელიც დროის ადექვატური უნდა იყოს. პრო-ებად დაშტამპულ ქართულ მედიასაც გადაწყობა მოუწევს, და იძულებული გახდება, მიუხედავად მათი დიდი ნაწილის პარტიული კუთვნილებისა, თემატური დისკურსიც შეცვალონ და ახალი სახეებიც შემოიყვანონ საკუთარი რეიტინგების გადასარჩენად!“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.