logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: ასეთი მარგალიტებით სავსეა ნებისმიერი ქართული ტელევიზია...
- +

11 მაისი. 2021. 02:23

 

 

„არც არავინ უარყოფს და არც არავინ ადასტურებს!

რამდენჯერაც ტელევიზორი ჩავრთე, იმდენჯერ უკეთესზე უკეთესი მარგალიტი შემომეფეთა!“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა 10 მაისს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„აი, დღევანდელი, ამდილანდელი, სიტყვა-სიტყვით ჩაწერილი. ჩემი მხოლოდ პუნქტუაცია და ორი-სამი კომენტარია.

ტელევიზიას, წამყვანსა და რეპორტიორს, რა თქმა უნდა, არც ამჯერად ვასახელებ, რადგან ასეთი და მსგავსი მარგალიტებით სავსეა ნებისმიერი ქართული ტელევიზია. როცა გინდათ, ჩართეთ.

მაშ ასე, იწყებს წამყვანი სტუდიიდან:

„სპორტიდან პოლიტიკაში შესაძლოა ძმები არველაძეებიც წავიდნენ. არველაძეები არ უარყოფენ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან კონსულტაციები აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე თავს იკავებენ, თქვან, რა პოლიტიკური გეგმები აქვთ გახარიას ახალ პოლიტიკურ გუნდთან ერთად. ჩვენი ტელევიზიის ინფორმაციით პოლიტიკიდან წასული ყოფილი მაღალჩინოსანი პარტიის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გამართავს. ჩვენი რეპორტიორი არკვევს გახარიას გუნდის შემადგენლობას.“

ახლა ვნახოთ, როგორ გაარკვია  გახარიას გუნდის შემადგენლობა რეპორტიორმა, რომელიც კადრში თავგანწირვით მისდევს უკან რეზი არველაძეს, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი ფეხბურთელი თავის დროზეც კარგად გაურბოდა დამცველებს და ზრდილობა რომ არ უშლიდეს ხელს, არც ახლა გაუჭირდება, უკან მოიტოვოს მიკროფონიანი თავდამსხმელი.

„მას შემდეგ, რაც არველაძეებმა გახარიას გურიაში სტუმრობის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა (სიც!) აქ წყრება (სიც!) ინტერესი იმის შესახებ, მიდიან თუ არა ძმები არველაძეები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გუშინ შევძელით, გავსაუბრებოდით რეზი არველაძეს, რომელიც არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, ის და მისი ძმები აღმოჩნდნენ არველაძის (სიც!) გუნდში, თუმცა ამ თემაზე საუბარი მას არ უნდა. ამბობს, რომ ეხლა არ არის კითხვებზე პასუხის დრო და გვირჩევს, რომ დავუცადოთ მოვლენების განვითარებას“.

ჟურნალისტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს ეს გასაუბრება და ის სიტყვები, რომლებითაც რეზი არველაძე ამბობს, რომ „ეხლა არ არის კითხვებზე პასუხის დრო“ და რეპორტიორს ურჩევს, რომ „დავუცადოთ მოვლენების განვითარებას“:

„— კაი, დამანებეთ თავი! სირცხვილია ახლა, ნუ მომდევთ!

— იქნებით გახარიას გუნდში?

— ნუ  მოოომ-დეეეევთ!

— უბრალოდ გვიპასუხეთ, იქნებით გახარიას გუნდში?

— ნუ მომდევთ!! სირცხვილია ახლა... გავრბივარ...

— თქვენ უმასპინძლეთ გურიაში... იქნებით გახარიას გუნდში?

— ნუ მომდევ ახლა სირცხვილია!!! კარგი რა!!! სირცხვილია ახლა!!! ნუ მომდევ!!!“

ჩემმა სტუდენტებმა შეიძლება ჯერ არ იციან და, მინდა ვუთხრა:

„თავი-დამანებეთ-სირცხვილია“ ჩვენს ტელესივრცეში ნიშნავს „ეხლა-არ-არის-კითხვებზე-პასუხის-დრო“, ხოლო „ნუ-მომდევთ“ ქართული ტელევიზიების ენიდან ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც „დავუცადოთ მოვლენების განვითარებას“.

ასე წარმატებით დასრულდა გასაუბრება რეზი არველაძესთან. მაგრამ განა ერთი ინტერვიუ საკმარისია ასეთი ექსკლუზიური სიუჟეტისთვის?! ჰოდა, აჰა, მეორე ინტერვიუც, მეორე ძმასთან:

„ჩვენ გუშინ აჩი არველაძესაც გავესაუბრეთ. მან არ ისურვა კამერის წინ საუბარი, თუმცა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ის გახარიას გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად დააყენოს. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მაისის ბოლოს გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას გეგმავს, სადაც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ ძმები არველაძეები იქნებიან და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა აჩი არველაძე გახარიას გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი, რომელსაც, აქვე კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, ამ დრომდე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“.

ესეც ასე! არველაძეების პოლიტიკური გეგმებიც გაირკვა და გახარიას გუნდის შემადგენლობაც! სიუჟეტიც ასეთი უნდა! სანდო ინფორმაციით გაძეძგილი! და გასაუბრებაც ასეთი უნდა, ამ ჩვენმა რეპორტიორმა რომ შეძლო და მოახერხა! თანაც ორ რესპონდენტთან! ვისაც უნდა შეშურდეს! – ეს გახლავთ ჟურნალისტური გასაუბრების, ანუ ინტერვიუს ნამდვილ-ქართულ-ჯიგრული თანამედროვე სტანდარტი!

ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ „წყაროს ინფორმაცია“, რომელსაც ამ ეტაპზე არც არავინ უარყოფს და არც არავინ ადასტურებს, ადვილი შესაძლებელია, სრული სიმართლე აღმოჩნდეს!

მე კი ბოლოს ისღა დამრჩენია, საზოგადოებას ვამცნო, რომ მეც მყავს წყარო, რომლის ინფორმაციით, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, ფიფა, ქართველი ფეხბურთელების უხუცესთა საბჭო და კიროვის ბაღის საძმო უახლოეს ხანებში გამოიტანენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ ამიერიდან თბილისის მერად მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელი იქნას არჩეული! და აქვე დავძენ, რომ ჩემი წყაროს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას მე ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“, - წერს ნაცვლიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner