„თამარ ჩუგოშვილი არაფერით ჩამოუვარდება გიგაურ-ლომჯარია-ბოკერია-ჩერგოლეიშვილს და ამ კასტის ხერხემლის ერთ-ერთი მალაა!" - სოციალურ ქსელშიწერს ლექტორი ზაზა სიამაშვილი, რომელიც თამარ ჩუგოშვილის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალ წევრად დანიშვნას ეხმაურება.
„გულწრფელად ვიტყვი: ახლაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ (თუმცა, როდემდე, უკვე აღარ ვიცი...). მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის და მისი ღვაწლის, კრეტინი და დაუნახავი უნდა იყო, რომ მისი დამსახურება არ დაინახო, მაგრამ... ო, ეს „მაგრამ" ... მოკლედ, ახალ სახეებზე... რა უნდა ვთქვა თითოეულ მათგანზე, მაგრამ ზოგიერთის დანახვა ჩემთვის სრული გაოგნება და შეურაცხყოფა იყო და არის. ამ სიის თავში თამარ ჩუგოშვილია, რომელიც არაფერით ჩამოუვარდება გიგაურ-ლომჯარია-ბოკერია-ჩერგოლეიშვილს და ამ კასტის ხერხემლის ერთ-ერთი მალაა! ახლა მეორე: ჰარვარდ-სტენფორდ-იელ-ემორის კურსდამთავრებული უნდა იყო, რომ პარლამენტში მოხვდე? მეც მისწავლია (და არა ერთგზის!) ამერიკის უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ არასდროს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის წინ არ დავაყენებ არც კენტის, არც კლივლენდის უნივერსიტეტებს, ოღონდ, ცხადია, იმ უნივერსიტეტს ვგულისხმობ, რომელიც 2003 წელს დავტოვე, ანუ ვიდრე მას შეეხებოდა ბოკერია-ლომაია-რამიშვილის დეფორმირებული რეფორმა. ასე რომ, - არაფერი ბედენაა ამ ოკეანისგაღმა უმაღლესების ჩამოთვლა!!! მე თუ მკითხავთ, უკიდურესი პროვინციალიზმია! თუკი რამეს მივაღწიე და წარმოვადგენ, ეს ჩემი, ლამის მსოფლიო სახელის მქონე ლექტორების წყალობითაა. სანიმუშოდ მხოლოდ ვენერა ურუშაძე იკმარებს, ქალბატონი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი" და ქართული პოეზიის შედევრები თარგმნა! ასე რომ, ტემზდალეული თუ თერგდალეული ხართ, ჯერ საკუთარს ეცით პატივი!!! ასე ვერ გაფრინდებით, ასე ვერ გაიმარჯვებთ და დამარცხებისთვის ხართ განწირული", - წერს ზაზა სიამაშვილი.