„მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ,“ - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.
„არის სკოლები, სადაც საკმაოდ ბევრი დედმამიშვილი დარეგისტრირდა და ვთქვათ, პირველ კლასში თუ 5 პარალელური კლასია, შეიძლება გვერდით სკოლაში 2 პარალელური იყოს დარჩენილი. მე რეკომენდაციას გავუწევ ყველა მშობელს, რომ მაქსიმალურად მოინდომოს და ხვალ დილით, 9:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაცია. მშობელი ნუ შეშფოთდება, თუ ვერ მოახერხებს კონკრეტულ სკოლაში შვილის დარეგისტრირებას, მას ჰქონდეს არჩევანი და მოემზადოს იმისთვის, რომ ალტერნატიული სკოლა ჰქონდეს დაჯავშნილი და იქ დაარეგისტრიროს თავისი შვილი“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
მისი თქმით, ერთდროულად ორ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.
„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ, სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლის უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.