logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად კვალიფიციურად იქნენ შერჩეული მოსამართლეები
- +

15 ივლისი. 2016. 15:22


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  კანონს როდესაც არ იღებენ და პარალელურად მიმდინარეობს მოსამართლეების უმნიშვნელოვანესი დანიშვნის პროცესი, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსამართლის ხელში არსებული ძალაუფლება არაკვალიფიციური ადამიანების ხელში არ მოხვდება.


„თუ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი კანონი, რომელიც განსაზღვრავს შერჩევის კრიტერიუმებს, რომელიც პროცესს გამჭვირვალეს ხდის, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად კვალიფიციურად იქნენ შერჩეული მოსამართლეები. აქ საუბარია უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე - მოსამართლეობაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს გარანტიას და უმნიშვნელოვანეს ძალაუფლებას აძლევს ადამიანებს. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ძალაუფლება არ ჩავარდება არაკვალიფიცური ადამიანების ხელში, არამედ ეს ძალაუფლება მიმართული იქნება სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების სასარგებლოდ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონი, რომელიც ორი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენით, რომელიც არის მხოლოდ წერტილ-მძიმის, სარედაქციო ტიპის შესწორებების ეტაპი, იქნას მიღებული. ასეთ კანონს როდესაც არ იღებენ და პარალელურად მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი დანიშვნის პროცესი, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს არა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება ან პოლიტიკური პოზიციები არ შეჯერდა, არამედ აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება ძალით ამ პროცესის გაჭიანურება", - განაცხადა მარგველაშვილმა.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე 44 მოსამართლე დანიშნა. სულ სასამართლოებში 65 ვაკანტური პოზიცია იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner