„საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოკუპაციის პირობებში, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა“, - ამის შესახებ კაჭრეთში მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრონიკას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
„წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. რაც აქამდეც აკრძალულია და ითვლება, რომ დარღვევაა წინასაარჩევნო კამპანიაშია აგიტაციის გაწევა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამ საკითხის ადმინისტრირება უფრო კარგად უნდა განხორციელდეს. საია-ს დასკვნის თანახმად, რომელიც 2018 წელს მომზადდა, ამ საკითხზე დღეს მოქმედი სანქცია არაა საკმარისი. ამიტომ, კანონპროექტი დავაინიცირეთ, არის შენიშვნები, თუმცა უფრო პროპორციული სანქციის დაწესების შემთხვევაში შეგვიძლია ეს პროექტი უფრო დავხვეწოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობდნენ.