საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაცაა, რომ ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტზე განხორციელდა ძალადობრივი შეტევა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ანგარიშში წერია, მათი შეფასებაც ეს არის, რომ იყო ძალდობრივი შეტევა პარლამენტზე და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება.
ნამდვილად არ ვაპირებ, შევიდე დეტალებში, რადგან დღეს უკვე ქვეყანა დგას სხვა რეალობის წინაშე, ხელმოწერილია შეთანხმება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს პარლამენტის ფარგლებში.
ჩვენი მთავარი მიზანია, შესრულდეს ეს პუნქტები, რომლის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს ზუსტად ამნისტიის კანონპროექტი, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დაიხუროს და აღარ მოხდეს ამ საკითხზე დამატებით პოლარიზაციის გაღვივება.
ამიტომ ვისურვებდი, მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ კანონპროექტს კანონად ვაქცევთ და ეს საკითხი დარეგულირდება (და ეს იქნება ერთ-ერთი იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ამ შეთანხმებაში იქნა აღწერილი), საბოლოოდ დავხურავთ ამ საკითხზე საუბარს, გადავალთ შემდეგ ეტაპზე, სადაც უკვე ერთად უნდა ვიფიქროთ იმ ძალიან ამბიციურ გეგმებზე, რომელიც მიუხედავად იმისა, მმართველია, თუ ოპოზიციური პარტია, ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის საერთო მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომლის გარშემო უნდა გაერთიენდეს ყველა, 150-ვე კაცი, ვინც პარლამენტში იჯდება, თუ საბოლოოდ გვინდა, გავხედთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, ისეთი პარლამენტი, დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა, რომელიც სურს ევროპელებს, რომ გვიხილოს. ალბათ, ეს არის მთავარი ბაზისი, რომელზეც უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებისა და ზოგადად, ჩვენი მომავლის მშენებლობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.