logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: აი, ასეთი ერთობის შეგრძნება ძალიან მაკლია...
- +

13 მაისი. 2021. 16:01

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

რა კარგია, როდესაც საერთოდ არ გაშინებს 13 რიცხვი… მაისის 13 რიცხვი  რომ ლამაზად გვაქვს ყველას ჩარჩენილი მეხსიერებაში და გულებში, ნამდვილად ვიცი!!!

 

იმ დღის პატივსაცემად, უკვე ამოვიცვი სპორტულები ტრუსები და ჩემი საყვარელი ბოტასები, ანდრიას ბურთსაც კი გავეთამაშე  და ვაჟა აზარაშვილისა და მორის ფოცხიშვილის სიმღერით „დინამო-დინამო-დინამო!“ გარინჩასავით გავვარდი ჯერ გაუთენებელ  აივანზე…

 

სხვათა შორის, ბატონი ვაჟაც 13 რიცხვშია დაბადებული, ოღონდ ივნისში.

 

ესე იგი, ივნისის 13-იც გვყვარებია...

 

ცოტა ხანს მაცალეთ და 12-ვე თვეს გავწვდებით...

 

ზუსტად ამ დღეს კი, 1981 წლის 13 მაისს ჩვენმა სახელოვანმა თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში იენის „კარლ ცაისს“ 2:1 სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

 

როგორც მაშინ არ მესმოდა არაფერი ფეხბურთის, ასევე ახლაც არ მესმის.

 

ამ განხრით, სამწუხაროდ,  ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე, მაგრამ ისე მიხაროდა ჩვენი ბიჭების მოგება, რომ ის საცოდავი ჰოპე (დღემდე მახსოვს მისი გვარი), რომელმაც 63-ე წუთზე გოლი გაგვიტანა და სწორედ იმ წუთში გახდა პირადად ჩემი დაუძინებელი მტერი, ისიც კი შევიყვარე და ვაპატიე…

 

საერთოდ, მე, ფეხბურთისგან საოცრად დაშორებულ ადამიანს, ორი ძალიან მჭიდრო შეხება მქონდა თბილისის „დინამოსთან“ და, მინდა გითხრათ, იღბლიანი ფეხიც კი მქონია… 

 

პირველად ეს მოხდა 1976 წელს, როდესაც ბათუმის პანსიონატში ვისვენებდით: თბილისის „დინამო“, ჩემი ბიძია, ბებია და მე…

 

არ გაგეცინოთ და არ ჩამითვალოთ ამბიციებში, მაგრამ მართლა ასე იყო.

 

ბატონმა ნოდარ ახალკაცმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით და მომთხოვნელობით, კატეგორიულად მოითხოვა იმ წელს პანსიონატის დახურვა დამსვენებლებისთვის, რათა არავის შეეწუხებინა ფეხბურთელები. მაგრამ  ზურიკო ბათუმის საპატიო მოაქალაქე იყო, თანაც ბატონი ნოდარის მეგობარი და ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს.

 

მე ისეთი ბედნიერი ვიყავი… სულ შორიდან ვათვალიერებდი ცნობილ ფეხბურთელებს და ყოველდღე ვრეკავდი თბილისში - მთელ ქალაქს უნდა გაეგო, რომ, მაგალითად, ჩემ გვერდით პლაჟზე თავად ძმები მაჩაიძეები ისხდნენ, და კარგად ვიცნობდი გუნდის კაპიტან ბიჭი ჭელიძეს!

 

მე კი მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ბიჭების - რა მოგახსენოთ…

 

მთელი დღე ვარჯიშობდნენ, საღამოს კი გამოეწყობოდნენ თეთრ პერანგებში, ჯინსებში და ჩამოსხდებოდნენ პანსიონატის წინ სკამებზე… პენსიონერებივით...

 

მაქსიმუმ, ჩემხელა ბავშვებთან  ბადმინტონი ეთამაშათ…

 

მე კიდევ ამ თამაშ-თამაშში შემიყვარდა ერთ-ერთი ფეხბურთელი და  ვაჩუქე დიდი და ქათქათა მაგნოლია…

 

თურმე ალერგია ჰქონია და კინაღამ მარია მედიჩივით მოვწამლე…

 

სამაგიეროდ, ზუსტად იმ წელს, ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. გამოგიტყდებით და, ფინალში 3-დან ერთ-ერთი გოლი, მე რომ კინაღამ მოვწამლე, იმ ფეხბურთელმა გაიტანა...

 

თბილისის „დინამოს“ სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ დაიწერა ქართული ფეხბურთის ჰიმნი - სიმღერა „დინამო-დინამო-დინამო!“

 

გავიდა წლები… 1981 წელს, იანვარში საშინელ ავარიაში მოვხვდი და სიარულის აღსადგენად  ბიძაჩემის ძმაკაცს, „დინამოს“ მთავარ ექიმს, არაჩვეულებრივ ზაქრო თელიას მივაკითხეთ.

 

მან, ზურიკოს ხათრით და სიყვარულით, ისეთი   მკურნალობა დამინიშნა, როგორც პელეს და ყოველდღე ვიტარებდი პროცედურებს ფიზკულტურის დისპანსერში, რომელიც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ემსახურებოდა…

 

მაშინ გავიცანი ალექსანდრე ჩივაძე, ვოვა გუცაევი და შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნება ილია დათუნაშვილი, რომელმაც 1965 წელს ერევნის „არარატს“ 5 გოლი გაუტანა.

 

საერთოდ, თბილისის დინამოელები ნამდვილად გამორჩეულები იყვნენ, განსაკუთრებულები, ისეთები, როგორიც ეკადრებოდა ნამდვილ „ვარსკვლავურ გუნდს“… ყველა ერთად და სათითაოდ იყო დიდი სპორტსმენიც და ღირსეული ადამიანიც.

 

მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი ვიტალი დარასელია, რომელიც გამოირჩეოდა საოცარი თავმდაბლობით, ზრდილობითა და კეთილშობილებით… მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს ურიგო მომსახურება ეკუთვნოდათ, არც ერთხელ არ წასულა ურიგოდ და დედაჩემს და მე რომ დაგვინახავდა, თავისზე წინ გვიშვებდა… პატარა დეტალია, მაგრამ… მთავარი...

 

დისპანსერში მკურნალობას მოვრჩი და… სწორედ ამ წელს, 13 მაისს „დინამომ“ თასების თასი მოიგო! ასე რომ, აი, ასეთი პატარა და შორეული თილისმა ვიყავი ჩვენი „დინამოსთვის“…

 

ისინი, რა თქმა უნდა, ამას ვერც ხვდებოდნენ, მაგრამ მაინც გადამიხადეს თავისებურად მადლობა…

 

უნივერსიტეტში, მათემატიკურზე სწავლის დროს გადამეკიდა ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც არაფრით არ მიწერდა ჩათვლას და ვოვა გუცაევის და ვიტალი დარასელიას პირადი ჩარევა რომ არა, შემდეგ კურსზე, ხუთოსნობის მიუხედავად, არავინ გადამიყვანდა…

 

ბოლოს კი, რომ არ იფიქროთ, რომ ფეხბურთში საერთოდ ვერ ვერკვევი, შეგახსენებთ, რომ 13 მაისის მატჩი ჩატარდა დიუსელდორფში, რაინშტადიონზე. მსაჯი იყო იტალიელი რიკარდო ლატანცი. ჩვენი მხრიდან გოლები გაიტანეს ვლადიმერ გუცაევმა (67-ე წუთზე) და ვიტალი დარასელიამ (87-ე წუთზე)…

 

ისიც ვიცი და მჯერა, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ბევრ გამარჯვებას მიაღწევს… ჩვენ გვაქვს უდიდესი საფეხბურთო ტრადიციები - მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, დიდი ბორის პაიჭაძე… სხვათა შორის ისიც ვიცი, რომ შოსტაკოვიჩი, ყველა საქმეს გადადებდა და ბორის პაიჭაძის თამაშის საყურებლად მიდიოდა ხოლმე, რომელსაც „ფეხბურთის კარუზოს“ ეძახდა…

 

კი გავიმარჯვებთ, მაგრამ ერთ რამეს ვეტყვი ჩვენს ფეხბურთის გულშემატკივრებს და არ ეწყინოთ...

 

გუნდი რომ ძლიერი და წარმატებული იყოს, გულშემატკივრებიც განსაკუთრებული სჭირდება...

 

რომლებიც  ხელს კი არ ჩაიქნევენ მის წაგებაზე, არამედ ბოლომდე გვერდში ამოუდგებიან... მაშინაც, როცა იგებს და მითუმეტეს მაშინ, როცა წარმატებას ვერ აღწევს...

 

ჩემი აზრით, გულშემატკივრობა - მეგობრობასავით არის...

 

სიტყვა გული რადგან ურევია...

 

ერთხელ მარადონამ თქვა  -

 

„ფეხბურთის გულშემატკივრები - ეს დიდი ფეხბურთია!

 

ფანატები კი - „მეორე ფეხბურთი“...

 

იცით, მე კიდევ რატომ მიყვარს ის 13 მაისი?

 

ყველა ერთად ვიყავით.. ერთ გუნდში და აი, ასეთი ერთობის შეგრძნება ძალიან მაკლია... მარტო მე კი არა, მარტო თქვენ კი არა,  მარტო თბილისის „დინამოს“ კი არა... მთელ საქართველოს...

 

იმ გემრიელად გათენებულ ღამეს თბილისში არცერთი წვრილმანი ხულიგნობა და ქურდობა არ მომხდარა....

 

სრულიად ცხადია, რომ სანამ ჩვენ არ შევიკვრებით ერთ გუნდად, ვერ გავიმარჯვებთ.

 

ხომ გახსოვთ სულხან-საბა ორბელიანის „ძალა ერთობისა“?

 

„თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა“...

 

მართლა ტყუილად ხომ არ წერდა ეს დიდებული კაცი ამ სიტყვებს?

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ  და გამარჯვებულ დღეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner