„ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპელებმა იფიქრეს, დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკიო და გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან სარჯველაძის თქმით, ის, რომ ევროპელებმა მიიღეს გირაოს გადახდის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრობაზე არაა საუბარი.
„აქ რეალურად გვაქვს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. პირიქით უნდა შევხედოთ ამ საკითხს. შარლ მიშელის ხელშეკრულებაში გამოყენებულია ფორმულირება, რომ ნიკა მელია არაა პოლიტიკური პატიმარი. იქ ნათქვამია, რომ მელია არის პოლიტიკურ პატიმრად აღქმული და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმრობა. ეს პირიქით იმის დასტურია, რომ არ არის პოლიტიკური პატიმრობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.