logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას უნდა ახსოვდეს - ამ ისტორიის წაშლით საკუთარ თავსაც წაშლიან საქართველოს ისტორიიდან!
- +

8 მაისი. 2021. 15:22

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„1975 წელს, როცა უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოწყობა და ძეგლის დადგმა გადაწყდა, ყველა რესპუბლიკაში შეიქმნა სამთავრობო კომისია.

 

ამ კომისიის წევრებმა, გენერლებმა და პოლკოვნიკებმა, შემოიარეს საბრძოლო მოქმედებების ადგილები, გახსნეს სამარხები და თავიანთ რესპუბლიკებში გადაასვენეს ნეშტები.

 

კომისიის წინაშე დასახული იყო ამოცანა: ყველა რესპუბლიკაში უნდა გადასვენებულიყო მხოლოდ იმ რესპუბლიკის წარმომადგენელი და არავითარ შემთხვევაში ვინმე სხვა.

 

საქმე ის იყო, რომ რუსეთში,  უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში და ბალტიის ქვეყნებში, რომელთა ტერიტორიაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მოქმედებების პოლიგონად იყო ქცეული, ასიათასობით სამარხი უნდა ენახათ.

 

ამ რესპუბლიკებში ჩავიდნენ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და ყველამ მოძებნა თანამემამულის ნეშტი.

 

ვიმეორებ:

 

საქართველოში აუცილებლად ქართველი უნდა გადმოესვენებინათ!

 

აზერბაიჯანში აუცილებლად აზერბაიჯანელი უნდა გადმოესვენებინათ!

 

სომხეთში აუცილებლად სომეხი უნდა გადმოესვენებინათ!

 

და ა. შ.

 

შეცდომა და შემთხვევითობა აბსოლუტურად გამორიცხული იყო!

 

საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებმა ქერჩში მოძებნეს ქართველის ნეშტი და გადმოასვენეს.

 

მისი ვინაობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მხოლოდ კომისიის წევრებმა იცოდნენ, მათ კი დაიფიცეს, რომ არასოდეს გაამხელდნენ, ვინ განისვენებდა გამარჯვების (ვაკის) პარკში, რადგან იმ დროისთვის დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებს, მეუღლეებს და შვილებს უნდა ეფიქრათ, რომ სწორედ მათი ოჯახის წევრი იყო ის უცნობი ჯარისკაცი!

 

ამ პრინციპით მოაწყვეს უცნობი ჯარისკაცის საფლავები საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქებში.

 

ახლა კი წავიკითხე, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავს და მემორიალს აღებას უპირებენ.

 

არ ვიცი, რა მიზნით აკეთებენ ამას, შესაძლოა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მოითხოვს მემორიალის დროებით გადატანას და მერე უკან დაბრუნებას, მაგრამ დედაქალაქის მერიაშიც და ქვეყნის ხელისუფლებაშიც უნდა ახსოვდეთ:

 

ამ ისტორიის წაშლით საკუთარ თავსაც წაშლიან საქართველოს ისტორიიდან, რადგან ისტორიის საშლელი არასოდეს ცვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner