1919 წლის 14 მაისს ტფილისის რუსულენოვანმა გაზეთმა „გრუზიამ“ კრიმინალური ქრონიკის სვეტში ერთი პატარა ინფორმაცია დაბეჭდა, რომელიც გატაცებას ეხებოდა.
მაშინ ასეთი ინფორმაცია თითქმის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ქაოსით მოცულ ქვეყანაში, სადაც ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ მატარებლებს, ძარცვავდნენ გემებს, ხოლო ქუჩაში ყაჩაღობა ღიად და დაუფარავად ხდებოდა, ადამიანის გატაცებით ვერავის გააკვირვებდი.
თუმცა, ეს ცნობა მაინც სცდებოდა ჩვეულებრივი კრიმინალური ამბის ფარგლებს.საქმე ისაა, რომ ყაჩაღებმა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჭარი - მიქაელ არამიანცი გაიტაცეს. სწორედ ის არამიანცი, რომლის სახელსაც დღეს თბილისელები პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ეძახიან.
გატაცების შემთხვევას გაზეთი შემდეგნაირად აღწერს:
„ამა წლის 12 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, სერგის ქუჩაზე (დღევანდელი მაჩაბელი) საკუთარი სახლიდან გამოვიდა ვაჭარი არამიანცი, რომელიც საქმეებზე მიემართებოდა. ლერმონტოვისა და სერგის ქუჩების კვეთაზე იგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა არამიანცს ხელი სტაცეს და იქვე გაჩერებულ ავტომობილში შეაგდეს. შემდეგ ავტომობილი სწრაფად გაქანდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. როგორც შემთხვევის ადგილას მისულ მილიციელებს თვითმხილველებმა განუცხადეს, გამტაცებელთა ბანდამ არამიანცი მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ. მოქალაქეებმა ისიც შენიშნეს, რომ ავტომობილის ნომერი იყო 19“.
მიქაელ არამიანცი ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭრების რიგს მიეკუთვნებოდა. იგი ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი იყო და დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად, ქალაქის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
არამიანცი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან იყო. კომერციის მიმართ მიდრეკილება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 15 წლის გახლდათ. საქმის სასწავლებლად იგი ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც კომერციას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. ცოტა ხანში არამიანცმა ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ფირმის წარმომადგენლად დანიშნეს თავრიზში. 4 წელიწადში მიქაელმა თავისი პირველი კაპიტალი დააგროვა – 3 ათასი მანეთი.
ეს საკმაოდ დიდი ქონება იყო. შედარებისთვის შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: იმ პერიოდში კარგი ჯიშის ძროხა სამი მანეთი ღირდა. ამ კაპიტალით მან 1871 წელს კავკასიის რეგიონის აღიარებულ ცენტრს – ტფილისს მიაშურა.
28 წლისამ პირველი მილიონი დააგროვა. ვაჭრობდა ქსოვილებით, აბრეშუმით, შალით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში მარსელთან, თავრიზთან, თეირანთან, მაგრამ დიდი ქონება ნავთობის სფეროში დააგროვა. 1884 წელს ბაქოში ჩავიდა და ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, სანავთობო კომპანია დააფუძნა. ამ კომპანიაში არამიანცი 25%-იან წილს ფლობდა.
არამიანცის ბიზნესიმპერია უზარმაზარი გახდა. აფშერონის ნახევარკუნძულზე კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი 173 დესეტინა (1 დესეტინა 1.09 ჰექტარს უდრიდა) მიწის ფართობი. მასვე ეკუთვნოდა: ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი, უამრავი სახელოსნო. არამიანცის ფირმას წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და შანხაიში.
კომერციაში წარმატებულ არამიანცს, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჯერ კიდევ ტფილისში ყოფნისას მას ცნობილი კომერსანტის, შოლკოიანცის 18 წლის ქალიშვილი - ეხისაპეტი შეუყვარდა. მალე არამიანცმა იგი ცოლად მოიყვანა და ახალშექმნილი ოჯახი ბაქოში გაემგზავრა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეხისაპეტი ერთგული მეუღლე არ იყო. არამიანცის სახლში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ეხისაპეტს ბაქო საშინლად არ მოსწონდა, პროვინციულ, მიყრუებულ ადგილად თვლიდა და ქმარს ყოველდღე ტფილისში დაბრუნებას სთხოვდა.
საბოლოოდ, არამიანცი ცოლმა დაიყოლია. მიქაელმა ბაქოში „საქმე“ გაყიდა და ტფილისს დაუბრუნდა, მაგრამ ოჯახში მდგომარეობა არც ტფილისში შეცვლილა. არამიანცი ცოლის ღალატს დიდხანს ვერ იჯერებდა და ეგონა, რომ ამ ჭორებს კონკურენტები უვრცელებდნენ, მაგრამ ერთხელ შემთხვევით, ეხისაპეტის სასიყვარულო ბარათები ჩაუვარდა ხელში. საბოლოოდ, ოჯახი დაინგრა. გაყრის სასამართლო პროცესი რვა წელს გრძელდებოდა, რა დროსაც არამიანცმა თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.
ეხისაპეტის შემდეგ, არამიანცი ტფილისის ცნობილ ლამაზმანს, ევგენია შხიანცს დაუახლოვდა. მართალია, ევგენია ცოლად არ მოუყვანია, მაგრამ ყველგან ამბობდა, რომ იგი მისი მეუღლე იყო. საყვარელს მიქაელმა ქალაქის ცენტრში, ოლგას ქუჩაზე, სამსართულიანი სახლი აუშენა. ეზოში, ბრინჯაოში ჩამოსხმული ირმის ქანდაკება იდგა, რომელიც არამიანცმა სპეციალურად პარიზში დაამზადებინა. მაგრამ ბიზნესმენს არც ევგენიას შემთხვევაში გაუმართლა – შხიანცმა ის მიატოვა და საყვარელთან ერთად, ტფილისიდან გაიქცა.
არამიანცი ტფილისში საბოლოოდ დაფუძნდა და მშენებლობის ბიზნესზე გადაერთო.
ეს ერთგვარად, ქველმოქმედებაც იყო და კომერციაც. გოლოვინის პროსპექტზე ააშენა სასტუმრო „მაჟესტიკი“ (დღევანდელი „თბილისი მარიოტი“), სასტუმრო „პალას-ოტელი“ (დღევანდელი თეატრალური უნივერსიტეტი) და რა თქმა უნდა, ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფო. სასტუმროებისგან განსხვავებით, ეს არ იყო კომერციული პროექტი. მიქაელმა ქალაქის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის – არგუტინსკი-დოლგორუკის თხოვნა გაითვალისწინა.
იმ პერიოდის ტფილისში მხოლოდ ერთი მუნიციპალური კლინიკა მოქმედებდა, რომელსაც ხალხი „მიხეილის საავადმყოფოს“ ეძახდა. დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფო მუდმივად გადატვირთული იყო და მოსახლეობა წესიერ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა. 1903 წელს არამიანცმა არგუტინსკის წერილი მისწერა, სადაც ახალი საავადმყოფოს აშენების მზადყოფნა გამოთქვა: „პატივი მაქვს, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებას, რომ საავადმყოფოს მშენებლობისთვის 100 ათას რუბლს შემოვწირავ“.
ამის სანაცვლოდ, მიქაელმა მოითხოვა, რომ საავადმყოფოს მისი სახელი დარქმეოდა
მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. ევროპიდან რენტგენის აპარატიც კი ჩამოიტანეს, რომელიც მეფის რუსეთში საერთოდ არ იყო. ეს გახლდათ კლინიკა, სადაც სრულიად უფასოდ მკურნალობდნენ პაციენტებს. ექიმების ხელფასსაც კი არამიანცი იხდიდა.
მაგრამ ისევ გატაცების ამბავს დავუბრუნდეთ: ცხადია, რომ მსოფლიო ომმა და საყოველთაო არეულობამ კომერციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. საერთო კრიზისი არამიანცის სავაჭრო საქმიანობაზეც აისახა. თუმცა, მიქაელი მილიონების პატრონი გახლდათ და ყოფითი გაჭირვება არ შეხებია. გამტაცებლებმა სწორად გათვალეს: მათი ვარაუდით, ბიზნესმენი დიდად არ დაზარალდებოდა, თუ მის მილიონებს რამდენიმე ათასს მოაკლებდნენ. მით უმეტეს, რომ ფულის გადახდის გამოცდილება არამიანცს წარსულში უკვე ჰქონდა. ჯერ კიდევ 1907 წელს, ბოროტმოქმედებმა მისი შვილი, სოლომონი გაიტაცეს. არამიანცმა მის დასახსნელად 100 ათასი რუბლი გადაიხადა – იმ პერიოდისთვის, ეს ძალზე დიდი თანხა იყო.
ქალაქის მილიციამ არამიანცის გათავისუფლებისთვის ზომები მიიღო. სწრაფად მიაგნეს და დააკავეს ავტომობილის მძღოლი, ვინმე ერნესტ კრონტალი. მძღოლის ჩვენებით, არამიანცი გამტაცებლებმა კუკიის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს. ბოროტმოქმედთა აღმოსაჩენად მილიციამ ღამით ნაძალადევის რაიონში ტოტალური ჩხრეკა ჩაატარა და რამდენიმე საეჭვო პირი დააკავა. გაზეთები არ წერდნენ, რა ვითარებაში მოხერხდა არამიანცის გათავისუფლება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღებმა ვაჭარი გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
იმავე დღეს, ტფილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა, ფაჩულიამ არამიანცი დაჰკითხა, მაგრამ მისგან რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მიიღო. არამიანცი ამბობდა, რომ გამტაცებლებს არ იცნობდა, მათი გარეგნობა ვერ დაიმახსოვრა და ამდენად, ბოროტმოქმედთა ამოცნობას ვერ შეძლებდა. მიქაელის სიტყვებით, მას მხოლოდ 14 ათასი რუბლი წაართვეს, ხოლო ოქროს საათი და ბრილიანტებით მოჭედილი სამკაული უკან დაუბრუნეს. ფაჩულიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ არამიანცი დაშინებული იყო და ბოროტმოქმედთა დასახელება არ სურდა.
მიუხედავად ასეთი მწირი ინფორმაციისა, მილიციამ ძებნა განაგრძო და ჭიათურაში, არამიანცის ერთ-ერთი გამტაცებელი, ლაცია ლოლაძე დააკავა, რომელიც ტფილისში გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩამოიყვანეს. ცოტა ხანში დადგინდა ბანდის ხელმძღვანელის ვინაობაც - ეს იყო ცნობილი ყაჩაღი ფირანა ზანდუკელი.
გაზეთი „ერთობა“, 1919 წლის 10 ივნისი:
„ტფილისის მილიციის უფროსს მოუვიდა ცნობა, რომ ცნობილი ყაჩაღი ზანდუკელი, რომელსაც ბრალდებოდა აუარებელი დანაშაული – მილიციელის და გვარდიელის მოკვლა, არამიანცის მოტაცება და სხვა, იმალებოდა ჯვარის მონასტერში (მცხეთის რაიონში). მის დასაჭერათ, 7 ივნისს, ნაშუაღამევის პირველის ნახევარზედ ტფილისიდან 2 ავტომობილით გაემგზავრნენ მილიციელები. მილიციის უფროსის სულაქველიძის, სისხლის სამართლის უფროსის ფაჩულიას და საგანგებო რაზმის უფროსის კედიას მეთაურობით. რაზმმა ალყა შემოარტყა ჯვრის მონასტერს. გაჩხრიკეს ბერთა ბინა, მაგრამ ზანდუკელი არ აღმოჩნდა. დაიკითხა ბერი ილარიონი (ერობაში ილია ოზაშვილი), რომელიც ეკლესიას სდარაჯობდა. მან კატეგორიულად უარჰყო მონასტერში ვინმეს ყოფნა“.
უკვე თენდებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მილიცია ჯვრის მონასტრიდან ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყო. სამართალდამცავებს შემთხვევა დაეხმარა. ეკლესიის ეზოში მყოფმა ფაჩულიამ ყვავი დაინახა, რომელმაც მონასტერს გადაუფრინა, და რევოლვერიდან უბრალოდ გაისროლა. ამ გასროლას უეცრად მილიციის მიმართულებით სროლა მოჰყვა. როგორც ჩანს, ზანდუკელი, რომელიც თურმე ერთ-ერთ კელიას აფარებდა თავს, ფაჩულიას სროლამ შეაშფოთა და იფიქრა, რომ მილიციამ მის სამალავს მიაგნო. მილიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და კელია მთლიანად დაცხრილა. ყაჩაღი ადგილზე მოკლეს. ზანდუკელის კელიაში მილიციამ მთელი არსენალი აღმოაჩინა: 2 ხელყუმბარა, კარაბინი, მაუზერი და ბრაუნინგი.
კითხვაზე, თუ რატომ მოატყუა მილიცია, ბერმა თქვა, რომ მას ყაჩაღის მხრიდან შურისძიების შეეშინდა. ბერი დააპატიმრეს, ხოლო მოკლულის ცხედარი, ბედის ირონიით, არამიანცის საავადმყოფოში გადაასვენეს.
არამიანცმა სიცოცხლე სავალალო მდგომარეობაში დაასრულა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ, რომელიც ბურჟუაზიას დიდად არ სწყალობდა, მას სასტუმროები და სახლები ჩამოართვა. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე დიდ შენობაში 1918 წელს ჯერ გერმანია-კავკასიის სავაჭრო ბანკი გახსნეს, ერთი წლის თავზე კი პროფკავშირებს გადასცეს. არამიანცს მხოლოდ სერგის 4 ნომერში მდებარე სახლი დარჩა.
სოციალ-დემოკრატების დაწყებული საქმე ბოლშევიკებმა გააგრძელეს.
1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არამიანცი სერგის ქუჩიდანაც გამოაგდო.
მიქაელს საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი შერჩა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ამბობენ, მას ხშირად ხედავდნენ სასტუმრო „მაჟესტიკთან“, რომლის მშენებლობაც მილიონები დაუჯდა. იგი სინანულით ათვალიერებდა მშვენიერი შენობის ფასადს და კედლებს ეფერებოდა.
ტფილისის საპატიო მოქალაქე, ვაჭართა უმაღლესი გილდიის წევრი მიქაელ არამიანცი, რომლის ქონებაც მილიონებს შეადგენდა, 1924 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა. არამიანცის დასაფლავებაზე უამრავი ტფილისელი მივიდა. იგი თეთრი კატაფალკით გაასვენეს, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული. არამიანცი ხოჯევანის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ სომხური სასაფლაოს ადგილას დიდი პარკი მოაწყო. არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა.