logo_geo
eng_logo
მეტყველების განვითარების ეტაპები და დარღვევის ფორმები
- +

15 ივლისი. 2016. 19:17



მეტყველება არის კომუნიკაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება და აზრთა გაცვლა. მეტყველება იცვლება ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად, ასევე შინაგანი მდგომარეობისა და სიტუაციის მიხედვით. მეტყველების საშუალებით ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ენის დაუფლების პროცესში იძენს თავისი კულტურის და სოციალური წრის გამოცდილებას.

ბავშვის მიერ მეტყველების დაუფლება გარკვეულ საფეხურებს გადის: ჯერ ჩნდება ერთსიტყვიანი წინადადება, შემდეგ საფეხურზე იქმნება პირველი უფორმო ორსიტყვიანი წინადადება, სადაც სიტყვები ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, მაგალითად: "თოჯინა მე" - ამბობს ბავშვი და შესაძლოა გულისხმობს "ჩემი თოჯინა". მეორე წლის ბოლოს იწყება მეტყველების გრამატიზაცია, ბავშვი თანდათან ეუფლება გრამატიკულ სტრუქტურებს, სიტყვათაშორის შეთანხმებას, იზრდება ლექსიკური მარაგი და წარმოთქმული წინადადებები რთულდება.

ეს საფეხურები სახავენ ზოგად კანონზომიერებებს, რომლებიც ვლინდება ბავშვის ნორმალურ ენობრივ გარემოში განვითარების პირობებში, სადაც მასთან ურთიერთობას მეტყველების საშუალებით ამყარებენ. ჩვეულებრივ, ბავშვის განვითარების მეორე წელი მიჩნეულია ყველაზე მგრძნობიარე, სენსიტიურ პერიოდად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მეტყველების ათვისებისა და გამოყენების ბიოლოგიური მზაობით იბადებიან, თუ სენსიტიურ პერიოდში ბავშვი არ არის ენობრივ გარემოში და არ ხდება მისი მეტყველების განვითარების სტიმულირება, ბავშვის მეტყველება არ განვითარდება.

ენის ცოდნა და მეტყველების კარგი უნარი უმნიშვნელოვანესია აკადემიური წარმატებისა და სწავლისათვის. ენა კომუნიკაციის ბაზარს წარმოადგენს. კითხვა, წერა, მოსმენა და ლაპარაკი ენის შემადგენელი ფორმებია.

პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირია ისეთი ბავშვები, რომლებსაც მეტყველების დარღვევები აღენიშნებათ. ეს დარღვევები სხვადასხვა სახისაა, მათ განსხვავებული ბუნება და მიზეზები აქვთ, ყველა შემთხვევაში დარღვეულია გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია.

მეტყველების განვითარების მქონე ბავშვების სწავლება განსაკუთრებულ ინდივიდუალურ მიდგომებსა და სტრატეგიებს მოითხოვს.

მეტყველების დარღვევებში განასხვავებენ ექსპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც ვლინდება საკუთარი აზრის, გრძნობების გამოხატვის სირთულეში; იმპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც ვლინდება მიმართული მეტყველების გაგების სირთულეში, ბავშვს უჭირს სვათა მეტყველების გაგება, ხოლო მეტყველების შერეული დარღვევა ვლინდება როგორც ექსპრესიული, ისე იმპრესიული მეტყველების დარღვევაში.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევა

იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ურთიერთობა მეტყველების საშუალებით, მას ექსპრესიის ანუ გამოხატვის უნარი უნდა ჰქონდეს. ექსპრესიული მეტყველების დარღვევა ვლინდება: ლექსიკური მარაგის სიმწირეში, შესაბამისი სიტყვების შერჩევის სირთულეში, შემოკლებული წინადადების გამოყენებაში, გრამატიკულ შეცდომებში. ექსპრესიული მეტყველების დარღვევას, ხშირად, თან ახლავს არტიკულაციის პრობლემები.

იმპრესიული მეტყველების დარღვევა

იმპრესიული მეტყველების დარღვევა გულისხმობს, რომ ბავშვი ვერ იგებს მიმართულ მეტყველებას ანუ არ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, არ რეაგირებს ხმის ტონის ცვლილებაზე, რადგან დარღვეულია რეცეპტული მეტყველების უნარი. რეცეპტული ანუ იმპრესიული მეტყველების დარღვევის დროს, თითქმის ყველა შემთხვევაში, დარღვეულია ექსპრესიული მეტყველებაც. იმპრესიული მეტყველების დარღვევას თან ახლავს სოციალური, ემოციური და ქცევითი დარღვევები, ხშირია ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა, თანატოლებისგან იზოლაცია, შფოთვა ან ზედმეტი სიმორცხვე. იმპრესიული მეტყველების დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა დარღვევებით: ფონემატური სმენა ( ჟღერადობის მსგავსი ფორმების გარჩევა), ხანმოკლე სმენითი მეხსიერება (გრძელი გამონათქვამების გაგების სირთულე), სემანტიკური პრობლემა ( სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობის გაგების სირთულე), პრაგმატული დარღვევები ( ზუმრობის, ჟესტების და მიმიკების გაგების სირთულე).

ეფექტური სტრატეგიები მეტყველებისა და თხრობის უნარი განვითარებისთვის:

მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობისა და მუშაობის დროს, არ უნდა ვაიძულოთ ბავშვი გამოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, თუკი მას ეს უჭირს, იძულება უარყოფით დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს ბავშვს მეტყველების პროცესისადმი.

მოერიდეთ, მოსწავლეს პირდაპირ მიუთითოთ მეტყველებისას დაშვებულ შეცდომაზე, უმჯობესია, თვითონ შეუსწოროთ შეცდომა, მითითების გარეშე.

ხელი შეუწყვეთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვს გაუჩნდება მეტყველების სურვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner