ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აფასებს.
ხოფერია ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.
„როდესაც ხელისუფლებამ ივერი მელაშვილი ციხიდან გირაოთი გამოუშვა, არგუმენტად მოიყვანეს, რაღა უნდა დააშავოს, საბუთებთან წვდომა აღარ აქვს, საქმესაც ჩამოაშორესო… არადა, თურმე კიდევ შეუძლია, დააშავოს, თუნდაც პროვოკაცია მოაწყოს, შექმნას კონფლიქტი და ცხოვრება დაუნგრიოს ადამიანებს, წარმოგიდგენიათ, პირი, რომელსაც უმძიმესი ბრალდება აქვს წაყენებული – სამშობლოს ღალატი, იმ ტერიტორიაზე ჩადის, რომელზეც განაცხადა, საქართველოს შემადგენლობაში არ შედისო და როგორ გგონიათ, კარგად დახვდებოდნენ?! ეს ადამიანი საზოგადოების მხრიდან გაკიცხულია. სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან სახეში შეაფურთხებენ. ცხადია, მის იქ გამოჩენასაც მოჰყვებოდა გამწარებული ხალხის პროტესტი, მაგრამ მისი და მის უკან მდგომი ძალების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გამოეწვიათ სასულიერო პირები და ჩრდილი მიეყენებინათ ბერებისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ – ივერი მელაშვილი არის საქართველოს ჩამოყალიბებული მტერი და ის ამდენს ვერ უნდა ბედავდეს. შეიძლება ასეთი ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ და ვახო სანაიას მოდელირებული ჩხუბის გამო სამი ახალგაზრდა ციხეში იჯდეს? ამაზე მეტს დააშავებენ რამეს? მით უმეტეს, ერთ-ერთი მათგანი მძიმე ავადმყოფია. თუ მელაშვილი „ნაცია“ და ყველაფერი ეპატიება, ისევე როგორც „განაცებულ“ სანაიას?!
ქართველი კაცი არასოდეს გამოვა ქუჩაში შიმშილისა და სოციალური პრობლემების გამო, მაგრამ ის აუცილებლად გამოვა ქუჩაში, როდესაც მიხვდება, რომ სამშობლოს ღირსება აჰყარეს! მე გამიფრთხილებიხართ“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.