„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა ეხმიანება გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით.
როგორც კირტავა სოციალურ ქსელში წერს, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია.
„გერმანიის მთავრობამ გააუქმა ასტრაზენეკას ვაქცინაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა. გუშინ ბუნდესტაგის ქვედა პალატის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად (ვაქცინირების შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ), დღეიდან ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს შეუძლია ამ ვაქცინის გაკეთება.
ასტრაზენეკაზე დაწესებული მინიმალური ასაკი (60 წელი), უკვე რამდენიმე კვირაა, გაუქმებული იყო გერმანიის 4 რეგიონში.
გარდა ამისა, შემცირდა ასტრაზენეკას ვაქცინის ორ დოზას შორის დაწესებული 12-კვირიანი ინტერვალი - 4-კვირაც საკმარისი იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა ექიმის პრეროგატივაა.
აღნიშნული ცვლილებები გამოწვეულია ქვეყნის ხელისუფლების სურვილით, დააჩქარონ მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, სადაც ერთი დოზით მოსახლეობის 30%-ია აცრილი, ხოლო სრულად - მხოლოდ 8.6%.
როგორც ევროპის წამლების სააგენტოს, ასევე ადილობრივი რეგულატორის აზრით, ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებით კოვიდ-19 ინფიცირების საფრთხის მკვეთრად შემცირების სარგებელი გადაწონის ვაქცინის გამოყენებისას ძალიან იშვიათი თრომბოზის პოტენციური საფრთხის რისკს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და შესაძლებელია, იმ სხვა ევროპული ქვეყნების მიერაც იქნას მხარდაჭერილი, რომლებიც ჯერჯერობით ასტრაზენეკას გამოყენებას გარკვეული ასაკის ზევით ხანშიშესულ პირებში ახორციელებენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აგვისტოდან გერმანია ასევე გეგმავს 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაციის დაწყებას. დეტალები (მაგალითად, რომელი ვაქცინა იქნება გამოყენებული) ჯერჯერობით არაა ცნობილი“, - წერს კირტავა.