ნიკა მელია საპატიმროს ტოვებს, თუმცა ამ მომენტამდე იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები და მრავალჯერ შეცვლილი პოზიციები.
თავდაპირველად მელია და მისი თანაპარტიელები უპირობო გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროკურატურას ციხის კარი მელიასთვის პირდაპირ უნდა გაეღო. ამ მოთხოვნამ არ იმუშავა, საბოლოოდ შედგა შარლ მიშელის ცნობილი შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. თუმცა, მელია ამ შეთანხმებაში ჩადებული მექანიზმებით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა. ის ამბობდა, რომ ევროკავშირის გირაოს არ დათანხმდებოდა, თუ პარლამენტიდან ამნისტიის პროექტს არ გაიწვევდნენ.
დღეს 8 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა. 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა „დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რას ამბობდა ნიკა მელია დაკავებამდე 11 დღით ადრე
დაკავებამდე ზუსტად 11 დღით ადრე ნიკა მელია „ენმ-ს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 40 000 ლარს თავად არ გადაიხდიდა, ხოლო ის ვინც თითქოს და მის სასარგებლოდ შეიტანდა გირაოს თანხას, მისი მტერი და არაკეთილმოსურნე იქნებოდა.
„ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, არ იხდის, მორჩა და გათავდა. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური რაღაცა პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია, პლუს „ოცნების“ დეპუტაცია, თუ ასეთი ვიღაც აღმოაჩინეს, პირდაპირ გეუბნებით, იქნება ჩემი რბილად რომ ვთქვათ არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის, რომ ის არის მჭიდროდ დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ და სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“, – ამბობდა მელია.
მელიას უარი ამნისტიას და ევროკავშირის გირაოს
19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 20 ივნისის საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურების გავლით უნდა დაინიცირდეს. ამნისტიის კანონის მიხედვით 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდება.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას ციხე სწორედ აღნიშნული ამნისტიის კანონით უნდა დაეტოვებინა, ასევე ჩანაწერი მოიაზრებდა გირაოს გადახდასაც. ნიკა მელიამ ამნისტიაზე უარი განაცხადა. შეთანხმებიდან მეორე დღეს, 20 აპრილს ცნობილი, გახდა, რომ მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდიდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მელიამ ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენა. მან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მოუწოდა, მოეხსნა დღის წესრიგიდან ამნისტიის კანონი და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას.
„მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – დაწერა მელიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
რა ხდება დღეს
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტია დაინიცირებული. ერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით, ხოლო მეორე – მმართველ პარტიას.
ოპოზიციის მიერ შემუშავებულ „ამნისტიის პროექტის“ მიხედვით, პირს, რომელსაც ამნისტია შეიძლება შეეხოს, უარის თქმის საშუალება ექნება.
„ბრალდებულ/მსჯავრდადებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„ქართული ოცნების“ დოკუმენტში კი ვკითხულობთ:
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე“.
ახლა კი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, ამ პროცედურის შემდეგ კი „ენმ-ს“ ლიდერს სასჯელაღსრულების დატოვება დღესვე შეუძლია.