„რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ მცდელობას ნაცსექტანტები ფაქიზად ჩასაფრებულ პოზაში ხვდებიან. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს ეხება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, რის შესახებაც საუბრები პოლიტიკურ დონეზე სულ უფრო ხშირად გვესმის ბოლო დროს - მე უკვე შევეხე. თუმცა შევეხე წინა წლებში ამ დიალოგის მცდელობების წარუმატებლობის პრიზმაში. მაგრამ დრონი მეფობენ და ღმერთმა ქნას, რომ ამ კუთხითაც რამე შეიცვალოს დადებითად. დღეს სულ სხვა რაკურსით მინდა შევეხო ამ საკითხის განხილვას.
როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოველდღიურობის თითქმის ყველა სფერო ნაციონალური მოძრაობის მკაცრი რევიზიისა და მათ მიერ მოხვეული დღის წესრიგით იმართება - რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ მცდელობას ნაცსექტანტები ფაქიზად ჩასაფრებულ პოზაში ხვდებიან. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს ეხება.
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ისედაც რთული ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვის ფონზე, პრეზიდენტმა პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგას შეხვედრის გამართვა შესთავაზა მოსკოვში, რასაც ზელენსკიმ უარით უპასუხა - მან ამ შეხვედრისთვის ან დონბასის, ან სულაც ნეიტრალური მოედანი შესთავაზა, ვატიკანის სახით. ასეა თუ ისე, შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუმცა პუტინმა, როგორც ჩანს, ზელენსკიზე ზეგავლენის მოხდენის ელჩი შეარჩია და თავისი წინადადება გაახმოვანებინა კიდეც. ეს ელჩი - უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია. ადამიანი - რომელიც საქართველოს 180-გრადუსიანი საწინააღმდეგო პოზიციით უკრძალავს ყოველივე იმას, რასაც ფაქტიურად პუტინის სახელით ურჩევს უკრაინის პრეზიდენტს.
მე არ ვიცი საქართველო რა ფორმას აირჩევს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ურთულეს გზაზე - მაგრამ, თუ მოქმედი ხელისუფლება არ მოიცილებს მის თავს მოხვეულ კომპლექსებს და ნაცსექტას მის ბელადთან ერთად არ მიუჩენს თავის კუთვნილ ადგილს, ამ ქვეყნის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ პერსპექტივებს მე პირადად ბუნდოვნად ვხედავ. რუსეთთან დიალოგის ყოველდღიურ რეჟიმში დღეს იმყოფება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - გაეცანით ილჰამ ალიევისა და სერგეი ლავროვის ბაქოში გუშინდელი შეხვედრის სტენოგრამებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად ამ დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა უკრაინაც - მისი „მთავარი რეფორმატორის“ მიხეილ სააკაშვილის სახით. რაც მთავარია - ალაპარაკდა რუსეთის პრეზიდენტის პრინციპების დაცვის პოზიციებიდან. კარგად მოუსმინეთ ვიდეო/რგოლს - მცირე ქრონომეტრაჟი აქვს, მაგრამ კომენტარს არ საჭიროებს“, - წერს ქართველიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს:
https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/videos/1466650800344536