ავტორი ანა ნონიკაშვილი
„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, „არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელია სახელმწიფო, მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებები, მათ შორის:
1.ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელიც უნდა ჩატარდეს „პელეს თასზე" , პელეს თანდასწრებით;
2.ტურნირის ფარგლებში, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის წარმომადგენელთა ბიზნეს-ფორუმი;
3. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცის პრეზენტაცია 1965 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, მიხეილ მესხი და ანზორ კავაზაშვილი, - რომელიც შეიძლება აღქმული იქნას „ქართველ და ბრაზილიელ ხალხთა მეგობრობის სიმბოლოდ";
4. ავთანდილ ხარაიშვილის „ჰიმნი ვარსკვლავებზე" მიხედვით, - მუსიკის შექმნა არანჟირებით და მისი პრეზენტაცია;
5. ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურნირის ღონისძიებებზე ბრაზილიიდან, არგენტინიდან და ურუგვაიდან ჩარტერული რეისების ორგანიზება, ვინაიდან საკონტინენტთაშორისო თვითმფრინავების შეუფერხებლად მიღების საშუალებასაც იძლევა უკვე ასაფრენ- დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების მქონე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ბიზნესფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში რძის პროდუქტების, ხილის გადამამუშავებელი, ღვინის, მსუბუქი მრეწველობისა და ა.შ. ერთობლივი საწარმოების შექმნას;
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაში „არგენტინის სახლი საქართველოში" დახმარებისათვის საქართველოს მთავრობას მიმართავდა, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს სთავაზობდა. რომელზეც, ჯერ კიდევ 2014 წლის 11 თებერვალს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე - პრემიერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ბ-ნმა კახი კალაძემ დიდი ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით, რომელზეც საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსს" განუცხადა შემდეგი: „ძალიან საინტერესოა, თუკი საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. ამისათვის დეტალურად იქნება გასავლელი ორგანიზაციული საკითხები, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდების ჩამოყვანაზე და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიების გამართვა სპორტის, ფეხბურთის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია".
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებიდან შემოსული თანხები მოხმარდება ისევ ქართული ფეხბურთის განვითარებას. საქართველოსა და არგენტინა-ბრაზილია-ურუგვაის შორის კულტურული, და ტურისტული თანამშრომლობის განვითარებას. საფუძველი ჩაეყრება პირველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში.
ბატონებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ ჩვენი ა.წ. იანვრიდან თქვენს სახელებზე გამოგზავნილ წერილებზე რეაგირებას და პასუხს.
იმედია, დადებითი პასუხი იქნება, რათა ჩვენს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პარტნიორებთად ერთად, დიდი ხნის წინ დაწყებული სამუშაოების ჩატარება განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად",- ნათქვამია პატარქალიშვილის განცხადებაში.