„ფაქიზი და დახვეწილი მსახიობი იყო. რამდენჯერ შემოუთავაზებია რაღაც ვერსია. მე მითქვამს, არ ვარგა-მეთქი, ან მას არ მოსწონდა ჩემი. ვილაპარაკებდით და მივდიოდით საერთო დასკვნამდე. ფილმი „ნეტავ იქ თეატრი არის?“ ძალიან უყვარდა. ბოლოს რომ ვიყავი მის დაბადების დღეზე, მითხრა: იცი, რატომ გამოგვივიდა ეგ ფილმი, იმიტომ, რომ ერთ ჭკუაზე ვიყავითო. ეს არის არაჩვეულებრივი განსაზღვრება, ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
„მგონი, კახი ჩვეულებრივი არასდროს ყოფილა. ყველაფერში უჩვეულო იყო, კვიმატი და ძალიან ჯამბაზი. რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ კახი კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. არადა, იყო დრამატული პოტენციის მქონე და ძალიან მამაკაცური, კეთილშობილი თვისებების მატარებელი. ამიტომ მაყურებელს უყვარდა არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც ადამიანი. ძალიან ახლობელი იყო ბევრისთვის. ამიტომაა, რომ კახის ჭირისუფალი აღმოჩნდა მთელი საქართველო.
ფაქიზი და დახვეწილი მსახიობი იყო. რამდენჯერ შემოუთავაზებია რაღაც ვერსია. მე მითქვამს, არ ვარგა-მეთქი, ან მას არ მოსწონდა ჩემი. ვილაპარაკებდით და მივდიოდით საერთო დასკვნამდე. ფილმი „ნეტავ იქ თეატრი არის?“ ძალიან უყვარდა. ბოლოს რომ ვიყავი მის დაბადების დღეზე, მითხრა: იცი, რატომ გამოგვივიდა ეგ ფილმი, იმიტომ, რომ ერთ ჭკუაზე ვიყავითო. ეს არის არაჩვეულებრივი განსაზღვრება, ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი.
ბოლო დაბადების დღეზე ჩემი ფილმის ჯგუფის წევრებმა ძალით გამაგდეს და წავედი. ძალიან გაუხარდა. საერთოდ, ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო, მორიდებული, იმ დღეს კი საოცრად გულუხვი თავისი გრძნობების გამოხატვაში. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მერე კიდევ ერთხელ დამირეკა და მაშინაც უჩვეულო იყო მისგან ამდენი თბილი სიტყვა.
კეთილშობილი იყო ყველაფერში გრძნობებში, თამაშში... ვერც წარმომედგინა, რომ კახი, რომელიც იყო ენერგიის, სიხალისის, ენაკვიმატობის, ხულიგნობის განსახიერება, ასე ტრაგიკული ბედის ყოფილა. ჯერ საბჭოთა კავშირის სისტემის ხორცსაკეპ მანქანაში მოექცა. როგორც ოკეანეს ირეკლავს მისი ერთი წვეთი, ასე შეიცავდა კახის ცხოვრება საბჭოთა კავშირის იმ 250 მილიონი კაცის ტკივილს, ჩაგვრას, შიშით სავსე ღამეებს, უსამართლობას, დედების სიმტკიცეს და მხნეობას. დედებმა შეინარჩუნეს ეს ქვეყანა. ბავშვები მათ გამოზარდეს. ყველა ეს სიმწარე გამოიარა კახიმ. მახსოვს, ამბობდა, ერთი ფილა შოკოლადი ჩვენთვის აუჰ, დიდი სიმდიდრე იყოო. შიმშილსა და გაჭირვებაში იყო გაზრდილი, მაგრამ არ გაბოროტებულა. ყველაფერი ეს თავის თავში სიხარულად გარდაქმნა და ამიტომ იყო
დიდი სიხარულის მომტანი მისი პიროვნებაც და შემოქმედებაც. ის, რომ მის ცხოვრებაში მამა აქტიურად არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი, დედამისის დამსახურებაა. დედამისმა შეინარჩუნა მამის ხსოვნა ოჯახში. სულ ეუბნებოდა, აბა, მამა რას იტყოდა, როგორ იმეცადინეთ, როგორ დაუკარითო... დაღუპული მამის შვილი მაინც სრულყოფილ ოჯახში ცხოვრობდა...
ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის საგარდერობოში მითხრა: ახლა ბაიკო დვალიშვილი შემხვდა, აკაკი ვასაძეზე ვუყვებოდი და მითხრა, რომ კვდებოდა, თურმე უკითხავს, ნეტავ იქ თეატრი არისო? ეს რომ მითხრა, მივხვდი, ეს იქნებოდა ჩვენი ფილმის სათაურიო“, - განუცხადა ნანა ჯორჯაძემ „კვირის პალიტრას“.